18.12.2015
სულ 2 წუთი დამჭირდა, რომ შევსულიყავი ერთ-ერთ ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია აირჩიოს კონკრეტული დრო, საიდანაც უკუთვლა დაიწყება. სასურველ დროდ ავირჩიე 18 დეკემბრის 14 საათი, სათაურად დავაწერე Georgia’s EU visa progress report და ფეისბუკზე მეგობრებს გავუზიარე. რამდენიმე მეგობარმა ლინკი თავის კედელზეც გააზიარა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს უწყინარი ქმედება რამდენიმე მედიასაშუალებას შეცდომაში შეიყვანდა, რადგან ასეთი წინასწარგანზრახვა არც მქონია. მსგავსი რამ ადრეც, სხვა მოვლენის აღსანიშნად არაერთხელ გამიკეთებია.
ცოტა ხანში, სააგენტო პირველმა გამოაქვეყნა ნიუსი სათაურით „ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წამზომი ჩართო“, ნიუსში ეწერა, რომ ეს ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ხდებოდა.
დაახლოებით ერთ საათში სააგენტო „პირველმა“ მცდარი ახალი ამბავი საიტიდან მოხსნა. ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილებას არც ვაპირებდი, შეცდომა ვის არ მოსვლია, მათ შორის მეც, ამის გარეშე ჟურნალისტური საქმიანობა არ არსებობს.
ცოტა ვიცინე, გავმხიარულდი და ამ ამბის დავიწყებას ვაპირებდი, როცა მეგობარმა ინბოქსში ტელეკომპანია GDS-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ატვირთული ვიდეო გამომიგზავნა, რომელიც ამავე ტელეკომპანიის ეთერში გავიდა.
GDS-ის შუადღის გადაცემაში უცებ ჩაირთო ევოკავშირის ჰიმნი, გამოჩნდა ჩემ მიერ გაკეთებული ტაიმერი და ყველა წამყვანმა ერთდოულად დაიწყო უკუთვლა ისტორიული მომენტის აღსანიშნად.
„დათვლა დაიწყო ახალი ეპოქის“
„მე მგონი, საუკეთესო დასასრულია ჩვენი დღევანდელი გადაცემის“
„არაჩვეულებრივი საახალწლო საჩუქარია ევროკავშირისგან“ - ასეთი ფრაზებით აღნიშნეს წამყვანებმა ევროკავშიირს მიერ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის „შემოღება“.
საბოლოოდ, მოხდა ის, რაც ბოლო დღეებში არაერთხელ გავიგეთ: ტექნიკური მიზეზის გამო ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნება რამდენიმე საათით გადაიდო. დროის უკუთვლის ხელახლა დაწყებას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე.
ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ სწრაფად აიტაცა ფოტო, რომელიც სტეფანწმინდაში იყო გადაღებული. ფოტოზე ახალგაზრდა ბიჭია ასახული, რომელიც ნაგვის ურნაში ნაგვით სავსე ორ დიდ ტომარას აგდებს. ფოტოს დაურთეს აღწერა, რომ გერგეტის სამებიდან ნორვეგიელმა ტურისტმა ნაგავი ჩამოზიდა. სოციალურ ქსელში მოქალაქეები ერთმანეთს ანამუსებდნენ, როგორ ვანაგვიანებთ ქართველები ბუნებას და „გადამთიელები“ როგორ ზრუნავენ საქართველოს ეკოლოგიაზე. სინამდვილეში, ეს ფოტო არც ახალია და მასზე არც ნორვეგიული სტუდენტია აღბეჭდილი. ფოტო ქართველ სტუდენტ ოთო კობახიძეს ეკუთვნის, რომელმაც გერგეტის სამებიდან ნაგავი ნამდვილად ჩამოიტანა.
ქართული საინფორმაციო სააგენტოებისთვის მსუყე ლუკმა აღმოჩნდა ძველი საბურავებისგან აწყობილი ნაძვის ხის ფოტოც, რომელიც სოციალურ ქსელშიც ვირუსივით გავრცელდა. ფოტოზე გაკეთებული მინაწერი ამტკიცებდა, რომ ის ავტომობილის ხელოსნებმა ელიავას ბაზრობაზე, თბილისში ააწყვეს. სინამდვილეში, ეს ფოტო ჯერ კიდევ 3 წლის წინ რუსულ და ჩინურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა და თუ იქაურ მინაწერებს დავუჯერებთ, ის რუსეთის შორეულ აღმოსავლეთშია გადაღებული.
ეს ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რატომ უნდა იყვნენ ჟურნალისტები ყურადღებით, რატომ უნდა გადაამოწმონ ყველა ინფორმაცია რამდენიმე განსხვავებულ წყაროსთან, რათა მკითხველი და მაყურებელი არ შეიყვანონ შეცდომაში და ყველაზე მთავარი: საკუთარი მედიასაშუალების სანდოობა არ დააყენონ ეჭვქვეშ.
პ.ს. ევროკომიისის დასკვნა დღეს, 18 დეკემბერს მაინც გამოქვეყნდა, ოღონდ რამდენიმესაათიანი დაგვიანებით. ევროკომისამ დაასკვნა, რომ საქართველო აკმაყოფილებს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში დადგენილ ყველა კრიტერიუმს და ის იმსახურებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში მოგზაურობას უვიზოდ რამდენიმე თვეში შეძლებენ.