აუტიზმი ყოველდღე
01.04.2016


„ესენი ნორმალურები არ არიან, მაგრამ სახეზე არ ეტყობათ“.

„გამოდი აქეთ, შეიძლება გიკბინოს“

„უცნაური ბავშვები არიან, მაგრამ ყველა გენიოსია“

”ამ დაავადებას აცრები იწვევს და გენეტიკა“

„რა უნდა ჩემს შვილთან ერთად, სპეციალურ სკოლაში უნდა ატარონ“.

„ ეს ვერაფერს ისწავლის“

და ა. შ და ა.შ.

როდესაც სკოლასა თუ ბაღში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სოციალურ ქსელში, მაღაზიაში მსგავს ფრაზებს ვისმენ, თანაც ისეთი დამაჯერებელი, დამარწმუნებელი ხმით ნათქვამს, ხშირად ვფიქრობ, რამ უნდა გახადოს აუტიზმი ცნობადი, რამ უნდა დააღვიოს ინფორმაციული ვაკუუმი, რამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება?

ინკლუზიური განათლება, სპეციალური ტრენინგები, წიგნები თუ რესურსები, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე დიდი ძალა, ყველაზე საუკეთესო იარაღი ცვლილებებისათვის, რასაკვირველია, მედიაა, განათლებული, ინფორმირებული მედია, რომელიც აუტიზმთან დაკავშირებულ მითებს არ გაავრცელებს, სტიგმას კიდევ უფრო არ დაამძიმებს.

თუ კი უბრალოდ, ქართულ ენაზე ჩავწერ გუგლის საძიებელში სიტყვა „აუტიზმს“, იმდენი საოცარი „მარგალიტი“ მოიძებნება, რომ ამ მდგომარეობის ასახვის პრობლემა, ცალსახა და თვალსაჩინო ხდება, საოცარ ფრაზებს ვკითხულობ, რომ „აუტიზმი არის გონებრივი არეულობა“ ( მეტისმეტად სამედიცინო ტერმინია, ვერაფერს იტყვი), სხვაგან დაავადებად, წყევლად, უცნაურობად არის მოხსენიებული… ამიტომაც აღარ მიკვირს, საიდან მოდის, მაგალითად, ბაღის მოსწავლეთა მშობლების ნეგატიური დამოკიდებულება იმ ამბისადმი, რომ მათი შვილების ჯგუფში შესაძლოა აუტიზმის მქონე ბავშვი დადიოდეს.

მოკლედ, მთავარი და ძირითადი შეცდომა და პრობლემა პირველადი დეფინიციაა - აუტიზმი დაავადება არ არის, ის მდგომარეობაა, რომელიც ნეიროგანვითარებითი დარღვევით არის გამოწვეული. შესაბამისად, ის არც გადამდებია, არც მისი გენეტიკური განპირობებულობაა დადგენილი და არც ცვლილებების მაპროვოცირებელი კონკრეტული მიზეზი.

ყველაზე ხშირად, მედიასა თუ საზოგადოებაში აუტიზმი და აუტისტური სპექტრის აშლილობები ჩაკეტილობასა და სოციალური უნარების არქონასთან არის დაკავშირებული, რასაკვირველია, ამ მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ კომუნიკაციური სირთულეებია, მაგრამ მედიის საშუალებების მიერ ამის უტრირებულად და არასწორად აღნიშვნას ის შედეგი მოაქვს, რომ ფეისბუქის რომელიმე ჯგუფში, სადაც დედები უზიარებენ ხოლმე ერთმანეთს გამოცდილებას, იწერება, რომ თურმე „აუტისტებს საკუთარი დედები არ უყვართ“ და ა.შ.

ხშირად ვხვდებით ორ სრულიად საპირისპირო თეზას - ერთი, რომ აუტიზმის მქონეებს არ შეუძლიათ განათლების მიღება და გონებრივი ჩამორჩენა აღენიშნებათ, ან მეორე - რომ აუტიზმის ყველა მქონე გენიოსია. სახეზეა დისკრიმინაციის ორი ფორმა, ორივე არასწორი და პრობლემური. აუტისტური სპექტრის აშლილობის ყველა შემთხვევა აბსოლუტურად განსხვავებულია, შესაბამისად, ინფორმაციის ასეთი მოწოდებით ვქმნით მოცემულობას, როცა აუტიზმის მქონე ადამიანისგან ან საერთოდ არაფერს ველით, ან ურთულესი მათემატიკური ამოცანების ამოხსნას.

სწორი მიდგომაა საჭირო დისკრიმინაციის ფაქტების გაშუქებისას. ძალიან ხშირად რომელიმე ასეთი ფაქტის აღწერისას სტატია სავსეა დამრიგებლური რიტორიკით და დამმუნათებელი გამოთქმებით, რასაც, პრობლემის გამწვავების გარდა არანაირი შედეგი არ მოაქვს. მაგალითად, მგზავრებმა აუტიზმის მქონე ბავშვის ტრანსპორტიდან ჩასვლა მოითხოვეს? იმაზე საუბრის ნაცვლად, როგორი სასტიკები და აუტანლები არიან ადამიანები, სჯობს, ავხსნათ, რომ ტანტრუმი, მოუსვენრობა თუ ხმამაღალი სიმღერა ასეთი ბავშვისთვის არაკომფორტული გარემოს, ღელვის თუ მისდამი გადამეტებული ყურადღების გამოვლინება შეიძლება იყოს, მშობელმა ყოველთვის იცის როგორ მართოს ტანტრუმი, ამიტომ აურზაურის ატეხვის მაგივრად, სჯობს მოთმინებით აღვიჭურვოთ და დაველოდოთ, როდის დამშვიდდება ბავშვი. ასეთი ახსნა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხმამაღალი და დრამატული ტექსტები არატოლერანტული გარემოს შესახებ.

საუკეთესო საშუალება ამ საკითხთან დაკავშირებული გაუგებრობის, სტიგმის თუ დამკვიდრებული სტერეოტიპების აღმოფხვრისათვის, იმ ადამიანების ყოველდღიური გარემოს, საქმიანობის, პრობლემების რეალური ჩვენებაა, ვისაც ეს მდგომარეობა აღენიშნება. მაგალითად, გადავიღოთ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი მის ყოველდღიურ ყოფაში, სახლში, სკოლაში, სათამაშო მოედანზე, თამაშის თუ სხვადასხვაგვარი აქტივობის დროს, ვაჩვენოთ, რომ ისინიც, სხვა ბავშვების მსგავსად განიცდიან, იზრდებიან, სწავლობენ, ვითარდებიან გარემოსთან ურთიერთობისას, აქვთ საკუთარი, ბავშვური პრობლემები, გატაცებები, ინტერესები. ოღონდ ასეთი მასალის მომზადებისას ჟურბალისტმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ხასიათის თავისებურებები, შექმნას გადაღებისა და მუშაობისთვის მაქსიმალურად შესაფერისი, მოწესრიგებული გარემო, განსაზღვროს ბავშვთან ურთიერთობის წესები, არ შეუშალოს ხელი ბავშვის ყოველდღიურ რუტინას, არ გადაღალოს იგი. ასეთ შემთხვევაში შედეგი მაქსიმალურად ბუნებრივი და ინფორმაციის მიმცემი იქნება.

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა, სანამ ფეისბუქზე პროფილის ფოტოებად ფაზლებიან ბაფთას ან ლურჯი ფერის სიმბოლოს დავიყენებთ, კიდევ ერთხელ ვეცადოთ, რომ ჩვენი ყოველდღიური პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გავითვალისწინოთ ჩვენი საზოგადოების ყველა ჯგუფისა და წევრის ინტერესი, გავავრცელოთ სწორი ინფორმაცია და კიდევ უფრო არ გავურთულოთ ყოველდღიურ სტიგმასთან ბრძოლა აუტიზმის მქონე ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს.

ბლოგის ავტორი : დიანა ამფიმიადი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ