22.04.2016
რამდენიმე დღის წინ ფონიჭალაში, ავტოსადგომზე მყოფ სამ ახალგაზრდას უცნობმა პირებმა ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს. ორი მათგანი ადგილზევე დაიღუპა. ამბავი მყისიერად მოხვდა ქართული ტელეკომპანიების კრიმინალურ ქრონიკაში. ჟურნალისტებმა ჭირისუფლები მაშინვე დაკითხეს და მიუხედავად იმისა, რომ მათგან საინტერესო და ღირებული ვერაფერი მოისმინეს, მათი მწუხარების ამსახველი კადრები ეთერში გაუშვეს.
მთავარი მაინც ის არის, რომ კრიმინალური ამბებიდან ხშირად ვერაფერს ვიგებ. არა მგონია, პრობლემა მარტო ჩემში იყოს.
აი, მაგალითად ერთი სიუჟეტი განვიხილოთ:
წამყვანი წარმდგენ ტექსტში აცხადებს: “მკვლელობა მოხდა თელავის რაიონში. სოფელ ვარდისუბანში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცივი იარაღით სასიკვდილოდ ის თანასოფლელმა დაჭრა. მამაკაცის გადარჩენა თვითმხილველმა სცადა, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი, რომელიც დანაშაულს აღიარებს”.
ამის შემდეგ კადრში ქალი ჩნდება, რომელიც ამბობს: “წერილი დაგვიდო... 2-3 დღისით. რა იქნა ბიჭი, აზრზე არა ვარ. გვაწუხებს, განა ცოტა ხანია, 13 წელიწადი”. ჟურნალისტის კითხვაზე, რა დაპირისპირება ჰქონდათ ერთმანეთში, ამბობს: “ცოლი მოსწონს თითქოს... ალალი ბიძაშვილები არიან. როგორ შეიძლება ის, რასაც ეგ აკეთებს. მაგრამ მილიცია არაფერს ეუბნებოდა”.
ტიტრში მითითებულია რესპონდენტის ვინაობა. ისიც, რომ ის ვინმე ვეფხია გლურჯიძის დედაა. თუმცა ვეფხია გლურჯიძე ბრალდებულია თუ ის მამაკაცი, რომელიც ურთიერთშელაპარაკების შემდეგ გარდაიცვალა, არსად ჩანს. ეს დეტალი რომ გაარკვიოთ, დამატებითი ინფორმაცია თავად უნდა მოიძიოთ. გადაამოწმოთ შსს-ს და სხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ნახოთ ბრალდებულის და გარდაცვლილის სახელის და გვარის აღმნიშვნელი ინიციალები და დასკვნაც ისე გააკეთოთ.
კიდევ უფრო რთულადაა საქმე მაშინ, როცა ამბავი შედარებით უფრო ჩახლართული და მრავალპერსონაჟიანია. ამბის გადმოცემის ასეთ სტილთან ერთად სიუჟეტში მოხვედრილი „არაფრისმნახვველი“ დამიანებიც მაკვირვებს. გინახავთ არაფრისმნახველი თვითმხილველი? არც მე!ასეთი ხალხი, როგორც წესი, კამერის დანახვაზე უკანმოუხედავად გარბის, ხელებს ასავსავებს და ამბობს, რომ არაფერი გაუგონია, დაუნახავს, არაფერი იცის.
ამავე ამბის ამსახველ კიდევ ერთ სიუჟეტში, სწორედ ასეთი ადამიანია ჩაწერილი. “ვიღაც მოკლესო, ისიც არ ვიცი, ვინ მოკლა, ეგეც არ ვიცი”, - ამბობს მამაკაცი. მომხდარი ამბის შესახებ არაფრისმცოდნე რესპონდენტი სიუჟეტში მაინც მოხვდა.
ამ სიუჟეტში კი ჟურნალისტი ცდილობს დაადგინოს, იუსტიციის სახლთან მიმდინარე დასუფთავების სამუშაოები, მერსედესის მარკის თეთრი ფერის ავტომობილიდან ანაბეჭდების აღება და მისი “სავარაუდოდ ექსპერტიზაზე გადაყვანა”, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის მკვლელობის ფაქტს ხომ არ უკავშირდება. ჩაწერილია ორი ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტს საკუთარ მოსაზრებას აცნობს: “ეტყობა ჩხუბი მოუვიდათ პოლიციელსა და იმას და რაღაცა მოხდა, რა”. მეორე რესპონდენტი კი, რომელიც, სავარაუდოდ, იქვე მდებარე რომელიმე რესტორნის თანამშრომელია, ამბობს: “10 წუთის უკან მოვედი, შევეკითხე და პასუხს არ მცემს არავინ”. ჟურნალისტის კითხვაზე, რა ხდებოდა, რა ნახეთ, ამბობს, რომ ტერიტორია პოლიციის ლენტით იყო შემოღობილი, მიუხედავად იმისა, რომ მისგან ღირებული ან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მოვისმინეთ, სიუჟეტში ისიც მოხვდა.
რით არის გამოწვეული ქართულ სატელევზიო კრიმინალურ ქრონიკაში არფრისმნახველი და არაფრისმცდონე თვითმხილველების და მოწმეების სიჭარბე?
რატომ ვუსმენთ და ვხედავთ ეკრანზე იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენთვის საინტერესო ( ან პროდიუსერები რომ ფიქრობენ, რომ ჩვენთვის საინტერესოა) ამბის შესახებ არაფერი იციან? ალბათ იმიტომ, რომ ჟურნალისტს სათქმელი და მოსაყოლი ბევრი არაფერი აქვს, არც საჩვენებელი, პროდიუსერი და რედაქტორი კი მისგან სიუჟეტს ან პირდაპირ ჩართვას ითხოვენ. იმნება შთაბეჭდილება, რომ არაფრისმნახველი და არაფრისმცოდნე თვითმხილველები და მოწმეები მხოლოდ საეთერო დროის შესავსებად გამოიყენება.