მე, “ანგელოზები” და რაინდი ვასაძე
22.02.2016
„სტუდია მონიტორი“ შარშან, დეკემბერში, 10 წლის გახდა. 100-ზე მეტი ჟურნალისტური გამოძიება, ბევრი პროფესიული ჯილდო და სანდო მედიის სახელი - ეს ამ წლების მონაგარის არასრული ჩამონათვალია.

როცა „მედიაჩეკერის“ რედაქტორმა მე,როგორც ერთ-ერთ მონიტორელს, საგამოძიებო ჟურნალისტიკის გამოწვევებზე ბლოგის დაწერა შემომთავაზა, ვიუარე. ვუპასუხე, 10-წლიანი საგამოძიებო პრაქტიკის მიუხედავად, ბლოგის წერაზე ხელები მებორკება-მეთქი.

თუმცა ბოლო დღეებში მომხდარმა ერთმა ამბავმა, რომელსაც პირობითად„მონიტორი და რაინდი“ შეიძლება დავარქვათ, ბლოგის დაწერა მაინც გადამაწყვეტინა.

უკვე რამდენიმე თვეა ,„სტუდია მონიტორი“ მუშაობის ახალ სტილზე გადავიდა. მონიტორის პირველ თაობას - ნინო ზურიაშვილს, ნანა ბიგანიშვილს, მაგდა მემანიშვილს და მე - ველზე გასვლა აგვეკრძალა, საკონსულტაციო კომპანიის რჩევით, ამიერიდან ინდივიდუალურ ჟურნალისტურ გამოძიებებს აღარ ვამზადებთ და რედაქტორების ფუნქცია დაგვეკისრა.

ჩვენ მონიტორის ახალი თაობის ჟურნალისტები გავინაწილეთ და თითოეულ პროდუქტზე მათთან ერთად ვმუშაობთ.ამ „შინაპატიმრობის“ შედეგი გამოძიებების რაოდენობის და ახალი თაობის პროფესიული ზრდა უნდა იყოს.

ჩემს ჯგუფში 2 ჟურნალისტი - ცქრიალა შერმადინი და სალომე ცეცხლაძე - არიან. სალომემ პირველივე დღეებში „ფეისბუქის“ საიდუმლო ჯგუფი „ჩარლის ანგელოზები“ შექმნა - სასაცილო ქავერის ფოტოს მიღმა სერიოზულ გამოძიებებს ვგეგმავთ.

ხშირად ნაადრევად პენსიაზე გასულივით ვწუწუნებ, ვამბობ, რომ სახლში 3 ბავშვის და 3 ძაღლის „წვრთნას“ სამსახურში 2 ჟურნალისტი დაემატა...ცხადია, ეს ხუმრობაა. ახლებური მუშაობა ჩემთვის ერთგვარი გამოცდა და ახალი გამოცდილებაა. თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ეს პროცესი დროებითია. სადღაც ერთ წელიწადში ახალი თაობა ძველს წამოეწევა და ჩვენ ისევ დავუბრუნდებით საველე გადაღებებს.

მონიტორის გამოწვევებზე მცირედი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ერთ მაგალითს მოგიყვებით - ახლებური სარედაქციო მოწყობის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ფილმი მე და ცქრიალა შერმადინმა მოვამზადეთ სახელწოდებით „აზბესტი- კიბოს გამომწვევი პროდუქცია საქართველოში“. მომწამლავი აზბესტის ბოჭკოს შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უწყებისთვის მომზადებულ ანგარიშში შემთხვევით ამოვიკითხე, სხვა თემას ვიკვლევდი, მაგრამ ჩანაწერმა- საქართველოში ათასობით ტონა აზბესტის პროდუქცია შემოდის, რომელიც ადამიანებს წამლავს და მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში აკრძალულიაო, დამაინტერესა. საძიებო სისტემა „გუგლში“ აზბესტის ქართულად დაძებნა თითქმის უშედეგო აღმოჩნდა. „გუგლი“ იუწყებოდა, რომ ჩვენთან აზბესტზე ბევრი არაფერია ცნობილი.

დავიწყეთ გამოძიება, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით გაგზავნილი ათამდე წერილით, ათეულობით რესპონდენტის ჩაწერით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გადაღებული კადრებით, 200 გვერდამდე მოცულობის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და კიბოს საერთაშორისო ასოციაციის კვლევების შესწავლით, ბოლო 15 წლის სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებით მე და ცქრიალამ 18 წუთიანი ვიდეოგამოძიება მოვამზადეთ. ამ გამოძიებიდან მაყურებლებმა შეიტყვეს, რომ აზბესტი მსოფლიოში მიჩნეულია კიბოს გამომწვევ კანცეროგენად, მისი გამოყენების აკრძალვა დაახლოებით 25 წლის წინ დაიწყეს და უკვე 50-მდე ქვეყანაშია აკრძალული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აზბესტის ზემოქმედებით მსოფლიოში ყოველწლიურად 107 ათასი ადამიანი იღუპება. საქართველოში კი ბოლო 10 წელში 85 000 ტონა აზბესტის შემცველი პროდუქცია შემოვიდა, ჩვენთან მისი რეალიზაცია აკრძალული არ არის და გამოიყენება გადახურვის მასალებში (შიფერი), წყლის მილებში, ავტომანქანის სამუხრუჭე ხუნდებში და ა.შ. ასევე, გვაქვს აზბესტის მოცულობითი მემკვიდრეობა. და ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს მთავრობას არ აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, როდის აკრძალავს აზბესტის შემოტანას და როგორ შეებრძოლება არსებულ მემკვიდრეობას.

როგორი იყო ამ გამოძიების გამოხმაურება - დაიწერა რამდენიმე სტატია, მომზადდა სიუჟეტი ქართული ტელევიზიის ეთერში, თუმცა, თუნდაც სოციალურ ქსელში, აზბესტის მავნებლობა ფართო განხილვის თემა არ გამხდარა. არც ერთი უწყების წარმომადგენელი არ გამოსულა და მოსახლეობის დასამშვიდებლად განცხადება არ გაუვრცელებია.

დაახლოებით 2800-მა ადამიანმა ნახა აზბესტზე მომზადებული ფილმი „იუთუბიზე“. მნახველთა მცირე რაოდენობა - სამწუხარო რეალობაა.

უკვე შევეჩვიეთ, რომ „იუთუბიზე“ დაახლოებით 1500 ნახვა აქვს მოსამართლე ლევან მურუსიძის შესახებ მომზადებულ გამოძიებას, სადაც სასამართლო ხელისუფლების 10-წლიანი პერიოდის სახე იყო ნაჩვენები, 575 ნახვა აქვს ქობულეთში ხანძრის შედეგად 3 ბავშვის დაღუპვის შესახებ მომზადებულ ფილმს, სადაც ნაჩვენები იყო, რომ საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების კონტროლი მოშლილია და რომელიმე მცირე ზომის სასტუმროში შეიძლება დაიძინო, მაგრამ ვეღარ გაიღვიძო. თუმცა არის სასიამოვნო გამონაკლისებიც, როცა მონიტორის ფილმის მნახველთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია და ზოგჯერ ასეულ ათასსაც კი გადააჭარბა.

ამ ციფრებზე ყურადღების გამახვილება მონიტორის ერთი ბოლო პროდუქტის მნახველების რაოდენობამ გადამაწყვეტინა - რაინდ ლევან ვასაძის დის კომპანია „სამოსელი პირველზე“ მომზადებული ერთმოქმედებიანი ნიუსი ლამის რეკორდსმენი გახდა - 13 ათასი ნახვა „ფეისბუქზე“, 150-მდე გაზიარება, უამრავი კომენტარი.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩემი ჯგუფის ჟურნალისტმა ცქრიალა შერმადინმა ეკა ხოფერიას ტოკ-შოუს უყურა (ალბათ, შემთხვევით) გაიგო, რომ ოპერა „აბესალომ და ეთერის“ მსახიობების კოსტიუმები „სამოსელი პირველმა“ შეკერა. ეს ამბავი სამსახურში მოყვა, შემდეგ გაგზავნა 1 წერილი ოპერაში, განახორციელა 1 ზარი და 1 დღეში მოამზადა ნიუსი, საიდანაც საზოგადოებამ შეიტყო, რომ ოპერის გახსნისთვის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 340 ათასი ლარი მსახიობების კოსტიუმების შესაკერად გამოყო, ამ თანხით ოპერამ კოსტიუმების შეკერვა ტენდერის გარეშე დაუკვეთა რაინდ ვასაძის დის კომპანიას. მორჩა, ამ ნიუსში არ ყოფილა საუბარი კანონის დარღვევაზე ან სახელმწიფო თანხების მითვისებაზე, ეს არ გამოგვიძიებია.

ამ ერთმოქმედებიან ნიუსს აქვს 13 ათასი ნახვა, მოჰყვა უამრავი ნიუსი სხვადასხვა მედიასაშუალებაში, თემა აიტაცეს, განმარტებები გააკეთა ოპერის წარმომადგენელმა, დაიწყო მსჯელობა და „ზუზუნი“ თემის ირგვლივ.

მონიტორში ერთმანეთს ვეკითხებოდით, რა ხდება, რა გავაკეთეთ ესოდენ ყურადღებამისაქცევი, ეს მაშინ, როცა გვქონია გამოძიებები, საიდანაც პატიოსანი პროკურორი საბრალდებო დასკვნას დაწერდა, რამდენიმე დანაშაულს გამოავლენდა და მომავალი დანაშაულების პრევენციას მოახდენდა, მაგრამ ის გამოძიებები არავის შეუმჩნევია, არც მედიას და არც მასში „გამოჭენებულ“ სუბიექტებს გაუვრცელებიათ განმარტებები.

რატომ? იქნებ ვრცელი ჟურნალისტური გამოძიებები აღარავის აინტერესებს? იქნებ სიღრმეში ჩასვლა აღარაა საჭირო? იქნებ ერთმოქმედებიანი მარტივი ამბებიღაა აქტუალური? იქნებ რაინდებზე წერაა მოდური? (ერთი, რაინდების სტატისტიკა უნდა მოვიძიო). იქნებ ლაიქების „მოხვეჭა“ (მონიტორში ამას სხვა სახელს ვეძახით, მაგრამ ცენზურის გათვალისწინებით აქ ვერ დავწერ) ყველ სხვა მოსახვეჭელს ჯობია?

ამ და სხვა „იქნებებზე“ და „რატომებზე“ პასუხების ძიებაშია უკვე რამდენიმე თვეა „სტუდია მონიტორი“. 10-წლიანი მუშაობის შემდეგ ახალ რელსებზე ვეწყობით, სიღრმისეულ გამოძიებებზე უარს არ ვიტყვით, თუმცა „რაინდულ ნიუსებსაც“ არ მოგაკლებთ. ალბათ, უკვე შეამჩნევდით, რომ მცირე მოცულობის ახალი ამბები სულ უფრო გახშირდა ჩვენს სოციალურ გვერდზე.

p.s. ადრეც უთხოვიათ ბლოგის დაწერა, მაგრამ ყოველთვის „რაინდულად“ ვამბობდი უარს. ამჯერად, რადგანაც დავთანხმდი, ალბათ, მეც ახალ რელსებზე გადავდივარ და „ლაიქ-შეარების“ მომხვეჭელობას ვაპირებ : )

ბლოგის ავტორი : გიორგი მგელაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ