19.02.2016
პოპ-კულტურა მნიშვნელოვანია, რადგან მისი იდეოლოგიური ზემოქმედების საშუალებები მძლავრია. აი, ამ იდეოლოგიური მესიჯების გამტარი კი სწორედ მედიაა. მედიის გარეშეც არსებობდა და იარსებებს პოპ-კულტურა, მაგრამ მისი მთავარი ღირსება სწორედ ისაა, რომ მას ყველა ნოვაციასთან ადვილად შეუძლია ადაპტირება და მედიაში ასე დიდი დოზით მასობრივი კულტურის შეღწევაც ამ ადაპტაციის უნარს უკავშირდება.
პოპ-კულტურას გვერდს ვერ უვლიან დასავლური მედიასაშუალებები, მაგრამ მათი უმეტესობა მასობრივი კულტურის ხარისხიანი პროდუქტის საზოგადოებისთვის მიწოდებას, მეტ-ნაკლებად, წარმატებით ახერხებს. ჩვენთან კი „ხარისხის ფილტრი“, ფაქტობრივად, არ მუშაობს.
პოპ-კულტურის ყველაზე მდარე პროდუქცია ქართული მედიის მოხმარების საგანია, ამ მხრივ მართლაც ვერაფერი შეედრება სატელევიზიო მედიას, რომელსაც მასობრივი მომხარებელი ჰყავს და თავის პროდუქციას დიდი წარმატებითაც ყიდის. ზოგადადაც ხომ პოპ-კულტურა კომერციულ მოგებაზე გათვლილი კულტურაა და ასეთი ინტერესისთვის ტელევიზიებს ვერ დავძრახავთ, თუმცა სწორედ ამიტომაც, საყურადღებოა იმ პოპ-კულტურის პროდუქციის თვისებრიობაზე დაკვირვება, ასე მონდომებით რომ სთავაზობს ქართული ტელემედია მაყურებელს.
ამგვარად, პოპ-კულტურა გართობასა და მოგებაზეა ორიენტირებული, ხოლო ტელესივრცის ყველაზე პოპულარული პროდუქტი სხვადასხვა ტიპის საპნის ოპერები და სერიალებია. წლებია, ქართული სამაუწყებლო მედია პროგრამულ ბადეს სერიალების საშუალებით ავსებს. ასე მაგალითად, „რუსთავი 2“ სამუშაო დღეებში, დილის ექვსიდან ღამის თორმეტ საათამდე, ეთერში შვიდ სერიალს უშვებს (ძირითადად, ინდურ, თურქულ და ერთ ამერიკულ სატელევიზიო ფილმს). „იმედი“ - რვას, აქაც პროდუქციის წარმომავლობა იდენტურია. „მაესტრო“ კი ექვსი სერიალით შემოიფარგლება და გამორჩეული იმითაა, რომ თურქულთან ერთად, მაყურებელს რუსულ საპნის ოპერებსაც სთავაზობს.
რა მხატვრული ღირებულებისაა ქართული ტელესივრცის მიერ შემოთავაზებული სერიალები? სამწუხაროდ, ქართული მედია თავს არ იწუხებს საპნის ოპერების ხარისხის განსაზღვრით. შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, მაუწყებლები უპირატესობას ანიჭებენ იმ სერიალებს, რომელთა შეძენაც იაფი უჯდებათ. ფაქტი ერთია, მაყურებელი ამ სერიალებს ჰყავს და მარტო ტელევიზიათა მესვეურების დადანაშაულება იმაში, რომ ასეთი პროდუქცია ნაციონალურ მაუწყებლების მეშვეობით გადაიცემა, არასწორი გვგონია.
სამხრეთ ამერიკული საპნის ოპერები, რომლებიც ასე პოპულარული იყო წლების წინ, დღეს ინდურმა და თურქულმა სერიალებმა ჩაანაცვლა. ინდური სერიალების პრიმიტიული სიუჟეტები: რძალ-დედამთილიანი, ყავლგასული, სტერეოტიპული დაპირისპირებანი, ყველაზე ბანალური ოჯახური პრობლემები (ისე მართლაც დიდი მოთმინებით უნდა აღიჭურვო, შენელებულ, უაზროდ გაჭიმულ კადრებს და ,,სასოებით მზირალ თვალებს“ რომ გაუძლო) და სერიათა რაოდენობაც, მათ დაბალ ღირებულებაზე მიუთითებს. არც თურქული და რუსული საპნის ოპერები გამოირჩევა იდეური და მხატვრული ღირებულებით. ერთადერთი გამონაკლისი, ქართულ ტელესივრცეში, სერიალების ხარისხის თვალსაზრისით, საზოგადოებრივი მაუწყებელი და „GDS-ია“. საზოგადოებრივი მაუწყებელი წლებია, უპირატესობას ანიჭებს იტალიურ სერიალებს, რომლებიც თურქულ და ინდურ პროდუქციაზე ღირებულია და შიგადაშიგ, ამერიკული და ბრიტანული მაღალი ხარისხის სატელევიზიო ფილმებსაც სთავაზობს მაყურებელს. მაგალითად, „დაუნტონის სააბატო“, „ქესლი“. რაც შეეხება „GDS-ს“, აქაც, სხვა ნაციონალური მაუწყებლებისგან განსხვავებით, ძირითადად, ამერიკული სერიალები მიეწოდება აუდიტორიას(„სამეფო კარის თამაშები“(HBO), „ამერიკული საშინელებათა ისტორია“(FX), „ნამდვილი დეტექტივი“(HBO), მართალია, ჩამოთვლილი სერიალები თანაბარი ხარისხის არაა, მაგრამ მათი ყურება, განსხვავებით ინდური სერიალებისგან, შესაძლებელია შინაარსის, ჟანრობრივი მრავალფეროვნებისა და მხატვრული ღირებულების გამო.
რაც შეეხება ქართულ ნაწარმს, მედია ორი ტიპის პროდუქციას გვთავაზობს- დრამასა და კომედიური ჟანრის სერიალებს. „ჩემი ცოლის დაქალები“ წლებია, პოპულარულობით სარგებლობს და ჩვეულებრივ, აქტუალურ თემებზე ამახვილებს ყურადღებას, იგი ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქციაა, რაც ჩვენს ტელესივრცეში იქმნება. მაგრამ სერიალი, რომელიც სტერეოტიპების დანგრევას ისახავს მიზნად, ხშირად თვითონვე ქმნის სტერეოტიპულ სახეებს, მაგალითად, პროვინციელი პერსონაჟები საკმაოდ არაესთეტიკურად და სასაცილოდ, დაკნინებულად არიან წარმოჩენილნი.
სერიალები „ქერჩი-დაკარგული გმირები“, „ტიფლისი“, მიუხედავად მათი მაღალი ვიზუალური მხარისა, მხატვრული თვალსაზრისით არ გამოირჩევა. სერიალ „პარადოქსის“ გადაღების იდეა კი საერთოდ რატომ გაუჩნდათ - გაუგებარია, იმდენად აცდენილია ქართულ რეალობას. რაც შეეხება იუმორისტულ სერიალებს, აქ საქმე მეტად რთულადაა. წლებია, ქართული ტელემედია შეუპოვრად ცდილობს კომედიური სატელევიზიო ფილმების შექმნას. ეს ხან გამოსდის, ხან კი მცდელობა მცდელობადვე რჩება.
წლების წინ, „შუა ქალაქის“ ფურორი წესით, ერთგვარი სტიმული უნდა ყოფილიყო ტელევიზიებისთვის. თუმცა დღეს ქართულ ტელესივრცეში თითო-ოროლა კომედიური ჟანრის სერიალი თუ გადის: „GDS-ზე“„ცოლები და ქმრები“, „მზარეულები“ - რომლებიც დიდი კრეატიულობით არ გამოირჩევა და „იმედზე“ „შუა ქალაქი 10 წლის შემდეგ“, რომელმაც, სამწუხაროდ, თავდაპირველი წარმატების გამეორება ვეღარ შეძლო.
ქართული მედია გვთავაზობს პოპ-კულტურის ისეთ სახეებს, როგორებიცაა მუსიკალური შოუები. მსოფლიოში პოპულარული პროექტები „იქს ფაქტორი“ და „ვოისი“ კომერციულად მომგებიანია საქართველოშიც, მაგრამ ჩვენთან მედია ამ შოუებს, გარდა კომერციული ინტერესებისა, მაყურებლის გემოვნების განმსაზღვრელ საშუალებადაც იყენებს. გარდა იმისა, რომ მსგავსი შოუების რეპერტუარი, ფაქტობრივად, არ იცვლება, კონკურსების ჟიურიში ვხედავთ პერსონებს, რომლებსაც მუსიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, ან ისეთ „პოპულარულ“ შემსრულებლებს, რომელთა მუსიკალური „პროდუქცია“, უბრალოდ, კრიტიკასაც ვერ უძლებს.
ასევე ძალზე საინტერესოა მსგავს შოუებში „ახალი კულტურული ტრადიციების“ შემოტანის მცდელობაც. რატომღაც ჯაზი, სტერეოტიპულად, ერთადერთ მაღალ აკუსტიკურ ჟანრობრივ კატეგორიად მიიჩნევა. ქართული „ვოისის“ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ნუცა შანშიაშვილი კი, თავისი აზრით, ამ მაღალი აკუსტიკური ტრადიციის დამკვიდრებას ცდილობს საქართველოში - როდის აქეთ გახდა შესაძლებელი მასობრივი მუსიკალური ტელეშოუებიდან მაღალი აკუსტიკური პროდუქციის პროპაგანდა? მსგავს პრეცედენტებს ვერსად შეხვდებით. უცხოური შოუების დადებითი მხარე ისაა, რომ ჟიურიში იწვევენ პროფესიონალ მუსიკოსებსა და პროდიუსერებს, რომლებიც შეიძლება აკუსტიკური თვალსაზრისით განსაკუთრებულ და ღირებულ მუსიკას არ ქმნიან, მაგრამ პროდუქტიულობითა და მუსიკალური ხედვის მრავალფეროვნებით ნამდვილად გამოირჩევიან.
ქართული მედია მრავლად შეიცავს დისკრიმინაციის ელემენტებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ, ასევე მედიაში ხშირია სექსიზმის შემთხვევები. ამ ყველაფერს კი ნათლად ვხედავთ პოპ-კულტურის ისეთ გამოვლინებებში, როგორებიცაა მასობრივი შოუები, მაგალითად, „ნიჭიერი“, რომელიც ერთი შეხედვით, თითქოს, მსგავსი დისკრიმინაციის აღმოფხვრას ისახავს მიზნად, მაგრამ იმავდროულად, თვითონ ხდება სექსიზმისა და სხვადასხვა დისკრიმინაციის წამახალისებელი. ამ მხრივ საკმარისია, გავიხსენოთ 2015 წლის „ნიჭიერი“ და ჟიურის დამოკიდებულება სხავადასხვა მონაწილისადმი, თუნდაც, ჟანა წითლაურისა და მოცეკვავე ევა შიანოვასადმი.
წლებია კიჩშოუები, მაგალითად, „კომედიშოუ“, გარდა იმისა, რომ მდარე იუმორით ხასიათდება, ასევე მცდარი სტერეოტიპების დამამკვიდრებელიც ხდება. ეს გამოიხატება მაგალითად, „ლგბტ“ თემის წევრი პერსონაჟების სახეებში. ასევე „კომედიშოუ“ ხშირად ავრცელებს მასკულინური და სექსისტური დისკრიმინაციის შემცველ არაერთ სკეჩს, საზოგადოებაში მისაბაძ მაგალითად რომ იქცევა ხოლმე. სხვადასხვა პერსონაჟთა სპეციფიკური საუბრის სტილის, მანერის ან სხვადასხვა ფოკუსჯგუფისა და სუბკლუტურის წარმომადგენელთათვის დამახასიათებელი ფრაზების პოპულარობა მეტყველებს იმ ზეგავლენაზე, რომელსაც ასეთი შოუები ახდენს მაყურებელზე.
პოპ-კულტურას უეცარი ტრანსფორმაციები ახასიათებს და მისი ეს თავისებურება ქართულ მედიასივრცეშიც შევნიშნეთ, როდესაც ტოკ-შოუ „პროფილი“, რომელიც წლების განმავლობაში ეთიკურ სტანდარტს არც თუ სამაგალითოდ იცავდა, დღეს უკვე სოციუმში არსებული მძიმე კულტურული და სოციალური თემების მოსარჩლედ მოგვევლინა. სამწუხაროდ, მასობრივი კულტურის მსგავსი პროდუქციის ტრანსფორმაცია იშვიათად თუ სრულდება წარმატებით. ასე მოხდა ამჯერადაც. დღემდე გადაცემა „პროფილი“ ვერ ელევა მასობრივი აუდიტორიისთვის გათვლილ „სპეცეფექტებს“, თემების ხელოვნურად დრამატიზებას, მუსიკითა და გამოსახულებით მანიპულაციას. გადაცემა გამოირჩევა არა პრობლემებზე ორიენტირებული დისკუსიით, არამედ კვლავ შოუს დადგმითა და სენსაციების შექმნითაა დაკავებული.
საერთოდ, სკანდალებსა და ბულვარულ თემებზე აგებული შოუები მასობრივი კულტურის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა. დღეს, სამწუხაროდ, ქართულ მედიასივრცეში ამ გამოვლინების არაერთ სახეს ვხვდებით, მათ შორის ერთ-ერთი ,,მძიმე“ შემთხვევაა „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძეთან ერთად“, გადაცემა, რომელიც არანაირ სტანდარტში არ ჯდება, შოუ, რომელიც ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფის დისკრიმინაციის პროპაგანდისტია. ალბათ, ქართულ მედიასივრცეში პოპ-კულტურის ყველაზე მდარე, არაფრისმთქმელი მაგალითი სწორედ „სხვა რაკურსია“, რომელიც დაწყებული თემატიკით, დამთავრებული სტუმრებით, ყველაზე მეტად პოპ-კულტურის, როგორც დაბალი ხარისხისა და ღირებულებების მქონე კულტურის, გამავრცელებლის სახელის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
პოპ-კულტურა ადვილად აქცევს ადამიანს ცნობილ სახედ, ეს თვისება ქართულ მედიაში ყველაზე მძლავრად იგრძნობა. გამოჩნდება თუ არა რაიმე ნიშნით არაორდინალური ადამიანი, ჯერ ინტერნეტსივრცის „ვარსკვლავი“ ხდება, მალევე კი სხვადასხვა შოუს სასურველ სტუმრად იქცევა ხოლმე და ასე იქმნება ე.წ. ვირტუალური ცნობადობა.
ერთი და იგივე სტუმრები - ეს კიდევ ერთი მახასიათებელია, რომელიც ქართულ ტელეარხებზე შეიმჩნევა. ისეთ შოუებში, როგორიცაა „ვანოს შოუ“, „ნანუკას შოუ“, „ილო ბეროშვილის შოუ“, „ბინა 18“, ხშირად სრულიად განსხვავებულ თემებზე მოსაუბრე ერთსა და იმავე რესპონდენტებს ვუსმენთ. მაგალითად, მამა პეტრე კვარაცხელია ქართულ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებით დაწყებული, პოზიტივზე მიძღვნილი გადაცემებით დამთავრებული, ტელეეთერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტუმარია.
როცა პოპ-კულტურის ყველაზე მდარე პროდუქციაზე ვსაუბრობთ, უპირველესად გვახსენდება ისეთი თემატური არხები, როგორებიცაა „კომედი არხი“ და „მარაო“, სადაც სიტყვები- ხარისხი,შინაარსი - გაუფერულებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ტელესივრცე პოპ-კულტურის მდარე პროდუქციითა შევსებული, მაინც მოიძებნება გადაცემები, რომელთა ავტორებიც ცდილობენ, ხარისხსა და გემოვნებაზეც იზრუნონ. ამ მხრივ გამოირჩევა საზოგადოებრივი მაუწყებელი. კერძოდ კი გადაცემები „კომუნიკატორი“ და „ტრანსმისია“ - რომლებიც ერთგვარ კულტურულ ექსპერიმენტს გვთავაზობს. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახლახან გამოჩნდა ორიგინალური ქართული ტელეთამაში „წიგნების თარო“, რომელიც ასევე საინტერესოდ აზავებს საგანმანათლებო მიზნებს პოპ-კულტურის ელემენტებით, ასევე აღსანიშნავია რუსთავი-2-ის“ ეთერში კარგა ხნის დამკვიდრებული გადაცემა: „რა? სად? როდის?“.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს ე.წ. მაღალი კულტურის პროპაგანდას გადაცემებით: „მუსიკოლოგი“ ან „უცნობი მუსიკა“, რომელიც ერთდროულად ანდეგრაუნდ და მეინსტრიმ აკუსტიკურ მუსიკაზე ამახვილებს ყურადღებას. მიუხედავად ასეთი მცდელობისა, საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ მხრივ მეტი მოეთხოვება, მან აუდიტორიას მეტი ხარისხიანი პოპ-კულტურის პროდუქცია უნდა შესთავაზოს. ამ ეტაპზე საზოგადოებრივი არხის პრობლემა ისაა, რომ იგი თავისი არც თუ ურიგო პროდუქციის კრეატიულად შეფუთვას და მაყურებლისთვის მიწოდებას ვერ ახერხებს.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ტელეარხებზე პოპ-კულტურას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, თუმცა როგორც სერიალები, ისე სხვადასხვა გასართობი, შემეცნებითი, კომედიური და მუსიკალური შოუების უმრავლესობა ხარისხით არ გამოირჩევა. სამწუხაროდ, მაყურებელს პოპ-კულტურის ყველაზე მდარე ტიპის პროდუქცია მიეწოდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გადაცემების რეიტინგულობიდან გამომდინარე, ეს შოუები წარმატებით „საღდება“. თუ რა არის ამის მიზეზი, ეს უკვე სხვა, ღრმა კვლევის საგანი უნდა გახდეს.
ფაქტია, რომ დღეისთვის ქართული ტელევიზიები წარმატებით ახერხებენ იდეურად სუსტი და შინაარსობრივად მწირი პოპ-კულტურის პროპაგანდას.
ბადრი კობიაშვილი, თსუ, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი