28.06.2015
იმ საღამოს „რეაქციას“ თავისი რეაქცია ჰქონდა ამ ფაქტზე - „დაპირისპირება პარლამენტში, დაპირისპირება პოლიტიკაში, დაპირისპირება საზოგადოებაში, დაპირისპირება ოჯახებში, დაპირისპირება ტრანსპორტში, დაპირისპირება სოციალურ ქსელებში, სიძულვილის ენით ერთმანეთთან დაპირისპირებული საქართველო. დღეს „რეაქციაში“, საღამოს ათ საათზე დისკუსია თემაზე - ორად გაყოფილი და მუდმივად დაპირისპირებაში მყოფი საზოგადოება, რომელიც მხოლოდ მაშინ ერთიანდება, როცა ქვეყანა კრიზისულ სიტუაციაშია“.
როგორც ყოველთვის, ანონსის ტექსტი იმდენად დრამატულია, რომ მეორედ მოსვლის შეგრძნებას ტოვებს. წამყვანი, რომელსაც განსაკუთრებული უნარი აქვს, სრულიად უწყინარ თემაზეც კი ისე შეარჩიოს რესპონდენტები, რომ ჩხუბის გარეშე საუბარმა არ ჩაიაროს, დაპირისპირებაზე გადაცემას ამზადებს. ამიტომაც ამ გადაცემას იმ დღეს უფრო მეტი ინტრიგა ჰქონდა ჩემთვის.
იმ საღამოს დაპირსპირებაზე მოსაუბრეები, სხვის გაუნათლებლობაზე ქილიკის პარალელურად, თავად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ამავე გადაცემაში. ტოკ-შოუ ჯერ დაწყებული არ იყო, ტელეწამყვანი გიორგი ნაღზაიძე და ჟურნალისტი ზაზა სვანიძე ფილოლოგ ლევან ღვინჯილიას დაეტაკნენ, თუ პირიქით. ორჯერ გადახვევა დამჭირდა იმისათვის, რომ გამეგო, ერთმანეთისგან რა უნდოდათ.
სტუდიაში ასევე ისხდნენ არჩილ გამზარდია, თამრიკო ჭოხონელიძე, რეზო მიშველაძე, გიორგი მელაძე და გიორგი მიქანაძე. პირადპირ ეთერში ჩართეს დეკანოზი თეოდორე გაგნიძე.
ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ამ გადაცემისთვის სტუმრებს ერთადერთი კრიტერიუმით არჩევენ - ვინ უფრო მეტად დაუპირისპირდება ერთმანეთს. პრაქტიკულად არც ერთ გადაცემას არ ჩაუვლია ყვირილის და ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე. ხელჩართული ჩხუბიც არაერთი გვახსოვს.
სტუმართა შერჩევის კრიტერიუმებზე ვფიქრობდი მაშინაც, როცა უმუშევრობაზე სასაუბროდ დასაქმებული თამარ ბელქანია უმუშევარ ეკა კვალიაშვილსა და ირმა სოხაძესთან ერთად დასვეს და სიტუაციის დასაზღვევად (ემანდ, ჩუმად არ ჩაევლო ყველაფერს) ბაკურ სვანიძეც მოიწვიეს.
როცა სტუმრების შერჩევასთან ერთად წამყვანი საკუთარი კითხვებით პროვოცირებას უკეთებს კამათს, მერე, როცა ყვირილს იწყებენ, არ აჩერებს არც ერთს და საბოლოოდ ჩხუბით მთავრდება ყველაფერი, დაპირსპირებაზე წუხილი ზედმეტად ყალბად ჩანს.
რეზო მიშველაძემაც საუბარი იმით დაიწყო, ისე მიგყავთ ხოლმე გადაცემა, მისი დასრულების მერე 15 წუთი ვძიგძიგებო.
არ ვიცი,ტოკ-შოუს სცენარში რა ეწერა, მაგრამ გადაცემის დასაწყისიდან დასასრულამდე ჟურნალისტმა მხოლოდ ერთი კითხვა დასვა - რატომ ვცხოვრობთ მუდმივი დაპირისპირების რეჟიმში? უფრო სიღრმეში აღარც წასულა. ყველა რესპონდენტი იმაზე წუხდა, როგორ ვერ იტანენ ქართველები ერთმანეთს.
ერთგვარი ილუსტრაცია გამოვიდა იმ „მეორედ მოსვლის“ ანონსში რომ დაიხატა. არადა, ჟურნალისტს პოლიტიკოსზე არანაკლები პასუხისმგებლობა აკისრია საზოგადოების წინაშე - მან არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს, არამედ პირიქით - თავიდან უნდა აირიდოს შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია, სიძულვილის ენა. მერე საკითხები სიღრმისეულად განიხილოს, გადაცემის თემას ფართო კონტექსტში შეხედოს და საქმიანად იმსჯელოს. გადაცემის ბოლოს კი მაყურებელმა უნდა გაიგოს, რა იყო პრობლემის არსი.
ამის გარეშე გადაცემას მხოლოდ ქრონომეტრაჟის შევსების ფუნქცია ენიჭება. ამასთან, ის კარგად იყოფა ეპიზოდებად სოციალურ ქსელში გასაზიარებლად.
ასეთ დროს კარგად ჩანს ხოლმე გადაცემის მთავარი მიზანი - რა არის მისი ამოსავალი წერტილი, აქვს თუ არა გამართული სარედაქციო მიმართულება და ძირითადი ფასეულობები, რის დამკვიდრებასაც ხელს უწყობს.
იმ საღამოს „რეაქციაში“ ცილისწამების და გინების დაუსჯელობაზე შეწუხდნენ, იმაზეც, რომ „კანონი რომ არ კანონობს“ ამ კუთხით. რამდენიმე წუთის განმავლობაში ორი სტუმარი სწორედ ამ საკითხზე კამათობდა.
ამ დროს წამყვანი გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას არც კითხვით და არც რეპლიკით არ შეხებია.