12.11.2015
მერე გეუბნებიან, ხვალ თათბირისთვის რამე თემა მოიფიქრეო. მოდიხარ სახლში და ფიქრობ, ისეთი შეარჩიო, თან რედაქტორსაც რომ მოეწონოს და თან მართლა კარგად დაწერა შეძლო. ფიქრობ და სტუდენტური ამბების იქით არაფერი გახსენდება. სოციალური თემებიც გადამღერებულია, ყველამ ყველაფერი დაწერა, ამ გაჭირვებაზე ახალი რა უნდა თქვა. მეილზე ერთი პრესრელიზიც არ გაქვს (არც ერთ უწყებასთან შეხება არ გქონია აქამდე), პირადად არავის იცნობ, შენი ჯგუფელების უმრავლესობა სტაჟიორებიც არ არიან, შესაბამისად, ვერ დაგეხმარებიან. რამდენიმე საათიანი უშედეგო ქექვის მერე ორ თემას არჩევ - განათლებას და ჯანდაცვას უკავშირდება.
მიდიხარ პირველ თათბირზე newsroom-ში და შენი რიგი რომ მოვა, რედაქტორი კითხვებით გჭედავს. შენ ხომ რესპონდენტების სახელებიც კი არ იცი ჯერ. რედაქტორის უკმაყოფილო სახის დანახვისას თვითშეფასება კიდევ უფრო გიქვეითდება. იმ დღესაც რჩები რედაქციაში იმ იმედით, რომ სადმე ჟურნალისტი დააკლდებათ და შენ გაგიშვებენ შავ საქმეზე მაინც.
არადა, რა მარტივად იქნებოდა საქმე, ის ელექტრონული ბაზები რომ გცოდნოდა, სადაც შესვლა და ქექვა მოქმედ ჟურნალისტებსაც ავიწყდებათ მიმდინარე ამბებზე გადართვის გამო.
აი, მაგალითად, მთავრობის დადგენილებები და განკარგულებები. პირველივე გვერდზე ნახავდი, რომ შეიცვალა სოციალური დახმარების მიმღებ პირთა წრე. იქვე მოძებნიდი ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015) შესრულების შუალედური ანგარიშსაც. ან კიდევ იმას შეამჩნევდი, რომ ხობის მუნიციპალიტეტს ერთი მილიონი ლარი გამოუყვეს. მერე იტყოდი, რომ გამოითხოვ საჯარო ინფორმაციას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გადარიცხული თანხების შესახებ და კარგ მასალას მოამზადებდი.
იმასაც ჩაინიშნავდი, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სახელფასო ფონდი შეიცვალა. მერე საკანონმდებლო მაცნეში შეიხედავდი და ნახავდი, რომ ჯერ არ გამოქვეყნებულა დანართი და შემდეგი თათბირისთვის ჩაინიშნავდი, შეადარებდი, გაიზარდა თუ შემცირდა სახელფასო ფონდი და საშტატო განრიგი.
ამის შემდეგ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შეხვიდოდი, გამარტივებულ ანდა პირდაპირ შესყიდვებსაც ჩახედავდი და ნახავდი, რომ შპს „სტადიონმა“ ბათუმში 27 მილიონ ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა საავადმყოფოს ასაშენებლად, ბათუმის მერია კი 20 მილიონად "ჭაობის დასახლების” ქუჩის კეთილმოწყობას აპირებს.
მერე ადგებოდი და ტენდერში მონაწილე კომპანიებს მოქექავედი სამეწარმეო რეესტრში, სადაც ყველაფერია კერძო კომპანიების შესახებ, მფლობელები, დირექტორები, მათი შეცვლა- დანიშნვის ოქმები, ნასყიდობის ხელშეკრულებები. განმცხადებლებით კი ბევრი რამე შეიძლება აღმოაჩინო, მაგალითად, რომელი კომპანიები გადავიდნენ სახელმწიფო მფლობელობაში, რომელ მსხვილ კომპანიას შეეცვალა დამფუძნებელი. მერე ამ ტიპების კავშირს ახლობლებთან დაადგენდი ცესკოს ამომრჩეველთა ერთიანი სიით. რა იცი, ვისი ოჯახის წევრი აღმოჩნდეს.
თანამდებობის პირების ქონებას დეკლარაციების ვებგვერდზე გადაამოწმებდი, შეადარებდი, რა შეიძინეს ამ წლების განმავლობაში.
ან შეხვიდოდი სამინისტროების ვებსაიტზე და ნახავდი ასეთ განყოფილებას “საჯარო ინფორმაცია”, აღმოაჩენდი, რომ ყველა სამინისტრო მალე გამოაქვეყნებს მესამე კვარტლის ანგარიშებს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის რეკლამის განთავსების შესახებ, ამასაც მოინიშნავდი შემდგომი თათბირისთვის.
ყველაზე მარტივად კი opendata.ge-ს, საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზას გახსნიდი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უკვე გამოთხოვილ ათასობით ინფორმაციას გადაათვალიერებდი და შეუძლებელია რამდენიმე თემა მზად არ გქონოდა უკვე.
მაგრამ ამ ბაზების არსებობის შესახებ არავის უთქვამს შენთვის და შენც გჯერა, რომ ინფორმაცია მხოლოდ თავისით მიდის ჟურნალისტთან.