კულტურა სამაუწყებლო და ონლაინ მედიის ფოკუსში
11.04.2016
ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი, ეკონომიკურ და სოციალურ ინდიკატორებთან ერთად, კულტურა და კულტურული ცხოვრებაა. ხელოვნება, თავისი დარგებითა და მიმდინარეობით, რეალობას ირეკლავს, ფილოსოფიურად განიხილავს მას, ხოლო მასობრივი კულტურა ხშირად საპროტესტო მოძრაობებსაც იწვევს ამა თუ იმ სუბკულტურისა და ჯგუფის სახელით.

ხელოვნებას შეუძლია ერთდროულად იდეოლოგიზირებულ იარაღად იქცეს სისტემების ხელში და ამავე დროს, ხელი შეუწყოს იდეოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური წარმონაქმნების დანგრევასა და ტრანსფორმირებას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საინტერესოა, რამდენად ინტერესდება ქართული სამაუწყებლო ტელე და ონლაინ მედია კულტურის საკითხების გაშუქებით, ხელოვნების რომელი დარგებია მისთვის პრიორიტეტული ან საერთოდ, ქართულ სატელევიზიო/ონლაინ მედიასა და ხელოვნების ურთიერთმიმართებაზე საუბრისას სიტყვა „პრიორიტეტული“ შეუსაბამო ხომ არ არის.

დღეისათვის პოპულარული მედიასაშუალება ტელევიზიაა. ნაციონალური მაუწყებლები, რომლებიც მაყურებელთა სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან, კულტურის საკითხებს ყურადღებას დიდად არ აქცევენ. მარტო „რუსთავი 2-ის“, „იმედის“, „მაესტროს“ სამაუწყებლო ბადეზე ზედაპირული დაკვირვებაც კი მოწმობს ამ სამწუხარო ტენდენციას. ჩამოთვლილი სამი რეიტინგული მაუწყებლიდან არცერთი არ უთმობს დროს ხელოვნების სხვადასხვა დარგის პრობლემატიკას. ისინი ოსტატურად ანაცვლებენ კულტურის საკითხებზე არსებულ გადაცემებს მდარე, პოპ-კულტურის შემცველი პროდუქციით, ალბათ, ეს გასაკვირიც არაა, რადგან მაშინ, როდესაც იმედზე „სხვა რაკურსი“ ორ გადაცემას პარანორმალურ მოვლენებსა და პარლამენტარების მიერ ერთმანეთისადმი გაკეთებული ჯადოების კვლევას უთმობს, დროც აღარ რჩება სამაუწყებლო ბადეში ერთი საათი მაინც გამოინახოს, მაგალითად, თეატრალური ცხოვრების მიმოხილვისთვის .

ზემოთ ნახსენები მაუწყებლები კულტურის სფეროში მიმდინარე სიახლეებს მთავარი საინფორმაციო გამოშვებების ბოლო ბლოკებში გაგავაცნობენ ხოლმე, ან დილისა და შუადღის შოუებში გაკვრით შეგვახსენებენ, რომ საქართველოში მუსიკოსები და სხვადასხვა სფეროში მომუშავე არტისტები გვყავს.

ერთფეროვანი ტექსტები, სტანდარტული სიუჟეტები, ინტერვიუები ხელოვანებთან ბანალური შეკითხვებით - ეს იმ მცირე ნიშანთა ჩამონათვალია, რომლებიც ნაციონალური მაუწყებლების საინფორმაციო, დილისა და შუადღის გადაცემების კულტურის მიმომხილველების ჟურნალისტური ხელწერისთვის არის დამახასიათებელი. არანაირი კრიტიკა, ანალიზი, კრეატიულობა. ხშირად გამოფენებიდან ან სხვადასხვა პრემიერიდან ჩართვების დროს ისეთი გრძნობა გიჩნდება, თითქოს პოლიტიკურ ინტრიგებზე „მონადირე“ პროდიუსერები და რედაქტორები კულტურის სფეროზე მომუშავე ჟურნალისტების პროფესიულ უნარებსა და მათ მიერ გაშუქებული მოვლენების ხარისხს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, რადგან წლებია, კულტურის საკითხების გაშუქების სტანდარტი არ იცვლება: იგი ორ სტრუქტურულ ხაზს მიჰყვება: ან სრულიად ზედაპირულია და მარტო კითხვებით - „სად? რა? როდის? ვინ?“ შემოიფარგლება, ან სიუჟეტში ჟურნალისტის მიერ გამოყენებული შედარებები, სიტუაციათა აღწერის დროს მოშველიებული ლექსიკა არათუ გაუგებარი, არამედ ხშირად შეუსაბამო და „სნობური“ ელფერის მატარებელიცაა. მართალია, საინფორმაციო გამოშვებებში გასული კულტურის სიახლეების ავტორებს მოვლენათა ღრმა ანალიზს ვერ მოვთხოვთ, რადგან ახალი ამბების სპეციფიკა ამას არ ითვალისწინებს, მაგრამ ახალი ამბების ჟურნალისტიკა შემოქმედებითობას რომ არ გამორიცხავს, ეს უეჭველია.

„იმედის“, „რუსთავი 2-ისა“ და „მაესტროსგან“ განსხვავებით, საზოგადოებრივი არხი ის ერთადერთი ნაციონალური მაუწყებელია, რომელიც ექვს გადაცემას უთმობს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს. წლებია, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მხრივ თანდათან უმჯობესდება და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ სატელევიზიო ბაზარზე ყველაზე უკეთეს პროდუქციას ქმნის. უკვე მეხუთე სეზონია, ქართველ მელომანებს შანსი აქვთ თვალი ადევნონ კახა თოლორდავასა და გია ხადურის საავტორო გადაცემა „უცნობ მუსიკას“, ქართული სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტს, რომელიც ორიენტირებულია სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრზე, ასევე უცნობ და გამორჩეულ მსოფლიო მუსიკოსებზე. კარგა ხანია, „უცნობი მუსიკა“ საზოგადოებრივი რადიოს მეშვეობითაც გადის და მისმა ტელეფორმატმა კიდევ უფრო მეტი საშუალება მისცა ავტორებს, მაყურებელს წარუდგინონ პროფესიონალი სტუმრები, ღრმად გააანალიზონ მსოფლიოს მუსიკალური სივრცე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ყურადღებას არ აკლებს კლასიკურ მუსიკასაც. ეს ტენდენცია წლებია გრძელდება და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითად, აკადემიური ფორმატის გადაცემა „სი ბემოლი“ წამყვანებისა და სტუმრის დისკუსიით შემოიფარგლებოდა, ახლა კი ორიგინალური და ვიზუალურად მოქნილი პროექტით „მუსიკოლოგოსით“ ჩანაცვლდა. გადაცემა ისეთ ღრმა და რთულად აღსაქმელ აკუსტიკურ ტრადიციას, როგორიც კლასიკური, აკადემიური მუსიკაა, მსგავსი ვიზუალური და გამომსახველობითი ხერხების საშუალებით, ადვილად და გასაგებად სთავაზობს მაყურებლს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართველ არტისტებს საშუალებას აძლევს თავიანთი შემოქმედება მასობრივ მსმენელამდე მიიტანონ. წლების წინ, საზოგადოებრივ არხზე გადიოდა გადაცემა „Caucasus-Live“, სადაც საქართველოში მოღვაწე მუსიკალური ჯგუფებს თავიანთი პროდუქციის წარდგენა შეეძლოთ მსმენელებისთვის, დღეს ამ ტრადიციას გადაცემა „კომუნიკატორი“ აგრძელებს.

უნდა გამოიყოს გადაცემა „ტრანსმისია“ და მისი ორიგინალური კულტურული ექსპერიმენტები, რომელიც სხვადასხვა ხელოვნების სფეროში მოღვაწე არტისტებს მეტ საშუალებას აძლევს თავიანთი ხედვა წარუდგინონ ფართო მაყურებელს. ამ ტიპის გადაცემები, ვფიქრობთ, მიმზიდველი უნდა იყოს სხვა არხებისთვის, რადგან იგი საშუალებას იძლევა, ტელევიზიებმა მეტი კრეატიული იდეა და ვიზუალურად საინტერესო პროექტი განახორციელონ. უდავოდ, დღეს საზოგადოებრივი არხი ყველაზე კარგად ახერხებს ქართული კულტურული მეინსტრიმისა და ანდეგრაუნდის, ალტერნატიული სახელოვნებო სივრცის წარმოჩენას.

შინაარსობრივი და ვიზუალური კუთხით საინტერესო პროდუქცია იქმნება „GDS”-ზე: „კიმონო“, „URBAN STORIES” საინტერესოდ „შეფუთული“ გადაცემებია, რომლებიც მაყურებელს მეინსტრიმისგან განსხვავებულ სახეებსა და თემატიკას აწვდის. ალბათ, „GDS”-ს, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს „მეტი, ვიდრე ტელევიზია“, ამ მხრივ მეტი ფიქრი, მუშაობა და ორიგინალური ხედვა მოეთხოვება.

უნდა აღინიშნოს ტელეკომპანია „აჭარის“ სატელევიზიო პროგრამული ბადე, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს კულტურის თემატიკას: კინოს, თეატრს, მუსიკას, ფოლკლორსა და არქიტექტურას - ამ თემებს ჯამში რვა გადაცემა ეთმობა. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ დოკუმენტური მასალა მხოლოდ საზოგადოებრივ და „აჭარის“ ტელევიზიით გადაიცემა. საქართველოში, საბედნიეროდ, არსებობს კულტურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი თემატური საკაბელო არხი - „არტარეა“, რომელიც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან პროდუქციას ქმნის ქართულ ტელესივრცეში.

რაც შეეხება ონლაინ მედიას, ის, რაც მაუწყებლებს ყურადღების მიღმა რჩებათ, სწორედ ვირტუალურ სივრცეში იჩენს თავს. ტელევიზიებისათვის ღრმა ანალიზი, კრიტიკა, მეტწილად, არ არის დამახასიათებელი. წელიწადში რამდენიმე კინო, თეატრალური, მუსიკალური ფესტივალი იმართება, მოდის კვირეული ეწყობა, მაგრამ ამ ღონისძიებების კრიტიკა, ანალიზი ტელესივრცეში არსად გვხვდება. ონლაინ მედიაშიც შეიმჩნევა ანალიზური მასალების ნაკლებობა, ფაქტობრივად, იშვიათად გვხვდება კრიტიკული აზრი და კულტურული ცხოვრების პროფესიონალური შეფასება.

რევიუების წაკითხვა ქართველი მუსიკოსების ალბომების შესახებ მხოლოდ ბლოგებზე თუა შესაძლებელი, მაგალითად, ასეთი ბლოგია - georgianmusicblog.wordpress.com. თეატრალური კრიტიკა საერთოდ იგნორირებულია ქართულ ტელე და ონლაინ მედიაში. ასეთივე მდგომარეობაა კინოხელოვნების მიმართულებითაც. უნდა აღინიშნოს ის, რომ ნამდვილი „ფუფუნებაა“ დასავლური კინოინდუსტრიის ნაწარმის პროფესიონალური შეფასების მშობლიურ ენაზე გაცნობა, საბედნიერო გამონაკლისია პორტალი Digitalculture.ge, რომელიც ფილმებსა და სერიალებზე საინტერესო და პროფესიონალების მიერ დაწერილი რეცენზიების წაკითხვის შესაძლებლობას გვაძლევს.

მისასალმებელია ის, რომ ქართულ ონლაინმედიაში კულტურის სფეროს წარმომჩენი ვებგვერდებიც გამოჩნდა, მაგალითად „ARTINFO”. სამწუხაროდ, „პირველი ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე“ მხოლოდ ახალ ამბებზეა ორიენტირებული. ხშირად კი აქ გადააწყდებით „ყვითელ“ და არაფრისმთქმელ ინფორმაციებსაც, რომელთა ხელოვნებასთან დაკავშირებას ძნელად თუ მოახერხებთ, მაგალითისთვის მოვიყვანთ ერთ-ერთი მასალის სათაურს: „ნინო ჩხეიძეს ლალი მოროშკინა დაუპირისპირდა“.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაციონალური მაუწყებლები არ სწყალობენ ქართველ არტისტებს, რომლებიც ირჯებიან და ღირებულ პროდუქტს ქმნიან, ისინი იშვიათად თუ ჩანან ეთერში, განსხვავებით იმ ე.წ. მუსიკოსებისა თუ ფსევდოხელოვანებისგან, რომელთა „ხელოვნება“ კრიტიკასაც ვერ უძლებს. ისინი ასრულებენ ,,ერთჯერადი გამრთობის“ ფუნქციას და მას არანაირი ღირებულება არ გააჩნია. ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც ტელე და ონლაინსივრცეში შეიმჩნევა კულტურის საკითხების გაშუქების მხრივ, ეს ანალიზური მასალების სიმცირეა. აღნიშნული ტენდენცია, ალბათ, გასაკვირი არცაა იმ ფონზე, როდესაც ქართული მედია ანალიზისა და კრიტიკული აზრის ნაკლებობას განიცდის თითქმის ყველა სფეროში.

საჭიროა მეტი პროფესიონალი ჟურნალისტი ჩაერთოს, რათა კულტურის სფერო ხარისხიანად და საინტერესოდ გაშუქდეს. ჟურნალისტების ინტელექტუალური შესაძლებლობები უნდა გასცდეს სტერეოტიპულ და დატკეპნილ ტექსტებს, რომელთა მიზანი მხოლოდ იაფფასიანი საინფორმაციო გართობაა, რადგან სერიოზული, ხარისხიანი ხელოვნების ნიმუშების მიწოდება და ზოგადად, კულტურის საკითხების განხილვა, მედიის პირდაპირი მოვალეობაა, ეს საზოგადოებრივ ინტერესშიც არის და ამ სფეროს განვითარებასაც დიდად წაადგებოდა, მაგრამ იაფფასიანი, მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული პროექტების რეალობაში, ეს ჯერ მხოლოდ ოცნებად თუ რჩება.

ბლოგის ავტორი : ბადრი კობიაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ