მე-12 სართული
02.02.2016
მთავრობის სხდომა კანცელარიაში მე-12 სართულზე იმართება. იმ დარბაზში ერთი კარიდან შედიან და გამოდიან მინისტრები. ამ კართანვეა ერთ მხარეს ლიფტი და მეორე მხარეს ჩასასვლელი კიბე. ჰოდა, რა გასაკვირია ჟურნალისტებიც მე-12 სართულის ამ რამდენიმე კვადრატულ მეტრში წლების განმავლობაში მოთმინებით რომ იცდიდნენ საათობით. ერთადერთი ადგილი იყო, სადაც აუცილებლად გამოივლიდა მინისტრი. კომენტარის გაკეთება თუ არ უნდოდა, ლიფტის კართან მაინც დააწევდი კითხვას, იმას მაინც აჩვენებდი/დაწერდი როგორ არ გპასუხობს, რა რეაქცია ჰქონდა.

გახსოვთ ალბათ ჭყლეტვაში ლიფტის ფონზე ჩაწერილი მინისტრები, იმავე ლიფტის კარში მოყოლილი მიკროფონები, კიბეზე ჩამავალ მინისტრს გამოკიდებული ჟურნალისტები და შუაში ჩამდგარი დაცვა.

მე-12 სართული ჟურნალისტებისთვის დაიხურა. 2016 წლის იანვრიდან ახალი წესი ამოქმედდა - ჟურნალისტები მედიაცენტრში ჩაიყვანეს, კომფორტულ პირობებში. იატაკზე ჯდომა აღარ უხდებათ, ყავაც არის და კომპიუტერიც, მინისტრის კომენტარი მხოლოდ სურვილისამებრ - როცა თავად მინისტრი გადაწყვეტს, მაშინ ჩავა ჟურნალისტებთან, შეთანხმებულ საკითხზე ისაუბრებს, კადრიც შეიძლება უკეთესი იყოს, სამაგიეროდ აი, ის მინისტრი აღარ ჩამოვა აი, იმ საკითხზე, რის გამოც მიკროფონის ლიფტში გაჭედვა და კიბეებზე დაცვასთან ჭიდილი გჭირდებოდა. მთავრობის პრესსამსახურმა თქვა, მთავრობის სხდომა დახურულია ისედაც და ახალი წესით არაფერი იცვლებაო. არდა, იცვლება - ახლა შენს მასალაში იმასაც ვეღარ იტყვი, კითხვაზე რომ არ გიპასუხა, არც კი დაგისვამს, რანაირად უნდა თქვა. დახურულ შეხვედრაზე დასწრებას არავინ ითხოვს.

პრესსამსახურებს ჩვეულებად ექცათ კომენტარის თხოვნისას „წერილობით მოგვმართე“ პასუხი. მინისტრისთვის კითხვის წერილობით მიმართვა და მისი ლოდინი კი დაახლოებით ისეთია - პასუხი გქონდეს და პასუხი არ იყოს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თუ არ უნდა საერთოდ არ გიპასუხებს, ან თუ გიპასუხებს არაფრის მთქმლი შეიძლება იყოს და დაზუსტების საშუალება აღარ გქონდეს, მერე მეორეც, როდის გიპასუხებს კაცმა არ იცის, შენ კიდევ მედია ხარ, მკვლევარი კი არა და მეორე დღეს შენთვის თემა კვდება.

არსებობს ასეთი სიტყვა - ანგარიშვალდებულება, რაც ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარებას გულისხმობს. არა ყოველწლიურს პარლამენტში, რიგითი მოქალაქე რომ ვერასდროს ხვდება, რას განიხილავენ, არამედ მყისიერად, ყველა იმ საკითხზე, რაზეც კითხვები ჩნდება. საზოგადოების ამ კითხვებს კი ჟურნალისტები სვამენ. რა მნიშვნელობა აქვს მე-12 თუ მესამე სართულზე. იარონ მაშინ მინისტრებმა მესამე სართულზე მედიაცენტრის გავლით და პრესსამსახურის არაფრისმთქმელი კადრების ამარა ნუ დატოვებენ ჟურნალისტებს. ალბათ, ეჭვი არავის ეპარება, რომ მესამე სართულზე ჟურნალისტების ჩაყვანის მთავარი მიზანი მინისტრების უხერხული მდგომარეობის თავიდან აცილებაა. აბა ვის სიამოვნებს არასასურველ თემაზე კითხვის დასმა, ან იმის ყურება როგორ გარბის კადრიდან.

მთავრობის პრესსამსახურმა ისიც თქვა, რომ მედიას არ ეკრძალება მე-12 სართულზე ასვლა. მათ გადაადგილებას მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ხელს არავინ უშლის, უბრალოდ ინტერვიუს ვერ ჩაწერს. იმ სართულზე ლიფტის ნოსტალგია არამგონია ვინმეს ჰქონდეს და მესამესა და მე-12-ს შორის უსაქმოდ “გადაადგილება” უნდოდეს. მედიის საქმიანობის ხელის შეშლა მიანცდამაინც თავში ჩარტყმას არ ნიშნავს. ხელის შეშლაა კითხვის დასმის საშუალებასაც რომ არ გაძლევენ. თუ მას პასუხის მიღების საშუალება არ ექნება, იძულებულია პრესსამსახურის მიერ გადაღებული კადრები არჩვენოს. ყველა არხზე ერთნაირი კადრები უკვე გვინახავს, პრინციპში.

P.S. იტალიელი დინო ბუცატის მოთხრობა “შვიდი სართული” რამ გამახსენა. იქ მეშვიდედან პირველზე ჩასვლა სიკვდილს უდრის.

ბლოგის ავტორი : ნატა ძველიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ