03.03.2015
1 მარტს „იმედის“ ტოკ-შოუ „იმედის კვირამ“ მკალავიშვილს სიუჟეტი მიუძღვნა.
ტოკ-შოუს ერთ-ერთმა წამყვანმა, ნანუკა ხაზარაძემ, სიუჟეტის დაწყებამდე
მკალავიშვილი სასულიერო პირად მოიხსენია, მაგრამ არ უწოდა მას „მამა“. ხაზარაძისთვის იგი უბრალოდ ბასილია („დღეს ბასილი უკვე თავისუფალია და მოღვაწეობას კვლავ გლდანის ეკლესიაში განაგრძობს“), სიუჟეტის ავტორისთვის კი - „მამა ბასილი“ და მეტიც - „პროტოპრესვიტერი“. ერთგან, როცა ავტორი თავის გმირს ფამილარულ კითხვას უსვამს („ისევ ისე ენერგიული ხართ თუ არა?“) ჩნდება ტიტრი: „ბასილ მკალავიშვილი, პროტოპრესვიტერი“.
„მამა ბასილ მკალავიშვილი ახლა უკვე 70 წლისაა და ამბობს, რომ ხშირად ავადმყოფობს. ერთი თვის წინ ტაძრიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, მაგრამ ტაძრის აღდგენაში ფიზიკურად მაინც მონაწილეობს“, - გვიამბობს ჟურნალისტი და იმ დროს, როცა მაყურებელს უკვე შეცოდების ცრემლი უნდა მოერიოს, თავისი გმირის რიხიან განცხადებასაც წარმოგვიდგენს: „არავითარი სინანული მე არ გამაჩნია, რა თქმა უნდა, და მე მზადა ვარ, კიდე გავაგრძელო ბრძოლა ჩემი სამშობლოს სიყვარულისათვის და მართლმადიდებლობისათვის, სარწმუნოების დაცვისათვის“.
ალეკო ცქიტიშვილი სიუჟეტის გმირის პორტრეტი ისე იხატება, რომ ეს ხატი ერთდროულად იწვევს მაყურებლის სიბრალულს, თანაგრძნობას, სიყვარულსა და მხარდაჭერას. ჟურნალისტი გვიჩვენებს და მოგვითხრობს, როგორ აქვს გამოკრული „მამა ბასილს“ ტაძარში, საგანგებო დაფაზე, „თავისი მოღვაწეობის ფოტომასალა“, სადაც განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ცნობილ ჩინოვნიკებს (ფოტოებზე ჩანან: გია ბარამიძე, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი). ჟურნალისტი ასევე ეხება მკალავიშვილისა და მისი „მრევლის“ მიერ „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელთა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს: „დღემდე ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა მაშინ, როდესაც თავისუფლების ინსტიტუტს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ერთადერთი ნანობს, როცა მრევლთან ერთად სხვადასხვა სექტის წარმომადგენლებს თმებს ჯვრის ფორმით ჭრიდა. უბრალოდ, მაშინ მრევლის ყველა წევრის გაკონტროლება ვერ შეძლო“.
სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი არც „თავისუფლების ინსტიტუტის“ და არც იეჰოვას მოწმეთა ან ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენელთა პოზიცია.
ბასილ მკალავიშვილი სიუჟეტში იეჰოვას მოწმეებს ბოკერიას და პაიჭაძის ჯარს უწოდებს: „ერთ-ერთი სასამართლო დამთავრდა. ბოკერიას ორასი კაცი ჰყოლია იაღოველები ჩასაფრებული ნაძვებში. სასამართლო რომ დამთავრდა, გამოვედით ჩვენ იქიდან, გავუშვი ხალხი უკვე და ერთი 30 ადამიანი დავრჩით იქ და ამ დროს ბოკერია და დავით პაიჭაძე მოუძღვის ამ იმას, რა ქვია, თავის ჯარს, იაღოველებს და დეგვესივნენ ამ 30 კაცს და მერე ჩვენი მრევლიც მობრუნდა და გაიმართა იქ ხელჩართული ბრძოლა. ყველა ამ სექტანტებს ხელმძღვანელობს ბოკერია“.
ამის შემდეგ ჟურნალისტი მკალავიშვილს ეკითხება: „გინდოდათ, გეცემათ მაშინ ბოკერია?“ მკალავიშვილიც ამაყად და მუქარანარევი სიტყვებით პასუხობს: „ბოკერიამ საკმარისად მიიღო და კიდევ ემუქრება მრევლი. თუ კიდევ წინ აღუდგება მართლმადიდებლობას, ფიზიკურადაც გავუსწორდებით მათ“. ამ დროს სიუჟეტში კვლავ ჩანს საარქივო კადრები, სადაც ბოკერიას ტანსაცმელი აქვს შემოხეული და ტანზემოთ შიშველი გარბის.
სიუჟეტი ჟურნალისტის შესაბრალისი სიტყვებით მთავრდება: „ახლა ტკივილები აწუხებს. ტკივილები, რომელიც ცემისგან და ციხეში ყოფნის მერე დარჩა. როგორც თვითონ ამბობს, ახლა ისე ვეღარ ხმაურობს, როგორც ადრე, მაგრამ თუ საჭირო გახდა, თავს არ შეიკავებს. ამჟამად ტაძრის შემოსვით არის დაკავებული. სამრეკლო თვითონ დააპროექტა და გალავანიც უკვე აქვთ“.
ჟურნალისტი სიუჟეტის ფინალში მკალავიშვილის მრევლს ეკითხება: „ამბობს, რომ მტკივაო?“ ქალბატონი ტირის და გულამომჯდარი ძლივს პასუხობს: „კი“. ასე სენტიმენტალურად მთავრდება სიუჟეტი ადამიანზე, რომელიც ძალადობის გამო განკვეთეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან, ძალადობის გამო გაასამართლეს და დღესაც იმუქრება, რომ თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, კვლავ ასეთ საქმიანობას გააგრძელებს.