ჟურნალისტები თამაშის გარეთ
11.11.2015
2007 წლის 7 ნოემბერი არ მახსოვს.

იმ დროს უნივერსიტეტში ვსწავლობდი და მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ძალადობა არის ცუდი. ამიტომაც 7 ნოემბრიდან მხოლოდ დარბევის კადრები, თარგამაძის „მოვიდნენ“ და „ყველაფერი კარგად იქნება“ მახსოვს. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად არ იყო, თუმცა რა დააშავა მაუწყებელმა ისეთი, რომ მისი გათიშვა და ჟურნალისტების ცემა გახდა საჭირო, არ ვიცოდი.

სტუდენტებს ფიქრი გვეზარებოდა ან არ გვქონდა იმდენი ცოდნა, რომ პრობლემა სიღრმისეულად დაგვენახა. ამ ამბის ანალიზი თავისი კონტექსტის ახსნით, არც ლექტორებს შემოუთავაზებიათ. რამდენიმე თვის მერე ვწერდით საშინაო დავალებებს, როგორ ემთხვეოდა ამბების თანმიმდევრობა ერთმანეთს ყველა არხზე. არ მოგვწონდა, ძირითადად იმიტომ, რომ მოსაწყენი გვეგონა სანახავად. ამაზე ღრმად მაშინ არ წავსულვართ.

მერე გვიან გავიგე ასეთი ტერმინი „ფულის ჩასხმა“. არ ვიცოდი, რა იყო. მომერიდა იქ კითხვა. ჩემ გარდა ყველამ იცოდა, რას ნიშნავდა. იმ დღიდან სხვანაირად დავიწყე მედიის ამბების თვალის დევნება.

ჩვენთან პოლიტიკური პარტიის მთავარ ბერკეტად მედია მიიჩნევა. ამიტომაც ვისაც კი პოლიტიკაში მოსვლის პრეტენზია აქვს, მედიას იმეგობრებს, ყიდულობს, აფუძნებს, რა მნიშვნელობა აქვს ფორმას, მთავარია მისი გავლენის ქვეშ იყოს. იყენებს საკუთარ რუპორად და საუბრობს იმაზე, რაც მხოლოდ მის ინტერესშია და არა - მაყურებლის. ამის შემდეგ მედისასაშუალების რეიტინგიც ეცემა ხოლმე და თავად პოლიტიკოსიც კარგავს ქვეყანაში არსებული სიტუაციის აღქმას.

სწორედ ამიტომ პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან ბრძოლას მათდამი ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებების დისკრედიტაციითა და განეიტრალებით იწყებენ. რთულია, მოისმინო საგნობრივი პოლემიკა ან კრიტიკა რაიმე სახელმწიფო მნიშვნელობის თემაზე, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საკითხის განხილვაზე თითქმის არასდროს უპირისპირდებიან საარჩევნო პროგრამით. სამაგიეროდ ხშირია ჟურნალისტებზე გადაბრალება კარგი ამბებისაც და ცუდისაც, გააჩნია ვის რა ინტერესი აქვს. ამ ქვეყანაში ყველაფერი მედიის გაშუქების ბრალია.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უკვე რამდენიმე მაგალითი გვაქვს, რომელიც ცხადად აჩვენებს, რომ მედიის, როგორც პოლიტიკური ძალის იარაღად აღქმა არასწორია. იარაღად აღქმული მედიის ინტერესები რეალურად არავის აინტერესებს. აი, ის ადამიანები, ვინც იქ მუშაობენ, ხშირად ექსტრემალურ სიტუაციებში, ვინც მართლა ყბადაღებულ „წვიმასა და ქარში დარბის“ იმისთვის, რომ ინფორმაცია გაავრცელოს, თამაშგარე მდგომარეობაში არიან.

ამიტომაც არის რომ ზოგჯერ ისე იხურება არხი, კომპენსაციებსაც არავინ უხდის თანამშრომლებს, გადაცემის გაუქმება შეიძლება სადმე შვებულებაში მყოფმა გაიგო, ან გითხრან, რომ მალე გავა ეთერში შენი საგამოძიებო ფილმი, გადაიღო რამდენიმე და თაროზე შემოდებული დარჩეს, სულ ტყუილად გეგონოს, რომ რეალურად მუშაობ. ან სულაც, არხზე დაგეგმილი ცვლილებების შესახებ კოლეგა ჟურნალისტისგან გაიგო. ანდა, ისეც მომხდარა, არავინ რომ არ გხვდება პირადად და ერთი მესიჯით გიშვებენ სამსახურიდან.

მათი ბედი სადღაც ზემოთ მავანთა მსჯელობისას წყდება. იმათ კიდევ ყველაზე მეტად სწორედ რედაქციების გაძლიერება არ უნდათ. იმიტომ რომ ძლიერი რედაქცია ავტონომიური ხდება. რთულია მისთვის მითითებების მიცემა, აქვს თავისი სარედაქციო პოლიტიკა და მოქმედებს მის შესაბამისად, აქვს მაყურებლის ნდობა, ვითარდება სტაბილურად, არ სჭირდება მავანთა ფული და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მაყურებლის წინაშე.

არადა, არავის სიამოვნებს სხვის მიერ შედგენილი „ვიორსტკით“ მუშაობა. უბრალოდ ზოგი უფრო პრინციპულია, ზოგი ნაკლებად, ვიღაცას აქვს იმედი, რომ შეცვლის რამეს, ვიღაცას არა, იმას უფრო მეტი კრედიტი აქვს, ამას - ნაკლები. და რადგან დაჟინებით ვიმეორებთ ფრაზას „თუ არ მოგწონს, წადი“ იმ იმედით, რომ ყოველთვის აღმოჩნდებიან მავანთაგან დავალებულები და რადგანაც, ერთიანი ღირებულებები და პრინციპები არასდროს გვქონია, ვრჩებით ბერკეტად, რომელსაც საჭიროებისამებრ უპრობლემოდ იყენებენ.

ბლოგის ავტორი : ნატა ძველიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ