17.07.2017
ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე: ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
ხშირად, ჟურნალისტები თავს იმართლებენ, რომ ბალანსის დაცვისთვის მეორე მხარე სჭირდებათ. სწორედ აქ არის პრობლემა - ძალადობის და დისკრიმინაციის მომხრე ვერასოდეს იქნება საზოგადოებრივი დისკუსიის პროცესში მეორე ლეგიტიმური მხარე. ტექნიკური ბალანსი არ არის პროფესიული სტანდარტი. მაგალითად, როცა ქალს სახის გამოჩენისთვის ქვებით ქოლავენ, ქმართან გაშორებისთვის სახეს მჟავით უწვავენ, გაუპატიურებით ემუქრებიან, მოძალადეები ვერ იქნებიან ამ თემაზე საჯარო დისკუსიის ლეგიტიმური მონაწილენი. მედიამ საზოგადოების ინფორმირებას უნდა შეუწყოს ხელი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა მეტი გაიგონ კონკრეტული საკითხების შესახებ და შემდეგ, სწორი არჩევანი გააკეთონ. მარტივად, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, მტერი და მოკეთე გაარჩიონ ერთმანეთისგან.
როცა ეთერში ისმის ქსენოფობია - განსხვავებულის მიმართ სიძულვილი, ჟურნალისტი ვალდებულია, რომ რესპონდენტი გააჩეროს და არ დაუშვას სიძულვილის ფრქვევა. ფაქტებით გამყარებული ინფორმაციით და საკითხის ცოდნით დაიცვას ადამიანები უმრავლესობის, იქნება ეს ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური, ტერორისგან.
კომუნიკაციის თეორეტიკოსი, მედიის კრიტიკოსი და კოლუმბიის პროფესორი ჯეიმს ქერი წერდა, რომ მედია არ არის საზოგადოების მხოლოდ ამსახველი, ის ქმნის კიდეც საზოგადოებას, საზოგადოების საერთო და მნიშვნელოვან ღირებულებებსა და კონტექსტებს. მედია საზოგადოებრივი დისკუსიის, უფრო სწორად სამოქალაქო საჯარო დისკუსიის მონაწილეა. სამოქალაქო სივრცისთვის კი ქსენოფობია სრულიად მიუღებელი და დაუშვებელი მოვლენაა. სამოქალაქო სივრცისთვის სწორედ საერთო საჯარო სიკეთეა მნიშვნელოვანი.
მედიის სოციოლოგი, მრავალი წიგნის ავტორი ახალი ამბების სოციოლოგიასა და ინფორმაციის გავლენაზე მაიკლ შადსონი წერს, რომ მედია მშრალად არ უნდა აშუქებდეს მოვლენებს და უნდა ეცადოს, რომ ყურადღება მიაქციოს გასაშუქებელი საკითხის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა კონტექსტებს, რაც საზოგადოებას ამ მოვლენის არსში უკეთ გარკვევაში დაეხმარება.
პროფესიული მედიის როლი უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ აღწეროს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქმედება, მაგალითად ქსენოფობთა მარში, არამედ ახსნას რა არის მარშის მხარდამჭერთა მოტივაცია, აჩვენოს მარშის სრული კონტექსტი და მნიშვნელობა ჩვენი მულტიკულტურული, მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის. კულტურის ისტორიკოსები წერენ, რომ მთავარია აჩვენონ არა მხოლოდ მოქმედება, არამედ ისიც, რა მნიშვნელობა, მიზეზები და შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ მოქმედებას. მოახდინოს მისი მენტალური, ემოციური, კონცეპტუალური დეკონსტრუქცია. ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აღწერა, რაც ჟურნალისტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, არამედ ფართო კონტექსტის ჩვენება, ერთი შეხედვით დაფარული მნიშვნელობებისა და სიმბოლოების ახსნა. მედიის მიზანია იმ მსოფლმხედველობის დეკონსტრუქცია, რომელიც რესპონდენტს ამოძრავებს. სწორედ ამიტომაა უმნიშვნელოვანესი მოვლენის, საკითხის სახელდება - ეთნიკურად არაქართველი ადამიანების მიმართ სიძულვილის მობილიზება ვერ იქნება ქართველთა მარში, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორებს ასე უნდათ პოზიციონირება და პატრიოტიზმით სპეკულაცია. მედიამ უნდა დაარქვას მოვლენებს სახელი, თქვას, რომ ეს ქსენოფობთა მარშია, რომელსაც თავად ორგანიზატორები ქართველთა მარშს უწოდებენ.
თუ საკითხის მშრალად გაშუქება და ტექნიკური ბალანსი ხელს უშლის მოვლენის არსის გაგებას, ე.ი. მედია ვერ ასრულებს მთავარ ფუნქციას - სიმართლე მოუყვეს საზოგადოებას.
მოვლენების მიუკერძოებელი გაშუქება არ ნიშნავს სიმართლის დაკარგვას. მოვლენების არსის ანუ სიმართლის ჩვენება კი გამორიცხავს სხვაზე მოძალადეების ლეგიტიმურ მხარედ აღიარებას და საზოგადოებრივი სიკეთისთვის უმნიშვნელოვანესი ხარისხიანი დისკუსიის იაფფასიან, მყვირალა ცირკად ქცევას.