29.04.2015
ქართული მედიის ნაწილმა ამ თემის გაშუქებისას მოვლენებს წინ გაუსწრო და ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის (ე.წ. ისლამური სახელმწიფოს) მიერ სირიასა და ერაყში მცხოვრები ქრისტიანი ასურელების მიმართ ჩადენილ დანაშაულს გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა.
„რუსთავი 2-ის“ გადაცემა „P.S-ის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი სირიასა და ერაყში მცხოვრები ასურელების წამებისა და მასობრივი მკვლელობების ფაქტებზე მოგვითხრობს. ჟურნალისტი ISIS-ის მიერ ჩადენილ მკვლელობებზე საუბრობს. ამბობს, რომ ტერორისტები ადამიანებს ასაკის, სქესის, ეროვნებისა თუ აღმსარებლობის განურჩევლად ხოცავენ, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ასირიელ ქრისტიანებს დევნიან: „რამდენიმე ვიდეოში ქრისტიანებს სარწმუნოების შეცვლას სთხოვენ. უარის შემთხვევაში დაუნდობლად კლავენ. მსგავსი ინფორმაცია ყოველდღიურად აღწევს საქართველოში მცხოვრები ასირიელების ყურამდე და მსოფლიოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ“.
სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ამბობს, რომ ასირიელები ითხოვენ, ახლო აღმოსავლეთში „ქრისტიანების გენოციდს“ საზოგადოებამ მეტი ყურადღება დაუთმოს.
ბუნებრივია, თემას, რომელიც „რუსთავი 2-მა“ წამოწია, გვერდი ვერც სხვა მედიასაშუალებებმა აუარეს. გამონაკლისი არც „იმედი“ იყო. 19 აპრილს გასულ ტოკ-შოუ „იმედის კვირის“ ერთი ნაწილი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს დაეთმო. თემაც იგივე იყო, რაც „რუსთავი 2-ზე“, მთავარი რესპონდენტიც და შეფასებაც, რომელიც წამყვანმა შესავალში გააკეთა: „ამ კვირაში თითქმის ყველგან, სოციალურ ქსელებსა თუ საინფორმაციო საშუალებებში სირიასა და ერაყში წლების განმავლობაში მიმდინარე ქრისტიანების გენოციდზე მსჯელობდნენ“.
ტერმინი გენოციდი, როგორც საერთაშორისო დანაშაულის აღმნიშვნელი ცნება, 1948 წელს დამკვიდრდა და ჟენევის კონვენციამ ის განსაზღვრა, როგორც „სამოქალაქო მოსახლეობის რასობრივი ან ეროვნული ჯგუფების წინასწარგამიზნული და სისტემური მოსპობა ერებისა და ხალხების გარკვეული რასების ან ფენების რასობრივი და რელიგიური ჯგუფების განადგურების მიზნით.“ გენოციდის ფაქტს გენოციდის საწინააღმდეგო კონვენციის საფუძველზე გაერო-ს სასამართლო ან საერთაშორისო ტრიბუნალი ადგენს. ასურელი ქრისტიანების მასობრივი წამებისა და მკვლელეობების ფაქტს გენოციდის კვალიფიკაცია ამ ეტაპზე არა აქვს. არა აქვს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს საქმე სასამართლოსა და ტრიბუნალზე, ჯერჯერობით, არავის წაუღია და განუხილავს.
გარდა ამისა, მსოფლიოს ყველაზე დიდი ტერორისტული ჯგუფის მებრძოლები სასტიკად უსწორდებიან არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ სხვა რელიგიების და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, მათ შორის მუსლიმ შიიტებს, იეზიდებს, თურქმენებსა და შაბაკებს, თუმცა ამბის ეს ნაწილი, რატომღაც, ქართული მედიასაშუალებების დიდ ნაწილს ყურადღების მიღმა დარჩა. ქართულისგან განსხვავებით, უცხოური მედია წლებია სირიაში მიმდინარე ამბებს ამომწურავად, სხვადასხვა ფოკუსითა და რაკურსით აჩვენებს და არც დანაშაულის ფაქტებს არჩევს რელიგიური ნიშნით. მანანა ვარდიაშვილი