30.03.2015
საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ გადაცემა „ეტალონი“ სოციალურ-საგანმანათლებლო და „ყველაზე ეროვნული“ მედიაპროექტია. გადაცემის სოციალურ-საგანმანათლებლო დანიშნულებაზე ქვევით ვისაუბრებთ, მაგრამ საინტერესოა, რომელ კრიტერიუმს დაეყრდნო მაუწყებელი, როცა „ეტალონი“ ყველაზე ეროვნულ მედიაპროექტად გამოაცხადა? საერთოდ, შეიძლება მედიაპროდუქტი შინაარსით ეროვნული ან ანტიეროვნული იყოს და თუ შეიძლება, მაშინ რაში გამოიხატება? იქნებ, იმაში, რომ წამყვანი და პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი გადაცემის დაწყებისას მაყურებელს ამგვარად ესალმება: „მოგესალმებით, მამულიშვილნო!“; ან იქნებ, იმაში, რომ გადაცემის მონაწილე მოსწავლეებს მუდმივად მიუთითებს, რომ სამშობლო უნდა უყვარდეთ და საკუთარი სკოლა, სოფელი, მუნიციპალიტეტი, ქალაქი და საბოლოოდ, ქვეყანა უნდა ასახელონ; ეს დიდაქტიკური მოწოდებები მთელი გადაცემის განმავლობაში ისმის და მაყურებელში იმ ერთი საბჭოთა გადაცემის ასოციაციას იწვევს, ზრდილობას რომ ტელეეთერიდან ასწავლიდა მოზარდებს.
დიდაქტიკურ მოწოდებებზე ყურადღება შემთხვევით არ გაგვიმახვილებია. გადაცემის სტუმრად მიწვეული მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, სასულიერო პირები, ბიზნესმენები, მსახიობები, მომღერლები IX-XII კლასის მოსწავლეებს მუდმივად ახსენებენ, რომ მათ საკუთარი ქვეყნის წინაშე ვალი აქვთ, მენტორული და ინტერაქციაზე ნაკლებად მომართული ტონი კი პირდაპირპროპორციულად აისახება მონაწილეების ქცევასა და მიმიკაზე. იმის ნაცვლად, რომ ისედაც სტრესულ გარემოში, სადაც კითხვებზე პასუხის გასაცემად შესაძლებლობების მაქსიმალური მობილიზაცია უწევთ, მეგობრული და ლაღი გარემო დახვდეთ, მათზე გაცილებით უფროსი ადამიანების: პედაგოგების, თანამდებობის პირების, მღვდლებისა თუ იურისტების რჩევა-დარიგებების მოსმენა უწევთ.
მიუხედავად იმისა, რომ „ეტალონი“ მედიაპედაგოგიკაზე დაყრდნობით მომზადებულ გადაცემად მიიჩნევა (როგორც ეს „პირველი არხის“ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და ამის გამო საერთაშორისო ჯილდოც კი გადასცეს), პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლოვანება სწორედ მედიაპედაგოგიკისთვის აუცილებელ გარემოებაზე ნაკლები ფოკუსირებაა, ეს გარემოება ინტერაქცია გახლავთ. გადაცემის მსვლელობისას ყველაზე ცოტა დრო სწორედ მოზარდების თვითგამოხატვას, მათი მისწრაფებების გაგებას, ინტერესების ხაზგასმას ეთმობა. არ დაგვავიწყდეს ის წნეხიც, რაზეც ზევით ვისაუბრეთ - პროექტის წამყვანი, შემოქმედებითი ჯგუფი და სტუმრებიც თითქოს მხოლოდ იმაზე არიან ორიენტირებულები, რომ ყველა მონაწილე ნამდვილი ეტალონი იყოს სწავლაში, ქცევაში; მათ არავინ ეუბნება, იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან: ლაღები, ცნობისმოყვარეები, ხანდახან ზარმაცები, ახლის აღმოჩენაზე ორიენტირებულები.
აქვე ერთი გარემოების შესახებ: ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ „ეტალონის“ თითოეული გადაცემა თითოეული მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს მიეძღვნას. შესაბამისად, სტუმრად მიწვეულები არიან ამავე მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები: გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, გამგეობისა თუ საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, ადგილობრივი სასულიერო პირი - ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტის საერო ხელისუფლების და სასულიერო იერარქიის ოფიციოზი. გადაცემის სტუმრებს, როგორც წესი, აზრის გამოსახატავად არა თუ ნებისმიერ კონკურსანტზე, არამედ გამარჯვებულ მოსწავლეზე მეტი დროც კი ეთმობა.
ამ ადამიანების გადაცემაში მოწვევის მიზანშეწონილობა საკამათოა, გარდა ამისა, ისმის კითხვაც: რა უფრო სასარგებლოა - ის, რომ ერთ გადაცემაში ერთი მუნიციპალიტეტის ანუ ერთი სოციო-კულტურული სივრცის მოსწავლეებმა მიიღონ მონაწილეობა, თუ ყოველი გადაცემა სხვადასხვა დასახლებული პუნქტიდან მიწვეულ მოზარდებს დაეთმოს?! შემეცნებისა და გარემოს აღქმის აქტიურ ფაზაში გადასული ადამიანებისთვის იქნებ ჯობდეს ისეთ შეჯიბრში მონაწილეობა, რომლის შემდეგაც ახალ მეგობრებს შეიძენენ? საქართველოს მრავალეთნიკურობის, რელიგიური მრავალფეროვნებისა და უმცირესობათა არასაკმარისი ინტეგრაციის გათვალისწინებით, ალბათ მეორე ვერსია გაცილებით სასარგებლო იქნებოდა.
თუმცა სწორედ ის გარემოება, რომ თითო გადაცემა თითო მუნიციპალიტეტს ეთმობა, წამყვანს საშუალებას აძლევს, ეთერი ამ მუნიციპალიტეტის პირველ პირებს დაუთმოს. 14 მარტის გადაცემაში ხონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ვნახეთ. დაწყებისას გამოჩნდა ხონის მუნიციპალიტეტის გერბიც, იქვე ისხდნენ ოფიციალური პირებიც, მათ შორის ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი. რჩება შთაბეჭდილება, რომ სატელევიზიო ეთერიდან ვუყურებთ არა საგანმანათლებლო გადაცემას, არამედ ღია გაკვეთილის ჩანაწერს. ამ მნიშვნელოვან გარემოებებთან ერთად, „ეტალონის“ ძირითადი დარღვევა მაუწყებლობის შესახებ კანონის იმ მუხლების უგულებელყოფაა, რომელიც მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსებას და სპონსორობას ეხება. ამის შესახებ საუბარია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, ამიტომ ამჯერად აქ მხოლოდ სტატისტიკით შემოვიფარგლებით: 14 მარტის სრული გადაცემის ქრონომეტრაჟი თითქმის 53 წუთი გახლდათ. ამ დროის დიდი ნაწილი - 27 წუთი დაეთმო რეკლამას, გადაცემის მხარდამჭერების, პარტნიორების, მეგობარი კომპანიების ჩამოთვლას და გადაცემაში უხვად მიწვეული სტუმრების მისასალმებელ სიტყვებს.
„ეტალონში“ რეკლამაა ყველგან და ყოველთვის: გადაცემის დასაწყისში, წამყვანის მისალმებაში, დამსწრეთა სკამებთან დადგმულ ბანერებზე, დამსწრეთა მაისურებზე, წამყვანის მაგიდაზე, ჭრებში, სტუდიაში „ეტალონის“ პარტნიორი“ კომპანიის მიერ იმპორტირებული ტრაქტორი დგას, თქვენ წარმოიდგინეთ, რეკლამაა წამყვანის მიერ გადაცემის მონაწილეთათვის დასმულ კითხვებშიც კი. მაგალითისთვის, 14 მარტის გადაცემის პირველი ტურის მეხუთე კითხვა ასეთი გახლდათ:
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ოფიციალურად აცხადებს, რომ საბაგირო გზის 138 სენსორი ავტომატურ რეჟიმში აკონტროლებს ბაგირს, ქარის სიჩქარეს, თითოეულ გორგოლაჭს და ...“
ეს ჩამონათვალი მონაწილეებს ამ ვარიანტებიდან უნდა დაესრულებინათ:
„ა) მორიგე დისპეტჩერს; ბ) ბირთვულ რეაქტორს; გ) მტკვარში წყლის დონეს; დ) ხვია მექანიზმს“
არ ვიცი, სკოლის მოსწავლეებს რა სარგებლობას მოუტანს ამ კითხვაზე პასუხის ცოდნა, მაგრამ ფაქტია, რომ პროექტმა მის მხარდამჭერ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“, არაერთხელ წარდგენის გარდა, კითხვის დასმითაც გარკვეული სამსახური გაუწია.
აღსანიშნავია, რომ წამყვანი კითხვებს შორის არსებულ დროსაც კი მხარდამჭერი კომპანიის რეკლამირებისთვის იყენებს: პასუხს კითხვაზე, თუ რამდენჯერ ადგენენ დღე-ღამეში 90 გრადუსიან კუთხეს საათისა და წუთების ისრები, გოჩა ტყეშელაშვილმა კომპანია „არტ ტაიმის“ რეკლამა მოაყოლა ასეთი ტექსტით: „არტ თაიმი - საქართველოში წარმატებაზე ორიენტირებულ ყველა მოქალაქეს მივმართავ, რომ საათები შეიძინოთ არტ თაიმში“.
ასევე სარეკლამო ხასიათის იყო წამყვანის მოწოდება, რომ ყველა აბიტურიენტმა უნდა შემოხაზოს 115 - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნომერი ერთიანი ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო ანკეტაში; ასევე სარეკლამო იყო ჟესტი, როცა წამყვანი სტუდიაში მდგარი ერთი-ერთი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორიდან გადმოხტა და ისურვა, რომ ყველა ფერმერს მეურნეობის წელში გასამართად ასეთი თითო ტრაქტორი მაინც ჰყავდეს.
მსგავსი სარეკლამო მოწოდებები „ეტალონში“ იმდენად უხვადაა, რომ გადაცემა ერთ ვრცელ ტელეშოპინგს ჰგავს, სადაც მთავარია სტუმრების - თანამდებობის პირების წარდგენა, მათი მისალმება, ბიზნესმენთა მიერ შემოთავაზებული პროდუქტებისა თუ მომსახურეობის პოპულარიზაცია, მოსწავლეები კი ამ ტელეშოპინგის საგანგებოდ შერჩეული მაყურებელ-მონაწილეები არიან, რაც ვფიქრობთ, მოზარდებისადმი არც თუ კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას წარმოაჩენს.