რატომ არ ველოდები “თავისუფალ სივრცეს”
16.07.2015
ეს სვეტი არის მცდელობა - ავხსნა, თუ რატომ არ ველოდები “მაესტროს ცხრიანის” “თავისუფალ სივრცეს”.

ზოგადად, ძალიან რთულია დაძაბული ახალი ამბების შემდეგ მაყურებელი იმავე გადაცემით „გადააწყო“ მსუბუქ ტალღაზე, საინფორმაციოს ოფიციალური წამყვანები არაფორმალურ გარემოში გადაიყვანო და მხატვრებთან, კომპოზიტორებთან, მომღერლებთან განსხვავებულ თემაზე ასაუბრო. ვფიქრობ,“თავისუფალი სივრცე” ერთგვარი მცდელობაა, ახალი ამბების დასრულების შემდეგ, მაყურებელმა არ გადართოს სხვა არხზე, სადაც, როგორც წესი, 22 საათიდან გასართობი გადაცემები ან “საპნის ოპერები” იწყება. თვავისუფალი სივრცე კი, რესპონდენტების საზოგადოებრივი ცხოვრების გარდა, გარკვეულ ინფორმაციას მათ პირად ცხოვრებაზეც გვაწვდის. კი, ბატონო, არცერთი მედიასაშუალება ისე არ იფერებს, ირგებს სიყვითლეს, როგორც ტელევიზია და ამისგან დიდძალ მოგებასაც იღებს, მაგრამ მთავარი ხომ კონტექსტია - საინფორმციო გამოშვებაში, ახალი ამების შემდეგ ინტერვიუ პირად საკითხებზე, სულ მცირე, გარკვეულ უხერხულობას ქმნის.

დააკვირდით მოწვეულ სტუმრებს - თავისთავად ეს ადამიანები საინტერესონი არიან წარსულით, აწმყოთი და სამომავლო გეგმებითაც, მაგრამ მე, როგორც მაყურებელს, რა მირჩევნია - ზურაბ ყიფშიძის კარგი ტელეპორტრეტი ვნახო თუ ე.წ. ჰარდთოქისთვის მოწყობილ სტუდიაში ვუსმინო მსახიობს, რომელიც უხერხულად იღიმება კითხვაზე, თუ როდის იტყვის მთავარ სათქმელს კარიერაში?

„თავისუფალი სივრცე“ რეალობად აქცევს იმ მითს, რომლის მიხედვითაც „ქართულ ჟურნალისტიკაში“ ყოველთვის მსუბუქად და აგდებით ვუყურებთ სპორტს, კულტურას...

გვგონია, რომ ეს ხელწამოსაკრავი სფეროებია და მათ გაშუქებას ნებისმიერი ჟურნალისტი ადვილად შეძლებს. არადა, სინამდვილეში პირიქითაა: კულტურა ერთ-ერთ ყველაზე რთულ თემად მიიჩნევა, მისი გამშუქებელი ჟურნალისტები კი საქართველოში თითზე თუ ჩამოთვლებიან. სწორედ ამიტომ აქვს ჩვენთან ჟურნალისტიკას ინტელექტუალური დეფიციტი კულტურის სფეროში.

პოლიტიკური რეპორტინგით დაკავებულ ჟურნალისტს კი, ბუნებრივია, ვერ მოვთხოვთ კულტურის მოვლენების არათუ სიღრმისეულ ცოდნას, არამედ ამგვარი ახალი ამბებისთვის თვალის მიდევნებასაც კი. საამისოდ მას, სამწუხაროდ, არც დრო აქვს და არც გარემოებები უწყობს ხელს.

საქართველოში სერიოზულ თემად მხოლოდ პოლიტიკა მიგვაჩნია, თუმცა პოლიტიკური საკითხების სიღრმისეულად დაფარვასაც ვერ ვახერხებთ. თითქმის ყველა პოლიტიკური გადაცემა ზედაპირული კითხვებით არის სავსე, სადაც არათუ ანალიზი, მისი მცდელობაც არ ჩანს. ამ ფონზე კი „თავისუფალი სივრცე“ საინფორმაციო გამოშვების ფორმატიდან სრულიად ამოვარდნილია. მაყურებლისათვის არაბუნებრივია წამყვანი, რომელიც მთავრობის წარმომადგენლისათვის ჯერ უხერხული კითხვების დასმას ცდილობს, შემდეგ კი სხვისი პირადით ინტერესდება.

მაინც, რა არის „თავისუფალი სივრცე?“ როცა ეს სიტყვები მესმის, ასოციაციურად წარმომიდგება ადგილი, სადაც აზრის გამოთქმა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აკი „მაესტროს“ კიდეც აქვს მსგავსი პრეცედენტი „ერთი წუთის“ სახით. ამ მცირე ზომის ვიდეოებმა, რომელშიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ მოქალაქეებს უფრო ხშირად იხილავთ, პოპულარობა მალე მოიპოვა. საკუთარ გულისტკივილზე გულწრფელად მოსაუბრე ადამიანებით, გამოჩენისთანავე მიიპყრო მაყურებელთა ყურადღება. მიზეზი რამდენიმეა: გამოჩნდა “რიგითი მოქალაქე” (იმედია, ამ სიტყვებს ოდესმე აღარ მოვისმენ ქართული სატელევიზიო ეთერიდან); აღმოჩნდა, რომ სოფელს, ქალაქს, ქვეყანას ჰყავს ძალიან საინტერესო მოქალაქეები - ისინი არც არტისტები არიან, არც ორკესტრს დირიჟორობენ, არც წიგნების ცნობილი მაღაზიები აქვთ, ცხოვრობენ საკუთარი რუტინით და წუხან მთის სოფლების დაცარიალებაზე, გაუმართავ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ეკოლოგიაზე, განათლებაზე, მიუსაფარ ბავშვებზე, გლობალურ დათბობაზე, ქვეითად მოსიარულეთა უფლებებზე, ყოველდღიურ არანორმატიულ ლექსიკაზე… ბევრ რამეზე წუხან - ამ მონოლოგებით “მაესტროს” რეალური შანსი მიეცა, სათქმელი უფრო მეტი ინტენსივობით მიეწვდინა საზოგადოებისთვის, ხელისუფლებისთვის. თუმცა არხმა არჩევანი მაინც არა “რიგითებზე”, არამედ “სელებრითებზე” გააკეთა და ისიც, ძალიან უადგილოდ და უდროოდ.

წარმოგიდგენიათ, როგორი საინტერესო იქნებოდა მასწავლებლის, ექიმის, მშენებლის, ხაბაზის და სხვათა თავისუფალი სივრცე, თავისუფალი ყოველგვარი გავლენისგან, შეზღუდვისა და შიშისგან, რომ დღეს ეთერში ნათქვამი კრიტიკული მოსაზრება სისტემაზე ხვალ დაქვეითების ან - სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არ გახდება? სივრცე, რომელიც “მაესტროზე” არა ერთი წუთით, არამედ 20 წუთით იქნებოდა შემოფარგლული?

საინტერესოც და რეზონანსულიც...

თუმცა “მაესტრომ” ხელოვანებზე აქცენტის გაკეთება და ამით საინფორმაციო გამოშვებაში კულტურის ამბების სიმწირის გადაფარვა არჩია. სახელოვნებო და თავისუფალი სივრცე ერთმანეთისაგან განსხვავდება. სამწუხაროდ, „მაესტროს“ ეს სივრცე არც ისე თავისუფალია სწორედ იმ ამბებისგან, რომელთა შესახებ წამყვანები სტუმართან საუბრამდე 5 წუთით ადრე უყვებიან აუდიტორიას.

ბლოგის ავტორი : თამარ კარელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ