"ბოდიში, თქვენ გელით"...
15.03.2016
ახალი წლის დადგომამდე ნორვეგიულმა გაზეთმა 226 წლის ასაკში მყოფი სანტას გარდაცვალების შესახებ ნეკროლოგი გამოაქვეყნა, რასაც ნორვეგიელების გულისწყრომა და აღშფოთება მოჰყვა. გამოცემამ სინანული გამოხატა მომხდარის გამო. შობისა და ახალი წლის დღეებმა და სანტასგან მიღებულმა საჩუქრებმა მალევე დაავიწყა მკითხველს მომხდარი.

გერმანული მედიის ნაწილი, განსაკუთრებით კი ZDF, დღემდე სინანულით საუბრობს და ბოდიშს იხდის ახალი 2016 წლის ღამეს გერმანიის ქალაქების, უმეტესად კელნის, ქუჩებში ქალებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის გაშუქების დაგვიანებისთვის. ZDF-ს დღემდე აძლევენ ინტერვიუს კელნში იმ დღეს დაზარალებული ქალებიც.

იორდანიული გაზეთი ისრაელის მოქალაქეებს ებოდიშება საკუთარ ფურცლებზე გამოქვეყნებული განცხადების გამო, რომელმაც სოციალურ მედიაში მოქალაქეთა აღშფოთება გამოიწვია. გაზეთი ტირაჟს და მნახველებს დაშვებული შეცდომისა და მობოდიშების შემდეგაც არ უჩივის.

რუპერტ მერდოკი კვლავ გავლენიან მედიამაგნატად რჩება იმის მიუხედავად, რომ მისი კორპორაციის კუთვნილ გაზეთს - News of the World- ს მოქალაქეთა სატელეფონო მოსმენა და პირად ცხოვრებაში ჩარევა დაუდასტურდა, ბოდიში და გაზეთზე პასუხისმგებელი პირის გაშვება მისთვისაც კი საკმარისი აღმოჩნდა.

ქართული მედიის პრაქტიკა აჩვენებს, რომ მას ბოდიშის მოხდა ძალიან უჭირს. ბოდიში აქ მედიაშეცდომების თუ მედიადანაშაულის ჩადენისას ძნელად ან საერთოდ არ ითქმის. აქ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპეციალური გადაწყვეტილება დასჭირდა “მოდელირებული ქრონიკის” გამო ბოდიშის მოხდას, რაც "იმედმა" საბოლოოდ მხოლოდ ვებზე წერილობითი განცხადების გამოქვეყნების სახით გამოხატა. ჩანს ეს ძალდატანებითი, თან არც თუ გულწრფელი ბოდიში საზოგადოებამ მიიღო, რადგან მოდელირებული ქრონიკის შემოქმედები კვლავ აქტიურად საქმიანობენ ჟურნალისტებად, ექსპერტებად, მენეჯერებად.

ქართული მედიის უდიდესი ნაწილი არ აღიარებს უბრალო მოქალაქის პირად ცხოვრებაში ჩარევის ხელშეუხებლობას, მას შეუძლია აჩვენოს მომაკვდავი მშობიარე საავადმყოფოში; ,,რუსთაველ მანიაკად” გამოაცხადოს უდანაშაულო ახალგაზრდა და აღარ ინაღვლოს მის შემდგომ ბედზე; სატანისტებად შერაცხოს ბავშვები და საჯიჯგნად მიუგდოს აღშფოთებულ საზოგადოებას; სრულად იდენტიფიცირებადი გახადოს ვირუსმატარებელი (მისი ნების მიუხედავად), მერე რა, თუ ამით მას სუიციდის მცდელობამდე მიიყვანს. ქართული მედიის უდიდესი ნაწილი ინტერესდება მოკლული მეუღლეების პირადი ცხოვრების დეტალებით: ეკრანიდან, ეთერიდან, ფურცლებიდან - ყველგან მეზობლები და ახლობელბი ჭორაობენ - სად, როდის და ვისთან დადიოდა ჯერ არგაციებული მსხვერპლი. აქ უბრალო მოქალაქეს არ აქვს არც პირადი ცხოვრება და არც უდანაშაულობის პრეზუმფცია და ხელზე გაკეთებული ტატუს შინაარსიც კი ამბის მთავარი დეტალია. ქართულმა მედიამ შეძლო ყველაფერ ამის ,,გაშუქება” ისე, რომ არასდროს, არასდროს მოუხდია ბოდიში!

ერთადერთი რაც ქართულ მედიას აღმოაჩნდა, ეს არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მაღალი მგრძნობელობა, თუ საქმე ცნობილ პიროვნებას ეხება. მხოლოდ თითზეჩამოსათვლელი რაოდენობის მედიასაშუალება თუ შეცდა და სავარაუდოდ ფარული თვალთვალის შედეგად გადაღებული ერთ-ერთი ცნობილი პიროვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ ინფორმაცია ისე გამოაქვეყნა, რომ კადრების მისამართისა და მასზე სავარაუდოდ აღბეჭდილი პირის ირიბი იდენტიფიცირება მოახდინა. მერე მასალა წაშალა და ბოდიშები და რედაქტორთა პასუხისმგბელობაც არ დაივიწყა. თუმცა ეს ბოდიში ძნელად ან საერთოდ არ იქნა მიღებული.

ქართული მედიის უდიდესი ნაწილი დარწმუნებული ჩანს იმაშიც, რომ კადრების ავთენტურობის და დადასტურების შემთხვევაშიც კი, მასზე აღბეჭდილი პირის პირად ცხოვრებას ბოლომდე უნდა გაუფრთხილდეს და მისი იდენტიფიცირება არ მოახდინოს, საკითხზე მსჯელობა შეწყვიტოს, რადგან ჩვენთან ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება ხელშეუვალია და პირადი სივრცე მხოლოდ უბრალო მოქალაქეებს არ გააჩნიათ.

დიახ, ქართული მედია არ ჰგავს წამყვან უცხოურ მედიასაშუალებებს, სადაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხშირად ივიწყებენ, როცა საქმე ცნობილ პიროვნებას დადასტურებულად ეხება და საზოგადოების ინტერესი მაღალია. არ ჰგავს ამერიკულ მედიას, რომელიც ბილ კლინტონთან დაკავშირებულ სექსუალურ სკანდალს მონიკა ლევინსკის ლურჯი კაბის ლაქებამდე ჩაჰყვა. არ ჰგავს ბრიტანულ მედიას, რომელიც ტონი ბლერის სასიყვარულო ისტორიებით დაინტერესდა, არც ზოგადად ევროპულს - სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ შესაძლო სექსუალურ სკანდალებს პუბლიკაციათა სერია რომ მიუძღვნა.

ქართული მედია არაფერს და არავის ჰგავს. ის თვითმყოფადია და თამამად შეუძლია სოლიდარული იყოს ხელისუფლების მიმართ, როცა ეს უკანასკნელი სხვა მედიას გმობს. მედიის ბოდიში სხვა მედიათა მიერ აქ არ მიიღება, აქ მხოლოდ სხვებს გმობენ და არა საკუთარ თავს!

ბლოგის ავტორი : ნათია კუპრაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ