მედია, ტური და საჩუქარი
29.02.2016
ერთ-ერთმა კომერციულმა ორგანიზაციამ ჟურნალისტთა ნაწილს “პროფესიონალიზმისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის” დიდი მადლობა გადაუხადა და ბონუსის სახით კრის ბოტისა და სტინგის კონცერტის ბილეთებითაც დაასაჩუქრა. ერთი ბილეთის ფასი 200-დან 600 ლარის ფარგლებში მერყეობს. ძვირადღირებული საჩუქრის მიღების შემდეგ “დიდი მადლობის” ნიაღვარი ახლა უკვე მეორე მხრიდან წამოვიდა და სრულიად ფეისბუკი ამ კომერციული ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისადმი ჟურნალისტების მხრიდან მიძღვნილმა სამადლობელმა პოსტებმა და წითელ-წითელმა გულებმა წალეკა.

კომერციულ ორგანიზაციებსა და საჯარო დაწესებულებებს მედიასთან ურთიერთობის სტრატეგია წინასწარ აქვთ გაწერილი და ამ სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად სოლიდური ბიუჯეტიც აქვთ გამოყოფილი. ბიუჯეტში ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი საჩუქრები და მედიატურები აუცილებლად არის გათვალისწინებული. გახსოვთ, ალბათ, საახალწლოდ მედიის წარმომადგენელთა ფეისბუკ-კედლები სხვადასახვა პარტიების, სამინისტროების და კომპანიების მიერ გაგზავნილი საჩუქრების ფოტოებით რომ აჭრელდა.

ჟურნალისტთა გულის მოგების კიდევ ერთი ნაცადი საშუალება მედიატურია.

დღეს რამდენიმე მათგანს შეგახსენებთ: ეგვიპტეში მომხდარი ტერაქტებიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ამ ქვეყნის ცნობილ კურორტებს ერთდროულად რამდენიმე წამყვანი ქართული ტელევიზიის ჟურნალისტები ესტუმრნენ, ოქროსფერ სანაპიროზე სიუჟეტები მოამზადეს და გვანახეს, რომ იქ, ფარაონების მიწაზე, საშიში არაფერი ხდებოდა და წითელი ზღვის სანაპიროზეც “ხარისხიანი დასვენების” მოყვარული ზუსტად იმდენივე ადამიანი ისვენებდა, რამდენიც ტერაქტებამდე.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ქართულმა ტელეკომპანიებმა, რომლებსაც ხშირად საკუთარი კორესპონდენტების საქართველოს რეგიონებში გაგზავნისთვის საჭირო ფულიც კი არა აქვთ, ეგვიპტის საკურორტო სეზონის გადარჩენის დიადი მიზნით, შარმ-ელ-შეიხის ცნობილ კურორტებზე ჟურნალისტები საკუთარი ხარჯით მიავლინეს.

არ ვიცი, რა გარიგება შედგა ტელეკომპანიებს და ტუროპერატორებს შორის: ეს ჩვეულებრივი რეკლამა იყო, რომელიც ძირძველი ქართული სატელევიზიო ტრადიციის თანახმად რეკლამის აღმნიშვნელი ნიშნის გარეშე გაუშვეს თუ - ბარტერი, სადაც რეკლამა საკუთარი თანამშრომლის დასვენებაში გაცვალეს.

ის კი ვიცი, რომ ეს ჩვეულებრივი სიუჟეტი არ იყო. ასეთი “არაჩვეულებრივი” სატელევიზიო მასალა ეთერში საახალწლოდაც გავიდა. ცნობილი გასართობი გადაცემის წამყვანი სტუმრების დიდი ამალით, რომელშიც, სხვათა შორის, ჟურნალისტებიც იყვნენ, ერთ-ერთ ცნობილ ეგვიპტურ კურორტს სტუმრობდა. წამყვანმა სიუჟეტშივე გვითხრა, რომ დაისვენა “ისე, როგორც არასდროს”, რომ ეგვიპტეში საშიში არაფერია და იქვე, სტუმართან ერთად, კარგი დასვენებისთვის მადლობა იმ ტურისტულ კომპანიასაც გადაუხადა, რომლის მეშვეობითა და დაფინანსებითაც შარმ-ელ-შეიხის იმ ცნობილ კურორტზე მოხვდა.

ჟურნალისტები, პროდიუსერები, რედაქტორები და წამყვანები, როგორც წესი, ასეთ მედიატურებში უფასოდ მიჰყავთ. სამაგიეროდ, ისინი მედიაპროდუქტს ქმნიან, რომელსაც შემდეგ ფართო აუდიტორია ნახავს.

მედიატურის დამკვეთის მიზანიც სწორედ ეს არის - ის ამ ტურის ფარგლებში მედიაში მის შესახებ გასულ რეკლამასთან ერთად ჟურნალისტების კეთილგანწყობასაც ყიდულობს.

მედიის წარმომადგენლებისთვის ტურებს კომერციულ ორგანიზაცია-დაწესებულებებზე ხშირად სახელმწიფო უწყებები მართავენ. მაგალითად, ტურიზმის ადმინისტრაციამ გასულ ზაფხულს ჟურნალისტებს იმერეთსა და სამეგრელოში უმასპინძლა. მედიის 40-მდე წარმომადგენელს დასავლეთ საქართველოს ამ ორი რეგიონის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად 2 დღე დასჭირდა. მათ ჯერ მარტვილში, კანიონში უმასპინძლეს, შემდეგ სოფელ სალხინოში ამოგზაურეს, სადაც დადიანების საზაფხულო რეზიდენციას ესტუმრნენ და იქაური სასულიერო პირების მიერ დაყენებული შავი ღვინოც დააგემოვნეს. მედიატურის ბოლო გაჩერება ოკაცე იყო. ჟურნალისტებმაც გზად შემხვედრ ტურისტებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კომენტარები და ინტერვიუ ჩაწერეს, სადაც მან ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დიდი ხალისით ისაუბრა.

ყველაზე შთამბეჭდავი მაინც თავდაცვის სამინისტროს მიერ გასული წლის ზაფხულში გამართული მედიატური იყო, როცა ჟურნალისტები თითქმის ერთი კვირით “ჯარისკაცები გახდნენ”. ერთკვირიანი მედიატურის შედეგი თავდაცვის სამინისტრომ, ალბათ, მედიაში გასული სიუჟეტების და ინტერვიუების რაოდენობით დათვალა. თუ ასეა, შედეგი ნამდვილად დადგა - ტურის დროსაც და მის შემდეგაც სატელევიზიო, ბეჭდურ თუ ონლაინ მედიაში მინისტრისა და მისი საქმიანობის შესახებ არაერთი ინტერვიუ და რეპორტაჟი გავიდა: მინისტრი საველე წვრთნებზე,

მინისტრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული მებრძოლების მშობლებთან შეხვედრაზე, მინისტრი გმირთა მემორიალთან, მინისტრი სასადილოში, ქართული ჯარის კვების პროდუქტებით მომარაგების თაობაზე, მინისტრი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობის შესახებ...განსახილველი საკითხების სპექტრი, ისევე როგორც მოსანახულებელი ბაზების არეალი, ფართო იყო.

თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან ერთად ურეხის, სენაკის, სორტის, კოპიტნარისა და ქუთაისის სამხედრო ბაზებში იმყოფებოდა.

ჟურნალისტების მგზავრობის და კვების ხარჯები, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრომ დაფარა. საქართველოში ეს ჩვეულებრივი ამბავია და აღარც არავის უკვირს. არადა იქ, სადაც მედიას არსებობის და გამოცდილების უფრო დიდი ისტორია აქვს, მიაჩნიათ, რომ მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი რესპონდენტისა და ჟურნალისტის ურთიერთობაა. ჟურნალისტისა და ინფორმაციის წყაროს ურთიერთობას დასავლეთში ყველა თავმოყვარე მედია საკუთარი შინაგანაწესით მკაცრად არეგულირებს.

ასე მაგალითად, The New York Times თავად ფარავს ჟურნალისტისა და ინფორმაციის წყაროს შეხვედრისთვის საჭირო მგზავრობისა და კვების ყველა ხარჯს, მაშინაც კი, როცა ინფორმაციის წყარო ოფიციალური პირი და საჯარო მოხელეა. თუ ჟურნალისტი გარკვეული მიზეზის გამო ვერ ახერხებს საკუთარი ხარჯის ანაზღაურებას, მან რესპონდენტთან შეხვედრასა და ინტერვიუზე უარი უნდა თქვას. პრესკონფერენციაზე ერთი ფინჯანი ყავის დალევა თუ ნებადართულია, სამაგიეროდ შინაგანაწესი მკაცრად კრძალავს სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ საუზმესა და ლანჩზე ჟურნალისტის დასწრებას.

ჟურნალისტმა არ უნდა მიიღოს საჩუქარი, ბილეთი, ან ფასდაკლება იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისგან, რომელთა შესახებაც ის მასალებს ამზადებს ან შესაძლოა მომავალში მოამზადოს. გამონაკლისია 25$-ზე ნაკლები ღირებულების სუვენირი, მაგალითად, ჭიქა კომპანიის ლოგოთი. უფრო ძვირადღირებული საჩუქარი ჟურნალისტმა უკან უნდა დააბრუნოს. რედაქციაში ამ შემთხვევისთვის სპეციალური წერილის ტექსტიც კია შემუშავებული.

მკაცრია რეგულაციები იმ ჟურნალისტებისთვისაც, რომლებიც მოგზაურობის და დასვენების შესახებ წერენ. მათ არ უნდა მიიღონ სასტუმროების, კურორტების, რესტორნების, ტუროპერატორების, ავია ან სარკინიგზო კომპანიების უფასო ან ფასდაკლების სერვისი: რედაქციას მიაჩნია, რომ ჟურნალისტების შრომა რეალობას ყველაზე კარგად მაშინ ასახავს, როცა ისინი ისეთსავე პირობებში იმყოფებიან, როგორშიც ჩვეულებრივი მომხმარებლები არიან. მსგავსი რეგულაცია საქართველოშიც არსებობს. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 30-ე მუხლში, რომელიც სახელმძღვანელო რეკომენდაციაა მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის შესახებ, წერია, რომ მაუწყებლის თანამშრომლებმა არ შეიძლება მიიღონ საჩუქრები, მგზავრობის ან სხვა ხარჯები ან სხვა ძვირადღირებული ნივთები ინფორმაციის წყაროსგან ან იმ პირთაგან, რომლებზეც მაუწყებელი ამზადებს რეპორტაჟს.

ბლოგის ავტორი : მანანა ვარდიაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ