11.03.2016
ჟურნალისტური გაერთიანებები ყველა ქვეყანაში აღიარებენ ინფორმაციის წყაროების დაცვის განსაკუთრებულ მექანიზმს. იდენტური წესები მოქმედებს საქართველოშიც. მაგალითად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-6 მუხლის თანახმად, „ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო“ ქარტია განმარტავს, რომ „ამ მუხლის განხილვისას აღმოჩნდა, რომ არიან ჟურნალისტები, რომლებიც მუდმივად აპელირებენ კონფიდენციურ წყაროებზე, რის გამოც მათ მიმართ ნდობა დაბალია. კონფიდენციური წყარო უნდა უკავშირდებოდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ ინფორმაციას. თუმცა საზოგადოების მხრიდან ნდობა და უნდობლობა არ ცვლის ამ მუხლის შინაარსს: კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყაროს გამჟღავნება დაუშვებელია“.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოში 2009 წლის დეკემბრიდან მოქმედებს, ამავე წელს იყო მიღებული ინფორმაციის დაცვის კიდევ ერთი სამართლებრივი გარანტია - „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი.“ ამ დოკუმენტის თანახმად (მუხლი 14, პუნქტი 2), „სიზუსტის უზრუნველყოფისათვის, მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ“.
2006 წლიდანაა მიღებული “საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი” რომლის მე-5 თავი მთლიანად ეთმობა კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებისა და დაცვის სტანდარტს და კიდევ უფრო დეტალურად წარმოგვიდგენს რეკომენდაციებს როგორც ინფორმაციის ანონიმური წყაროს მნიშვნელობის, ისე დაცვის აუცილებლობის თაობაზე.
ამ დოკუმენტის თანახმად:
· წყაროების ანონიმურობის დაცვა ინფორმაციის თავისუფლების ერთ-ერთი ღირებული ელემენტია და ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობაა;
· ჟურნალისტმა, ჩვეულებრივ, არ უნდა გამოიყენოს ანონიმური წყაროები, თუ არსებობს ინფორმაციის სხვა, ღია წყაროებით მიღების შესაძლებლობა;
· ანონიმური წყაროს გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ინფორმაცია სანდო და ღირებულია და მისი გავრცელება სხვა გზით შეუძლებელია;
· კონფიდენციალურობის დარღვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ემსახურება საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, მაგალითად, როდესაც ინფორმაცია დანაშაულის მომზადებას ეხება. ასეთ დროს ჟურნალისტი მოვალეა, აცნობოს შესაბამის ორგანოებს მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ;
· კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნება, ასევე, გამართლებულია, როდესაც საკითხი სახელმწიფო ინტერესების დაცვას ეხება. ამის საჭიროება შეიძლება შეიქმნას მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას რეალური საფრთხე ემუქრება;
· წყარო, რომელიც ანონიმურობის დაცვას არ მოითხოვს, უნდა დასახელდეს;
· ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადაცემისას უნდა აღინიშნოს, რომ წყარო ანონიმურია;
· დასაშვებია მხოლოდ ისეთი კონფიდენციალური წყაროსგან მიღებული ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტი ენდობა. თუმცა წყაროს საიმედოობის მიუხედავად, უნდა გადამოწმდეს ინფორმაციის უტყუარობა;
· თუ ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს, ასეთ შემთხვევაში უნდა გამჟღავნდეს ანონიმური წყაროს მხოლოდ ის დეტალები, რომლებზეც წყარო იქნება თანახმა;
· ანონიმი რესპონდენტი ყველა საშუალებით უნდა იყოს დაცული. უნდა შეინიღბოს მისი გამოსახულებაც და ხმაც. დაუშვებელია ისეთი დეტალების ჩვენება, როგორებიცაა, მაგალითად, მისი მანქანის ნომერი, საცხოვრებელი სახლი და სხვ.
არის შემთხვევები, როდესაც ინფორმაცია ღირებულია და დაფარული რესპონდენტის გამოყენება გამართლებულია, თუმცა ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ მსგავსი წყაროდან მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდეს მიზნად, ვინაიდან წყაროს მიზანი ყოველთვის სიმართლის თქმა არ არის ხოლმე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ინფორმაციის დაცვის გარანტიების არსებობა გამოხატვის თავისუფლების რეალიზების ერთგვარ მექანიზმადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, საქართველოს კანონმდებლობით კი გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები („სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3.2. „დ“).
საიდუმლოების დაცვის გარანტიები დადგენილია ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის სპეციალურ თავში (თავი მესამე):
· პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა;
· სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება;
· დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა თვით მისი მფლობელის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე;
· სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს მტკიცებულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინება კონფიდენციალური ინფორმაციის მხოლოდ იმ ნაწილის გამხელასთან დაკავშირებით, რომლის გამხელის აუცილებლობაც დამტკიცდა;
· გამხელით მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რომლისთვისაც მოხდა მისი გამხელა.
ინფორმაციის წყაროს დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს კანონმდებლობა ლოიალურია ჟურნალისტის, როგორც შესაძლო მოწმის, მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად (მუხლი 50.1. „თ“) „მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ჩანაწერი ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტს შეუძლია თავი შეიკავოს ჩვენების მიცემისაგან, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილების თანახმად, ჟურნალისტებს შეუძლიათ არ ისარგებლონ გამონაკლისით და მისცენ ჩვენება სასამართლოს მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის წყაროების შესახებ. სწორედ აღნიშნული დაშვება წარმოადგენს განსხვავებას ეთიკური წესებისაგან, როცა იმთავითვე დადგენილია, რომ კონფიდენციალურად მოპოვებული ინფორმაციის წყაროს გამჟღავნება ეთიკური ჟურნალისტისათვის მიუღებელი ქმედებაა.
ცხადია, ჟურნალისტები ანგარიშვალდებულები არიან საზოგადოების და არა ინფორმაციის წყაროების წინაშე. ამიტომ საკანონმდებლო დონეზე ჟურნალისტს აქვს შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს გამოვიდეს თუ არა მოწმედ, მისცეს თუ არა ჩვენება სასამართლოს.
წყაროს დაცვის ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა მაიკლ ჯორდანის საქმეა. კარიერის დასაწყისში ჯორდანმა სთხოვა ჟურნალისტებს არ გაემხილათ ინფორმაცია მისი ქორწინების გარეშე დაბადებული შვილის თაობაზე. ჟურნალისტები ამაზე დასთანხმდნენ. „იგი მოსწონდათ და უნდოდათ მისთვისაც მოეწონებინათ თავი, და სჭირდებოდათ“ - განმარტავდა „ჩიკაგო ტრიბუნის“ პროექტებისა და გამოძიებების ასოცირებული რედაქტორი - „შეიძლება გაიმართოს სავსებით ჯანსაღი დისკუსია იმის შესახებ, არის თუ არა კალათბურთელის, თუნდაც სუპერვარსკვლავის, ქორწინების გარეშე დაბადებული შვილი ახალ ამბებში სალაპარაკო თემა. ამას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო მოთამაშის სპორტულ წარმატებებთან...წყაროების დაცვა და მოთაფვლა, რომ წყაროებად დარჩნენ - გინდ გასახდელში, გინდ მდიდრულ დარბაზებში - შეიძლება ადვილად გასცდეს იმ ზღვარს, სადაც საღი აზრი იქცევა შეთქმულებად, ხალხის მოტყუებად და სიმართლის ღალატად“ (მელვინ მენჩერი „ახალი ამბების გაშუქება და წერა. მეთორმეტე გამოცემა. გვ. 284)
ცხადია, ჩვენების მიცემისაგან თავის შეკავება განსხვავდება დანაშაულის შეუტყობინებლობის ცნებისაგან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან/და ამ კოდექსის რამოდენიმე სპეციფიკური მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევას შეეხება – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. ეს მოთხოვნა ვრცელდება ყველა ადამიანზე, პროფესიის მიუხედავად.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ მედიის წარმომადგენელი არ ახორციელებს უშუალოდ ჟურნალისტურ საქმიანობას და სხვა ფუნქციის შესრულებისას გახდა მისთვის ხელმისაწვდომი ანონიმური ინფორმაცია (მაგალითად, ჟიურიში ან სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა), ასეთ დროს მოპოვებული ინფორმაციის დაცვა ხდება პროფესიული საიდუმლოს ნიშნის ქვეშ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სტანდარტით. პროფესიულ საიდუმლოებას კი მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას.