21.03.2016
განა შეიძლებოდა, რომ დამპყრობელს დაპყრობილი მოსახლეობისათვის რაიმე სასარგებლო საქმე გაეკეთებინა? როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხი მაშინ ცალსახა იყო, არავის სჯეროდა, რომ რუსეთს საქართველოს მოსახლეობისათვის სასარგებლო და კმაყოფილების მომტანი საქმის გაკეთება შეეძლო. ქართველებმა ვერ მიიღეს და ვერ შეიყვარეს გაზეთი, რომელიც მათი “სარგებლობისა და კმაყოფილებისათვის” დაიგეგმა.
მკითხველი გულგრილი იყო, მაზრის გამგებლები და სხვა ადგილობრივი ჩინოვნიკები სანთლით ეძებდნენ ხელმომწერებს. ამიერკავკასიის ადმინისტრაციის პოზიცია მკაცრი იყო - თუკი ადგილობრივი მოსახლეობა ინტერესს არ გამოიჩენდა, რუსეთი საკუთარი ხაზინიდან ამ საქმეზე ფულს არ დახარჯავდა. ინტერესის მთავარი მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო - 500 ხელის მომწერი. ხელმომწერების შეგროვება 1818 წლიდან დაიწყეს, თუმცა ციფრი “500” ლამის ასტრონომიული აღმოჩნდა მაშინდელი თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებისათვის ერთდროულად. პირველი ქართული გაზეთის დაბადება, ალბათ, კიდევ უფრო იქით გადაიწევდა, რომ არა რუსეთის სტრატეგიული მოკავშირის სომეხი სასულიერო პირის ნერსესის (შემდგომში სრულიად სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის) ძალისხმევა, რომელმაც მოკლე დროში 100-ზე მეტი ხელმომწერი მოუპოვა გაზეთს.
გაზეთი ქართულენოვანი იყო და ქართველებს უნდა ეკითხათ, თუმცა, ისინი ამ წამოწყებას ბოლომდე უხალისოდ ეკიდებოდნენ. ნაძალადევობისა, თუ თავსმოხვეულობის გამო, ანდა იმიტომაც, რომ იქ მხოლოდ ათასგზის გადატკეპნილი ოფიციალური ინფორმაცია ქვეყნდებოდა, ქართველი მკითხველი არ სწაყალობდა გაზეთს. სწორედ ამიტომ ოთხწლიანი არსებობის განმავლობაში გამოცემა წყვეტილად, რამდენიმეთვიანი პაუზებით გამოდიოდა. ბოლო 1822 წელს გაზეთმა სულ 19 ხელისმომწერი შეაგროვა, ეს იყო უდავო დასტური იმისა, რომ ქართული წერა-კითხვის მცოდნე მაშინდელ მკითხველს გაზეთი (ანდა, ასეთი გაზეთი) არ სჭირდებოდა.
პირველი ქართული გაზეთი მოსაწყენი იყო. ვინ დააჯილდოვეს? რომელი ჩინოვნიკი დააწინაურეს? სად ყიდდა მიწებსა და ყმებს ესა, თუ ის თავადი? როდის გამართა მიღება ზამთრის სასახლეში იმპერატორმა? ეს ამბები ქართველი მკითხველის გულსა და თვალს არც ახალისებდა და არც ართობდა. უფრო პირიქით, ცნობები იმის შესახებ, რომ ჩრდილოკავკასიელებთან ბრძოლისას სისასტიკით გამორჩეული რუსეთის იმპერია ფულითა და ჩინ-მედლებით ახალისებდა იმ ადგილობრივებს, ვინც მათ მხარეს გადავიდა, ბევრ მკითხველში რისხვას იწვევდა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვით გაჩენილ ნაღველს აასამაგებდა კიდეც. ამ გადმოსახედიდან მაშინდელი მკითხველის განწყობებიც სრულიად გასაგები ხდება.
და მაინც, კარგი იყო, თუ ცუდი პირველი ქართული გაზეთის დაარსება? ჩვენი აზრით, ეს იყო ცუდ გარემოებებში განხორციელებული კარგი საქმე. ცუდი იყო ის, რომ გაზეთი არ იყო ადგილობრივთა ეროვნული ინიციატივა, ცუდი იყო ის, რომ გაზეთი რუსეთის იმპერიამ საკუთარი პრაგმატული მიზნებისათივს, ანუ ყოფილ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახელობის ერთიან რუსულ სივრცეში ინტეგრაციისა და ასიმილაციისთვის დაგეგმა, ცუდი იყო ის, რომ ამ გაზეთის მესვეურს, ანუ რუსეთის მმართველობას სინამდვილეში სძულდა ქართული ენა და მაშინ, როდესაც ერთი ხელით გაზეთს აარსებდა, მეორე ხელით ქართულ წერა-კითხვას, საქმის წარმოებასა და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვას კრძალავდა.
თუმცა, კარგიც იყო. კარგი იყო ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ ბოლოსდაბოლოს მშობლიურ ენაზე იხილა ცივილიზაციის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რასაც გაზეთი ჰქვია. ევროპაში პირველი გაზეთი ჯერ კიდევ 1605 წელს სტრასბურგში გამოვიდა. რუსეთში გაზეთი პირველად 1702 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი - 1704 წელს იხილეს. იმპერიებსა და დასავლური ცივილიზაციის ლიდერ ქვეყნებს რომ თავი გავანებოთ, აფრიკასა (1773) და ინდოეთშიც (1780) კი, პირველი გაზეთი უფრო ადრე გამოვიდა, ვიდრე საქართველოში. თუმცა, იქაც ეს ცივილიზაციის ძალისმიერი მეთოდით შეტანის შედეგი იყო, ოღონდ იქ დამპყრობლები ევროპის ქვეყნები - საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი - იყვნენ.
ასე იყო, თუ ისე, ქართველებმა 1819 წელს თავიანთ ენაზე შექმნილი გაზეთი იხილეს, უხალისოდ, მაგრამ მაინც გადაავლეს თვალი მსოფლიოსა და მათ ირგლივ მომხდარ ამბებს, რთულად, მაგრამ მაინც დაიწყეს მშობლიურ ენაზე გაზეთის კითხვის ჩვევის ჩამოყალიბება. ჩემთვის პირადად ქართული ჟურნალისტიკის საძირკვლის ჩაყრა ისეთივე სევდიანი და წინააღმდეგობრივი გრძნობების გამომწვევი ამბავია, როგორც მთლიანად ჩვენი ქვეყნის ისტორია.