ლეონიდ ჩერნოვეცკი ბედნიერი საქართველოსთვის და “ტელეარხ 25-სთვის”
11.05.2016
“იცით, ვინც ამ ინტერვიუს ნახავს, გეტყვით, რომ საქართველოში არცერთი პოლიტიკოსი არ იქნებოდა ასე საინტერესო ინტერვიუს რეჟიმში, როგორც მე. იმიტომ კი არა, რომ ასეთი ჭკვიანი ან განსაკუთრებული ვარ. უბრალოდ, 25-წლიანი სტაჟის პოლიტიკოსი ვარ. შემიძლია ლაპარაკი და ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ. მაგრამ არცერთი ტელეარხი არ მაჩვენებს. პრინციპში, მთლიანად დამბლოკა “რუსთავი2-მა”, მედიამაც. ისინი არც კი მაჩვენებენ. ამიტომ ეს პრობლემა მაქვს არჩევნებთან დაკავშირებით,” - ამბობს სატელევიზიო ინტერვიუში უკრაინელი მილიარდერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც 2012 წლიდან ქობულეთში ცხოვრობს და ახლა ქართულ პოლიტიკაში და საქართველოს პარლამენტში მოსვლას გეგმავს.

ბიზნესმენსა და 25-წლიანი სტაჟის მქონე პოლიტიკოსს, უკრაინის პარლამენტის სამგზის დეპუტატს და კიევის ორგზის მერს, რომელსაც მის მშობლიურ ქვეყანაში კორუფციაში ადანაშაულებდნენ, “არჩევნებთან დაკავშირებული” პრობლემა” ტელეკომპანია - “TV25” მოუხსნა: ის ამ არხის ხშირი სტუმარია.



უკრაინელი ოლიგარქის შესახებ ამ ტელეკომპანიის ეთერში 15 აპრილიდან 10 მაისამდე შუალედში სამი სიუჟეტი და 2 ვრცელი ინტერვიუ გავიდა.

ის ხან მოგების გადასახადის გაუქმების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გვაცნობს, ხან კიდევ საკუთარი პარტიის რეიტინგზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მისი რეიტინგი 6 პროცენტია. როგორც თავად ამბობს, კვლევა მისი დაკვეთით კომპანია “ა-ცე-ტე-მ” (სავარაუდოდ, ეს კომპანია ACT უნდა იყოს) ჩაატარა და მისის შედეგების თანახმად, ის მიხეილ სააკაშვილს 3%-ით უსწრებს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კი მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თურმე “ადგილობრივი მოსახლეობა მას უფრო პრეზიდენტის რანგში ხედავს, ვიდრე საქართველოს პარლამენტში”.

აქვე ის საკუთარ ინიციატივაზეც საუბრობს და ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში სურს საქართველოს პარლამენტში უკრაინული მოდელი დაამკვიდროს და საკანონმდებლო ორგანოში ყოველკვირეული მოსმენები გაიმართოს: მოსმენებზე მოხსენებებით სხვადასხვა პრობლემების მქონე მოქალაქეები გამოვლენ, დეპუტატები კი მათ მოუსმენენ და პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებიან.

თუმცა, ყველაზე საინტერესო, ინტერვიუებია, რომლებიც ტელეკომპანიის - “TV25” ეთერში ძვირადღირებული სერიალებივით რამდენიმე დღეში ერთხელ გადის. უბრალო ინტერვიუ არ გეგონოთ: რუსულად მოსაუბრე უკრაინელი ბიზნესმენის ტექსტს ვიღაც ჟურნალისტი კი არა, მსახიობი კითხულობს: გარკვევით, გამოთქმით და ძალიან გასაგებად.

უკრაინელი მილიარდერიც ინტერვიუში კიდევ ერთხელ ჰყვება საქართველოში უკვე ათასგზის მოყოლილ თავგადასავალს, ჩერნოვეცკების გვარის და საბჭოთა ეპოქაში მისი ცხოვრების ისტორიას, ქართველ გოგონაზე დაქორწინების და განქორწინების, მეორე ცოლის მოყვანის და ქობულეთში დასახლების ამბავს. ათასმეერთედ მოვისმინეთ, როგორ უჭირდა და ხშირად ბავშვებისთვის რძის საყიდელი ფულიც რომ არ ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ინტერვიუს ჰყავს ინტერვიუერი ( აქედან ერთ-ერთი უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონია. ინტერვიუ ჩაწერილია გადაცემისთვის - “სტუმრად დმიტრი გორდონთან”, TV25-ს ეთერში კი 8 მაისს გავიდა), ხვდებით, რომ ინტერვიუს რეჟისორიც, დრამატურგიც, ინტერვიუერიც, რესპონდენტიც და მთავარი გმირიც ის არის - ლეონიდ ჩერნოვეცკი, “კაშკაშა ადამიანი”, გმირი კი არა, თითქმის ღმერთი - ადამიანი, რომელსაც “არაფრისგან რაღაცის შექმნა შეუძლია.” ჭკვიანი ბიზნესმენი და ქველმოქმედი, რომელიც ყოფილი სიდედრის და მამის მეორე ცოლის ნათესავების გარდა, კიდევ არაერთ გაჭირვებულს ეხმარება. ადამიანი, რომელმაც “ვერტმფრენით შემოუფრინა მთელ საქართველოს” და ისეთ ადგილებშიც არის ნამყოფი, სადაც ქართველები “ველურებივით ცხოვრობენ”.

ისიც გვითხრა, რომ უკრაინის პოლიტიკაში 25-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ შეეძლო, პოლიტიკური ცხოვრება აღარ გაეგრძელებინა, მაგრამ საქართველოში ნანახი, “შემაძრწუნებელი სიღარიბე წყნარად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.” ღრმად არის დარწმუნებული, რომ ის “ქართული საზოგადოების უმეტეს ნაწილს” სჭირდება.

ქვეყნის სიდუხჭირიდან გამოყვანის გეგმაც მზადა აქვს, არაფრის გამოგონება არ არის საჭირო: შვეიცარიულ კანონებს გადმოვწერთ და საქართველო მეორე შვეიცარია გახდება. გგონიათ, ვაჭარბებ? სულაც არა. სიტყვა-სიტყვით ვციტირებ.

ამ ინტერვიუს 27 აპრილს, “ტელეარხი 25-ის” ეთერში თითქმის 1 საათი დაეთმო. 8 მაისს კი იმავე არხის ეთერში ლეონიდ ჩერნოვეცკისთან დმიტრი გორდონის მიერ ჩაწერილი 75-წუთიანი ინტერვიუ გავიდა, ნაცნობი შესავლით: “უკვე მრავალი წელია ჩვენი დღევანდელი სტუმარი ყურადღების ცენტრშია. როგორც თვითონ ამბობს, აბსოლუტურად ბედნიერი და წარმატებული ადამიანია. მან ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა გახდეთ ბედნიერი, წარმატებული და მდიდარი ადამიანი.” ინტერვიუ ლეონიდ ჩერნოვეცკის დედაზე, პრასკოვია გავრილოვნაზე საუბრით იწყება...

აღარ გავაგრძელო, ხომ?

ფიქრობთ, რომ “მედიაპროდუქტები”, სადაც ჟურნალისტები უკრაინელ ბიზნესმენს ერთ კონტრშეკითხვასაც კი არ უსვამენ და არც მისი წარსული პოლიტიკური საქმიანობის საეჭვო დეტალებით ინტერესდებიან, მისმა საარჩევნო შტაბმა დაგეგმა?

დარწმუნებული ხართ, რომ ამ ინტერვიუებს და სიუჟეტებს „ა-ცე-ტეს“ მიერ ჩატარებული კვლევის მსგავსად, ლეონიდ ჩერნოვეცკი აფინანსებს და “TV 25-ის” ეთერში მის განთავსებასაც ის უზრუნველყოფს?

რაღა დაგიმალოთ და მეც ზუსტად ასე ვფიქრობ.

ბლოგის ავტორი : მანანა ვარდიაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ