„ცაში ღმერთი, მიწაზე სტალინი“ - საზოგადოებრივი მაუწყებლის გროტესკი თუ პროპაგანდა?
01.04.2015
„რატომ უყვარს ქართული საზოგადოების ნაწილს სტალინი და სადამდე შეიძლება მივიდეს ეს სიყვარული?“ - ეს ორი მთავარი კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში 17 მარტს გასული დოკუმენტური ფილმის „საერთაშორისო წმინდანის“ ავტორებმა დასვეს. თითქმის ნახევარსაათიან ნამუშევარში მაყურებელმა ვერც ამ სიყვარულის მიზეზებზე მიიღო სრულყოფილი პასუხი და ვერც იმაზე, სადამდე შეიძლება ეს სიყვარული მივიდეს.

ფილმი დაიწყო ნიურნბერგში ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელთა წინააღმდეგ გამართული სასამართლო სხდომის კადრებით. ავტორმა აღნიშნა, რომ ჰიტლერის თანამოაზრეებისა და ზოგადად, ფაშიზმისგან განსხვავებით, საბჭოთა რეჟიმისთვის განაჩენი ამ დრომდე არ გამოუტანიათ და არც არავინ დაუსჯიათ, არადა, ამ რეჟიმის სახელს ათეულობით მილიონი ადამიანის დახოცვა უკავშირდება. ამავე სულისკვეთების გაგრძელება იყო ჰიტლერის მშობლიური ქალაქის წარმომადგენელთან ჩაწერილი ინტერვიუ. ფილმის ამ ნაწილიდან ვიგებთ, რომ ბრაუნაუში მდებარე ჰიტლერის მშობლიური სახლი, გორში სტალინის მუზეუმისგან განსხვავებით, ტურისტული ატრაქციონი არ არის და ავსტრიელებს არც ჰიტლერის მათ ქვეყანაში დაბადება ეამაყებათ, პირიქით, ტვირთად აწვებათ.

ამ შედარებით თითქოს დოკუმენტური ფილმის მთავარი ხაზი გამოიკვეთა, გავიგეთ ავტორების ჩანაფიქრიც და შესაბამისად, ველოდებით, რომ ამ ორი მსოფლხედვის დაპირისპირება და ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები ფილმის დანარჩენ ნაწილშიც გაგრძელდება, თუმცა მოლოდინი არ მართლდება.

„მეომარი“, „ჰიტლერის ძმაკაცი“, „საბჭოთა კავშირის გამაერთიანებელი“, - ასე პასუხობენ სტალინის მუზეუმის დასათვალიერებლად მისული სკოლის მოსწავლეები ფილმის ავტორის კითხვას, თუ ვინ იყო სტალინი. ის, რომ არც ერთ მოსწავლეს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს სტალინურ რეპრესიებზე, არ უხსენებია სიტყვა „დიქტატორი“, მიუთითებს სკოლაში ისტორიის მასწავლებლის დამოკიდებულებაზე საბჭოთა ბელადის მიმართ. რა თქმა უნდა, ერთი კონკრეტული კლასის მოსწავლეების პასუხი განზოგადების უფლებას არ გვაძლევს, მაგრამ ფილმის ავტორებისთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო, თუ როგორ ასწავლიან საბჭოთა კავშირის ისტორიას და სტალინის როლს თანამედროვე საჯარო სკოლებში. იქნებ, სწორედ საკლასო ოთახში ეპოვათ პასუხი მათ მიერვე დასმული ერთ-ერთი კითხვისთვის, თუ რატომ უყვარს დღემდე საზოგადოების ნაწილს სტალინი? მით უმეტეს, რომ ამ საკითხით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია სხვადასხვა დროს დაინტერესდა და მცირე კვლევაც ჩატარებულია.

ფილმში არც იმის ჩვენების მცდელობა ჩანს, თუ რას ფიქრობს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო გორელი მხატვრის ნამუშევარზე, სადაც სტალინს შარავანდედი მოსავს. თავად მხატვარი ამბობს, რომ დამკვეთის თხოვნით მსგავსი ნახატის ხუთი ეგზემპლარი შექმნა; ან რამდენად კანონიკურია ის, რომ მართლმადიდებელი მღვდლის შესამოსლით მოსიარულე პირი ამ ნახატს ხატად აღიქვამს, ჩუქნის მუზეუმს, როგორც ექსპონატს და ნახევრად გაუგებარ ლოცვისმაგვარ სიტყვებს ამბობს: „იესო ქრისტემ ქრისტიანული საბჭოეთური ნეტარების დიქტატურის დამყარების სრულიად მსოფლიოში და სრულყოფილ სამყაროში სძლია ინგლისელების, ამერიკელების და ებრაელების ეშმაკთა ალიანსი, სძლიე დამყარებულ სატანისტურ დიქტატურას. ჰე, ამენ იყავ. გამარჯვებაი გაგემარჯვოს ძლევავ. იესო ქრისტეს ნათელი და მადლისა ჭეშმარიტების ყოვლისა... ხელმწიფებით იბერიელთა,და ივერიელთა და ქართველთა ქვეყანაი სამთთაებაი ღმერთთა და მთავრანგელოზ...“ (სტილი დაცულია)

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფილმში გორის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი დავით რაზმაძე უფრო შორს მიდის და სტალინსა და დავით აღმაშენებელს შორის პარალელს ავლებს. საკრებულოს თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული კომენტარები ააშკარავებს, რომ სტალინის ძეგლის აღდგენის მოთხოვნა არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდის გულშემატკივართა ჯგუფს ეკუთვნის, არამედ იდეის მხარდამჭერები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოშიც უნდა ვეძებოთ. მეტიც, ადგილობრივი დეპუტატი ამბობს, რომ ბუნებრივია, როცა ლატვიელებს, ლიტველებს, ესტონელებს არ ესმით სტალინის მნიშვნელობა, რადგან ბელადი ქართველი იყო და „ჩვენს გენეტიკაში დევს“ თანამემამულის სიყვარული.

მართალია, ავტორი ეცადა, სტალინის თაყვანისმცემელთაგან მიეღო პასუხები კითხვებზე, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი 1937 წლის რეპრესიებზე, ასეულ ათასობით მოქალაქის გადასახლებაზე, დაპატიმრებებზე... ყველა რესპონდენტის პასუხი ერთმანეთს ჰგავს: ეს ბოროტება არა სტალინმა, არამედ ბერიამ ჩაიდინა; მაგრამ ამის საპირწონედ ფილმში ვერ ვხედავთ ისტორიკოსს ან საბჭოთა პერიოდის მკვლევარს, რომელიც აუდიტორიას მიუკერძოებლად, ფაქტებზე დაყრდნობით მოუყვებოდა, თუ რა მოხდა სინამდვილეში - რამდენად შეიძლებოდა სტალინის თანხმობის გარეშე რეპრესიების განხორციელება. ეს ხომ არ არის ისეთი ინფორმაცია, რომლის მოძიებას არქივში საათობით მუშაობა სჭირდება. არაერთმა ცნობილმა ორგანიზაციამ ეს სამუშაო უკვე ჩაატარა და საზოგადოებისთვის შედეგები ხელმისაწვდომია, მათ შორის საქართველოშიც. რატომ უნდა დაეტოვებინა ფილმის ავტორს მაყურებელი მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაციის იმედად, თუ ნამუშევრის მიზანი საბჭოთა წარსულის სწორი გააზრება იყო? მით უმეტეს, იმის ფონზე, როცა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობები ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ინტენსივობით ჩნდება, მათ შორის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგანაც კი. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ამ პარლამენტარის ნარატივს ემთხვევა ფილმის არა ერთი რესპონდენტის სულისკვეთებაც.

„რა გვინდა ევროპაში, ჩვენი ხსნა რუსეთშია, მართლმადიდებლურ რუსეთში“, „რას გვაძლევს ატლანტიკური სივრცე, ომს რომ ვიღაცა დაგვიწყებს, არავინ მოგვეშველება, თუ არა რუსეთი“, „სიყვარულით გავსებული პიროვნება“, „ცაში ღმერთი, მიწაზე - სტალინი“, „ქალაქს სტალინის ძეგლი აკლია“, - ეს და სხვა უამრავი ფრაზა ფილმში საპასუხო შეფასებების გარეშე დარჩა, რაც ქმნის იმის საფრთხეს, რომ ფილმის დასაწყისში მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი მიზნის საპირისპირო შედეგი დადგება: საპირწონე მოსაზრებებისა და ფაქტებით გამყარებული მტკიცებულებების არარსებობის გამო, ფილმის მაყურებელთა ნაწილი ამ მოცემულობას მიიღებს ისე, როგორც არის და შეიძლება პროტესტიც კი არ გაუჩნდეს გორში სტალინის კულტის არსებობის გამო. ამიტომაც არ უნდა გვიკვირდეს, რომ მომავალში სტალინის მუზეუმის დასათვალიერებლად სკოლიდან ექსკურსიაზე წასული მოსწავლეები სტალინს ისევ დადებითი კონტექსტით მოიხსენიებენ.

აქვე საზოგადოებრივ მაუწყებელს შევახსენებთ 2013-2014 წლის პროგრამულ პრიორიტეტებს, რომელიც სამეურვეო საბჭოს მიერ2013წლის24 ივნისს დამტკიცდა. ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია სწორედ ისტორიულ პუბლიცისტიკას ეხება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პროგრამირებაში ყურადღება მაქსიმალურად უნდა გამახვილდეს შემეცნებით კომპონენტზე. შემეცნებით პროგრამებში გამოყენებულ უნდა იყოს მეცნიერულად დადასტურებული და მეცნიერულ ცოდნაზე დაყრდნობილი ინფორმაცია.

შესაბამისად, ვსვამთ კითხვას - რატომ არ ჩანს ფილმში საარქივო მასალები; რატომ არ ისმის ისტორიკოსების, თეოლოგების, სოციოლოგების კომპეტენტური პასუხები; რატომ არ ჩანან სტალინური რეპრესიების მსხვერპლების შთამომავლები; რატომ შემოიფარგლნენ ავტორები მხოლოდ სტალინის თაყვანისმცემელთა შეფასებებით, რითიც შეზღუდეს საანალიზო სივრცე აუდიტორიისთვის.

ფილმის ავტორებს იმაზე მაინც უნდა ეზრუნათ, რომ ფილმის სახელწოდებაში (საერთაშორისო წმინდანი) სიტყვა წმინდანი ბრჭყალებში ჩაესვათ. შესაძლოა, ასეთი დასათაურება შემოქმედებით ჯგუფს სტალინის კულტისადმი პირადმა გროტესკულმა დამოკიდებულებამ გადააწყვეტინა, მაგრამ მათ ამ გროტესკის მიწოდების ფორმაზეც უნდა ეფიქრათ - ფილმის ამგვარი დრამატურგიით და რეჟისურით გადაღებამ რიგით მაყურებელს, შესაძლოა, არა გროტესკის, არამედ პროპაგანდის შთაბეჭდილება დაუტოვოს.

თამარ რუხაძე

ბლოგის ავტორი : თამარ რუხაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ