12.05.2015
ეს დიალოგი გორელების უმეტესობისათვის ნაცნობია. ნაცნობი და მტკივნეული. შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს - ნერვები უნდა მოიშალო. არადა, როგორც გერმანელებს - ჰიტლერი, გორელებს ასე გვერგო სტალინის თანაქალაქელობის „ტვირთი“და გვინდა თუ არა, უნდა ვზიდოთ.
გერმანელებისაგან განსხვავებით, გორელებს არაექსპრესიული კომპლექსი გვაქვს. თავს არ ვღუნავთ დამნაშავეებივით (ყოველ შემთხვევაში, სხვის დასანახად), თუმცა გულში მწარედ გვხვდება სხვების ქილიკი. ქილიკი, რომელიც სტერეოტიპებზეა დაფუძნებული და კბილებით ვიცავთ საკუთარ ქალაქსა და რეპუტაციას.
ბევრი დარწმუნებულია, რომ გორში სტალინის კულტია. დისკუსიისას არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ გორელებმა ძეგლის აღება გააპროტესტეს. სჯერათ, რომ ამ ქალაქში ბავშვებმა სოსელოს ყველა ლექსი ზეპირად იციან, რომ მათთვის აგვისტოს ომიც არ გამოდგა ჭკუის სასწავლებელი..
მოკლედ, საზოგადოების ნაწილს ისეთი მსუყე და საფუძვლიანი ინფორმაცია და დასკვნები აქვს, ხანდახან ეჭვიც შეგეპარება, ნამდვილად ხარ თუ არა გორელი და სერიოზულად უფიქრდები, ხომ არ გრძნობ სტალინის ხსენებაზე გულში პატრიოტული სიმების რხევას ან ხომ არ გჯერა, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილის ბრალი იყო, თორემ რუსეთი ამას არაფრით იკადრებდა. სტერეოტიპები იმდენად ღრმად არის გამჯდარი, რომ მათთან საბრძოლველად ისღა დაგრჩენია, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოძებნო სტალინსა და მაშინდელ ეპოქაზე, მოძებნო და ისტორიული ფაქტებით შეიარაღდე.
სტალინისა და გორის თემა განსაკუთრებით აქტუალური ცხრა მაისის პერიოდში ხდება. მედიამაც კარგად იცის, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, სტალინის მოყვარული ქალაქი და კომუნიზმის მომხრე გორელები კიდევ ერთი კარგი მასალა იქნება რეზონანსის გამოსაწვევად და არც ერიდება.
“იმედის კვირის“ ჟურნალისტის განწყობა და მიზანი, თუ რისი ჩვენება სურს სიუჟეტით, კითხვის ფორმულირებაშივე ჩანს: „რატომ გიყვართ სტალინი გორელებს?“
სტალინის ფორმაში გამოწყობილი სიუჟეტის ავტორი საკუთარი მოსაზრებების ფაქტებად წარმოდგენას სტუდიაში აგრძელებს. ჩატარებული ქუჩის გამოკითხვის საფუძველზე ასკვნის, რომ „სტალინი თითქმის უკლებლივ ყველა გორელს უყვარს და მისი ფოტო ყველა ოჯახში კიდია“. აქვე ამატებს, რომ გამოკითხვის ჩატარებისას, კითხვის დასმის შემდეგ, ერთმა გოგომ უთხრა, კარგია რომ სტალინს არ ჰგავხარო, საიდანაც ასკვნის, რომ რესპონდენტმა ვერ გაუმხილა სტალინისადმი უარყოფითი დამოკიდებულება: „თუ ამას ხმამაღლა იტყვის, კომუნისტები სახლს გადაუწვავენო“.
მეორე საკითხი, რომელიც სტალინს ეხება, მისი ძეგლი და სახლ-მუზეუმია, რომელიც ასევე არაერთგზის გამხდარა ქილიკის საგანი. მისი არსებობის მოწინააღმდეგეებმა, ალბათ, არ იციან, რომ გორის ცენტრში მდებარე ეს შენობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი მუზეუმია, რომელიც წელიწადის ყველა დროს სავსეა ტურისტებით.
მსგავსი სახის სიუჟეტები სტერეოტიპების გამყარების გარდა არაფერს ემსახურება. სტერეოტიპების, რომლებიც გორელების ირგვლივ მითსა და რეალობაში არსებობს და სტალინის კომპლექსის მოხსნის საშუალებას არ იძლევა.