17.03.2016
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი ცილისწამებას განსაზღვრავს, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ და პირისთვის ზიანის მიმყენებელ, მისი სახელის გამტეხ განცხადებას. თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც არ იქნა წამროჩენილი, კონკრეტული ქმედება ცილისწამებად ვერ დაკვალიფიცირდება.
თავის მხრივ, კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს საჯარო და კერძო პირს და ცილისწამებას თითოეული მათგანის შემთხვევაში განსხვავებულად აწესრიგებს. საჯაროა პირი, რომელიც მოიაზრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში გაწერილ თანამდებობის პირში; ასევე, პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. განსხვავებით საჯაროსგან, კერძოა პირი, რომელიც არის ფიზიკური ან იურიდიული პირი და არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევაში, ცილისწამების ფაქტის დადგენისას, მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ ვინ „განახორციელა“ ცილისწამება, არამედ, ვის მიმართ განახორციელეს ის. თავის მხრივ, სასამართლო პრაქტიკა ჩამოყალიბებულია იმ კუთხით, რომ საჯარო პირად მიჩნეულია ჟურნალისტი, მსახიობი, პოლიტიკოსი და სხვ. მიუხედავად დაკავებული თანამდებობის ან/და მისი ცნობადობისა. შესაბამისად, საჯარო პირის ცილისწამება იქნება, თუ ქმედება (რომელიც ქვემოთაა მოცემული) ცნობილი მსახიობის მიმართაა განხორციელებული და სხვ.
ცილისწამება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-14 მუხლებშია მოწესრიგებული. მე-13 მუხლის მიხედვით, კერძო პირის ცილისწამებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დგება, თუ პირი დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავს უშუალოდ მის შესახებ და ამით მას მიადგა ზიანი. ეს ორი წინაპირობა - მცდარი ფაქტებისა და ზიანის არსებობა - გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კერძო პირის ცილისწამების განსაზღვრისთვის.
დასახელებული კანონის მე-14 მუხლის მიხედვით კი საჯარო პირის ცილისწამებისთვის პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, თუ პირი დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავს უშუალოდ მის შესახებ, ამ ფაქტების გავრცელებით მას მიადგა ზიანი და ამ ფაქტის მცდარობა მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი (ან მოპასუხემ ისეთი დაუდევრობა გამოიჩინა, რამაც არსებითად მცდარი ფაქტების გასაჯაროება გამოიწვია). როგორც საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში ვხედავთ, ცილისწამების ფაქტის დადგენისთვის მესამე პირობაც უნდა არსებობდეს, განსხვავებით მე-13 მუხლისგან. კერძოდ, მოპასუხისთვის (ვინც ცილს სწამებს) წინასწარ უნდა იყოს ცნობილი ფაქტების მცდარობის შესახებ ან დაუდევრობით უნდა მოხდეს ფაქტების გასაჯაროება.
აღსანიშნავია, რომ როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში, აუცილებელია ფაქტი იყოს მცდარი. იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ გამოთქმულია მხოლოდ აზრი, ასევე, დაფიქსირებულია პოზიცია და ა.შ., ცილისწამება არ დადგება.
აქვე ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ დასახელებული კანონი ასევე ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც ცილისწამება შეიძლება გამოირიცხოს. კერძოდ, ესაა შემთხვევა, როდესაც კანონი წინდაწინვე გამორიცხავს ინფორმაციის გამავრცელების პასუხისმგებლობის საკითხს. ასეთია, მაგალითად, შემთხვევა, როდესაც პირმა განცხადება მოსარჩელის თანხმობით გააკეთა, ასევე, თუ საქმე გვაქვს საზოგადოებრივ ინტერესთან და სხვ.
ცილისწამებისთვის სარჩელის შეტანის ვადაა ასი დღე მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან მას შეეძლო გასცნობოდა ინფორმაციას. ტერმინში „შეეძლო გასცნობოდა“ იგულისხმება ნებისმიერი მედიასაშუალებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც არის საჯარო და რომელზე წვდომაც შეეძლებოდა პირს იმ მომენტში.
ცილისწამების შემთხვევაში, მოსარჩელეს უფლება აქვს, სარჩელთან ერთად მოითხოვოს მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. ასეთ შემთხვევაში ზიანი პირდაპირ მიზეზობრივ კავშირიში უნდა იყოს ცილისწამების ფაქტთან.
სერგი ჯორბენაძე