მედია, გადამწვარი სახლი და არდანახული დანაშაული
13.07.2015
დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივმა მოსახლეობამ ის სახლი დაწვა, სადაც არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი ცხოვრობდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 14 წლის თანასოფლელი ბიჭი გააუპატიურა. სექსუალური ძალადობის შემდეგ არასრულწლოვანმა საკუთარი სახლის ეზოში თვითმკვლელობა სცადა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მოსახლეობამ ბრალდებულის სახლი ჟურნალისტების თვალწინ გადაწვა. კადრებში, რომელიც “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 30 ივნისს გავიდა, კარგად ჩანს, როგორ ადის კიბეზე მამაკაცი, რომელსაც ხელში, სავარაუდოდ, საწვავით სავსე ბოთლი უკავია, ჯოხებით შეიარაღებული ადამიანები კი ამ დროს სახლის ფანჯრებს ამტვრევენ.

სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, ისევე, როგორც არასრულწლოვნის გაუპატიურება და მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა, სისხლის სამართლის დანაშაულია და მის ჩამდენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება. თუმცა, ამაზე “რუსთავი 2-ის” სიუჟეტში არაფერი თქმულა.

მედიამ, რომელიც სოფელში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გასაშუქებლად ჩავიდა, უშუალოდ მის თვალწინ მომხდარი დანაშაული არც კი შეიმჩნია - თითქოს ამაში უჩვეულო, მიუღებელი და გაუმართლებელი არაფერია, ეს ასეც უნდა იყოს და ბრალდებულსა და მის ოჯახს განაჩენი და სასჯელი არა სასამართლომ, არამედ სოფელმა უნდა გამოუტანოს.

ჟურნალისტს, რომელიც სახლის დაწვის კადრებს იღებს, კითხვა - სად არის პოლიცია და რას აკეთებს ის სოფელში მომხდარი მორიგი კრიმინალური შემთხვევის აღსაკვეთად, არც გასჩენია. არც ის უთქვამს, რა სასჯელი ელით იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს-ესაა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქების წესები ნათლადაა გაწერილი. ამ წესის(მუხლი 49) თანახმად, მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელმაც შესაძლოა წააქეზოს ან წაახალისოს დანაშაულის ჩადენა ან გამოიწვიოს ანტისოციალური ქმედება, ან რომელიც იწონებს უკანონო, ძალადობრივ, სახიფათო ან ანტისოციალურ ქმედებას. ამავე ქცევის კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია დანაშაულის ჩადენის ხერხის ისეთი აღწერა ან დემონსტრირება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დანაშაულის ჩადენას.

რაც შეეხება ონლაინ მედიას, მედიასაშუალებების ნაწილმა ლინჩის წესით გასამართლების მოთხოვნა სათაურში გამოიტანა. www.ambebi.ge-მ გარდაცვლილი მოზარდის ვინაობა და საცხოვრებელი მისამართი დააზუსტა და მისი ფოტოც გამოაქვეყნა. იგივე მასალა ვრცელი სახით გაზეთ “კვირის პალიტრის” ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. სტატიაში - "ის ცოცხალი არ უნდა დარჩეს!" - სოფელი შემზარავ დანაშაულში ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს”, სტატიაში რესპონდენტების მხრიდან ისმის ძალადობრივი მოწოდებები და მისი გამართლება.

"მიცვივდა ხალხი და სახლი დაუწვა. მაგრამ უკეთესი იყო, თავადაც შინ ყოფილიყო და გამოეწვათ! როცა იქნება ციხიდან გამოვა და ცოცხალი დარჩება. ეგ კი ცოცხალი არ უნდა დარჩეს!" - ციტირებს გაზეთი ერთ-ერთი ადგილობრივის კომენტარს.

"მაგ არაკაცს ხალხის უნდა ეშინოდეს, ციხე ვერ უშველის, ამიტომაც დავწვით მისი სახლი!", ... “დავწვით და დავბუგეთ ის მორიელების ბუდე”, - ამბობს ამავე სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები.

ლინჩის წესით გასამართლების პრაქტიკა ცივილიზებულმა მსოფლიომ კარგა ხანია უკან მოიტოვა. გამოცდილებამ ცხადყო, რომ ხშირად ჩაქოლილი და სიკვდილით დასჯილი "დამნაშავე" დამნაშავე სულაც არ იყო.

გახსოვთ, ალბათ, 1996 წელს კასპის რაიონის სოფელ დოესში ლინჩის წესით გაასამართლეს აფხაზეთის ომის მონაწილე, რომელსაც თანასოფლელი გოგონას გაუპატიურება ბრალდებოდა. ის ბოძზე დააბეს და ცოცხლად დაწვეს. საცხოვრებელი სახლი გადაუწვეს ძმას და მის ოჯახს სოფლიდან წასვლა აიძულეს. მოგვიანებით, უზენაესმა სასამართლომ სოფლის მიერ სიკვდილმისჯილი “დამნაშავე” უდანაშაულოდ ცნო.

განაჩენის გამოტანა სოფელმა სასამართლოს ამ შემთხვევაშიც დაასწრო.

მედიამ კი სოფლის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ და ლინჩის წესით გასამართლების პრეცედენტის დაბრუნების საშიშროებასა და მიზეზებზე არაფერი თქვა და ხმა არ ამოიღო.

ბლოგის ავტორი : მანანა ვარდიაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ