25.09.2015
მედიის დასჯის სურვილის ნაკლებობას არც პოლიტიკოსები განიცდიან - უფრო შორს მიდიან და შიგადაშიგ ან ბოიკოტის გამოცხადების, ანდა კანონით შეზღუდვის იდეა წამოსცდებათ ხოლმე. მერე, რა თქმა უნდა, ახსენდებათ გაზეპირებული ტექსტი, რომ მედიის/გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია, და იწყებენ ახსნას, როგორ ვერ გაიგო მედიამ რისი თქმა უნდოდათ. არადა რა მიხვედრა ამას უნდა, თუკი რომელიმე სიუჟეტში რამე არ მოეწონებათ, რიგითი მოქალაქიდან დაწყებული - თანამდებობის პირებით დამთავრებული,უმრავლესობას მედიის სანქცირების სურვილი უჩნდება.
ისეც ხდება, უბრალოდ ცუდად გაკეთებული, უგემოვნო მასალები რომ ეთიკის სტანდარტის დარღვევა ჰგონიათ ხოლმე და ისევ სანქცირებას ითხოვენ.
ეთიკური სტანდარტები ყველა პროფესიას აქვს, მაგრამ არ მახსენდება სფერო, სადაც ამ ნორმების დარღვევის გამო საზოგადოებას ასეთი ვნება ჰქონდეს რომელიმე მათგანის დასჯის. ალბათ იმიტომ, რომ არც ერთი სხვა პროფესიის ყოველდღიური საქმიანობა ხალხის თვალწინ ასე არ ჩანს.
მედიის მიერ დაშვებული შეცდომა თვითრეგულირების საკითხია და არა რეგულირების. ეს ორი ცნება კი ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. მარტივად რომ ვთქვათ, პირველ შემთხვევაში ჟურნალისტები აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას და შეთანხმებული წესების დაცვის ვალდებულებას იღებენ. რეგულირებისას კი გარეშე სტრუქტურებს აძლევ იმის საშუალებას, რომ შენს საქმეში ჩაერონ და სანქცია დაგიწესონ.
საქართველოში თვითრეგულირების ორი მექანიზმი არსებობს - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და თვითრეგულირების ორგანო, რომელიც ყველა მაუწყებელს აქვს შექმნილი ორგანიზაციის შიგნით. არც ერთი მათგანი სანქცირებას არ ითვალისწინებს. ქარტია დარღვევას უბრალოდ აფიქსირებს, თვითრეგულირების ორგანო კი მაუწყებელს ავალებს ინფორმაცია უარყოს ეთერში იმავე დროს, რა დროსაც არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, შესაძლებელია, თავად მედიასაშუალებას ჰქონდეს რაიმე რეგულაცია, რომლის მიხედვითაც „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დარღვევის გამო გარკვეულ სანქციას უწესებდეს ჟურნალისტს.
რეგულირება ნიშნავს იმას, რომ სხვას ანიჭებ უფლებას ჩაერიოს შენს საქმეში და მანიპულაციის საშუალებასაც უტოვებ. მედიის წინააღმდეგ მანიპულაციას კი რა შედეგი მოაქვს, ყველამ კარგად იცის.
სინამდვილეში მედია ისჯება, თანაც იმაზე ხშირად, ვიდრე რიგით მაყურებელს წარმოუდგენია. მაშინაც, როცა ქარტიის საბჭო დარღვევას ადგენს, იმ შემთხვევაშიც თუ თვითრეგულირების ორგანო შესწორებას დაავალებს და მაშინაც, როცა საერთოდ არავინ უჩივლებს.
შეცდომების დაშვებას მაყურებელი არ პატიობს მედიას. ყველაზე დიდი საბჭო სწორედ ხალხია, რომელიც ყოველთვის ამჩნევს უზუსტობასაც, მიკერძოებასაც, უსამართლობასაც. რამდენიმე დარღვევის შემთხვევაში კი მკაცრად სჯის მას - უბრალოდ აღარ ენდობა.
მაყურებლის ნდობა ფუნდამენტია, რაზეც მედია დგას, ნდობადაკარგული გამოცემის არსებობას აზრი არ აქვს.
სწორედ იმიტომ, რომ ნდობა არ დაკარგოს,მედია ცდილობს თვითრეგულირებით გააძლიეროს პროფესიონალიზმი. იქამდე, სანამ აუდიტორიის განწყობა შეიცვლება, თავად შიგნით მოაგვაროს პრობლემა, გამოასწოროს შეცდომა. ვინაიდან პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას მოაქვს ნდობა, ნდობა კი სიძლიერე და ხელშეუხებლობაა.
ჰოდა, საკუთარ შეცდომებზე პასუხს მედია ყოველთვის აგებს ხოლმე იმაზე მწარედ, ვიდრე ერთი ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება ან ხელფასის დაქვითვაა.