25.01.2016
როცა პირველად გაბრიელე კეპის ისტორიის და მისი წიგნის შესახებ შევიტყვე, სახელწოდებით ,,ჯანდაბა, რად ვიყავი გოგონა” ( ჩემეული თარგმანია, სიზუტეზე ნუ შემომედავებით, ორიგინალში Gabriele Köpp-ის წიგნს "Warum war ich bloss ein Mädchen?"ქვია ) მაშინაც დავფიქრდი, როგორი იქნებოდა 1945 წელს ბერლინში ჩარჩენილი ასობით გერმანელი ქალის ბედი, რომლებიც გააუპატიურეს. ჩავთვალე, რომ მათი ხმა არ იქნებოდა ჩახშული, რომ ისინი თავს მეტად დაცულად იგრძნობდნენ. არც ბერლინელ 15 წლის გაბრიელეს (მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა საბჭოთა ჯარისკაცებმა ის 1945 წელს ერთ დღეში 4-ჯერ გააუპატიურეს) დასჭირდებოდა 65 წელი ამ ტრაგიკული ამბის პირველად მოსაყოლად.
სულ ტყუილად ჩავთვალე...
2016 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე გერმანიის რამდენიმე ქალაქში (უმეტესად კელნში, ტაძართან, ცენტრალურ მოედანზე) ასობით მამაკაცმა ათობით ქალზე იძალადა, მათგან რამდენიმე გააუპატიურეს (დაზარალებულთა რაოდენობამ, ბოლო ცნობებით, 140-ს გადააჭარბა).
ოთხი დღე დასჭირდა დაზარალებულების ხმების გერმანულ და ზოგადად ევროპულ მეინსტრიმ მედიამდე მიწვდენას, მანამდე, ისიც კანტიკუნტად, ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება დაზარალებულებმა სოციალური ქსელების მეშვეობით შეძლეს. 6 იანვრამდე მომხდარზე არაფერი თქვა გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ZDF-მა ამის გამო მალევე ბოდიში მოიხადა, განმარტა, რომ თემაზე მეტი ინტერვიუს აღებას და წყაროების დამატებას დაელოდნენ.
ZDF -ის უმოქმედობის შედეგად ლამის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაზე ამიცრუვდა გული. ამან იმაზე მეტადაც კი იმოქმედა, ვიდრე პოლონეთში ახლახან მიღებულმა კანონმა, რომელზეც დღეს ZDF -იც, სხვა ევროპული მედიებივით, კრიტიკულ სიუჟეტებს ამზადებს.
თუმცა ჩემი იმედგაცრუება რა მოსატანია მედიით უკიდურესი უკმაყოფილების განცდასთან,
რასაც გერმანიაში საზოგადოების ნაწილი დღემდე არაერთ მსჯელობასა და დისკუსიაში გამოხატავს. ასე მაგალითად აქ ღიად მსჯელობენ ცენზურაზე ევროპულ მედიაში (რაც კონსტიტუციით, რა გასაკვირია, რომ გერმანიაშიც აკრძალულია). დაზარალებულები და ექსპერტები, რომლებიც მედიებს აკვირდებოდნენ, ჩიოდნენ და სწუხდნენ, რომ მედიას ფაქტობრივად აკრძალული ჰქონდა მიგრანტების დასახელება ძალადობაში ეჭვმიტანილებადაც კი, ამგვარ ეჭვსა და ვარაუდს ხომ დაზარალებულთა უმრავლესობა გამოთქვამდა და გამოთქვამს.
ევროპული, განსაკუთრებით, გერმანული მედია, თითქოს დღემდე ერიდება მომხდარზე მსჯელობას, როგორც დაგეგმილ, ორგანიზებულ ქმედებაზე - საშინელი ფორმის ტერაქტზე, რასაც იმაზე გაცილებით ნაკლები პროტესტით გამოეხმაურა ევროპული საზოგადოება, ვიდრე ტერორისტების შეტევას პარიზზე.
ტერორისტთა მიზანი, ცხადია, მომხდარის იმგვარად გაშუქებაა, რომ საზოგადოების რაც შეიძლება დიდმა ნაწილმა გაიგოს, დაფრთხეს, შეშინდეს. ამ საშინელი ,,საახალწლო ძალადობის” მიზანი კი ამასთან ერთად, სავარაუდოდ, ანტიმიგრანტული განწყობების შექმნაც იყო (მით უფრო იმ ქვეყანაში, რომელმაც 2015 წელს მილიონზე მეტი არალეგალი მიგრანტი შეიფარა). ლოგიკურია, რომ ეს ხელისუფლებას უსახავს ამოცანას - არ გავრცელდეს ინფორმაცია, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს უკვე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობას. ინფორმაცია, რომელიც შეასრულებს მოძალადეთა მიზნებს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ იუწყებოდა კელნის პოლიციის 1 იანვრის პრესრელიზი, რომ ახალი წლის ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა.
მაგრამ როგორია ამ პირობებში მედიის ამოცანა?
როგორ მოხდა, რომ გერმანული მეინსტრიმ მედია პრესრელიზს, ანუ ტყუილს დასჯერდა? სიმართლის თქმას - დუმილი არჩია? როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მომხდარზე სხვა ქვეყნის გავლენიან მედიებს რომ არ მოეთხროთ? რამდენ ხანს გასტანდა ეს დუმილი?
როგორი იქნებოდა სოციალური მედიის რეაქცია, google, Twitter და facebook -ი გერმანიის მთავრობის მიმართვას - 24 საათის განმავლობაში ქსელიდან წაეშალათ ყველა ის პოსტი, რომელიც მიგრანტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას უწყობდა ხელს- ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე რომ არ დასთანხმებობდნენ? ამ შეზღუდვის გარეშე რამდენად ექნებოდა მეტი გასაქანი დაზარალებულთა ხმებს სოციალურ ქსელში მაინც?
როგორ შეიძლება გადაეზარდოს მედიას თვითრეგულირება (პრინციპით - ეჭვმიტანილთა ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმის დაუშვებლობა, როცა ეს არსებით გარემოებას არ წარმოადგენს) თვითცენზურაში (შედეგით - ფაქტის არგაშუქება მაშინ, როცა ეჭვმიტანილთა წარმომავლობა დანაშაულის არსებითი ნაწილი შესაძლოა იყოს)?
ეს ის კითხვებია, რომელზეც დროულად უნდა ვიმსჯელოთ, დავფიქრდეთ, რომ გაბრიელე კეპის მსგავსად დაზარალებულებს არ მოუწიოთ თქმა -ჯანდაბა, რად ვიყავი გოგონა?
რომ ჩვენც არ მოგვიწიოს ვთქვათ - ჯანდაბა, რად ვიყავი ჟურნალისტი?