რატომ ვერ დაარღვევს კერძო მაუწყებლის ჟურნალისტი უდანაშაულობის პრეზუმფციას?
04.03.2016
საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი ძირითადი უფლებების უმთავრესი ფუნქცია სახელმწიფოს შებოჭვაა. სახელმწიფოსგან განსხვავებით, კერძო პირთა (შეგნებულად განიხილება მხოლოდ კერძო მაუწყებლის შემთხვევა) შორის ურთიერთობა კონკრეტული კანონების (და არა პირდაპირ კონსტიტუციიდან გამომდინარე) საფუძველზე უნდა მოწესრიგდეს. რადგანაც ჟურნალისტის საქმიანობა უპირატესად ინფორმაციის გავრცელებას ეხება, იგი უმეტეს შემთხვევაში ამ ინფორმაციის ადრესატთა არაქონებრივ უფლებებთან კავშირში უნდა განიხილებოდეს. ამასთან, ვინაიდან ჟურნალისტი არ წარმოადგენს სახელმწიფოს, მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად სხვათა არაქონებრივი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, უმთავრესად, შემდეგი კანონები გამოიყენება: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი (იგულისხმება სასამართლოში მიმართვის უფლება, რომელიც ამ გავრცელებული ინფორმაციის ადრესატს გააჩნია).

დასახელებული კანონებიდან არცერთში არ გვხვდება ცალკე მუხლი, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის თაობაზე გააკეთებდა აქცენტს. მეტიც, იმ ნორმათა განხილვისას, რომელიც მედიასამართალს ეხება, უდანაშაულობის პრეზუმფცია ჩანაწერის სახით მხოლოდ ორშია განსაზღვრული: ა) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის დადგენილებასა და ბ) კომისიის დადგენილებით დამტკიცებულ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსში“.

პირველ მათგანში „უდანაშაულობის პრეზუმფცია“ ტერმინ „დაუშვებელი პროდუქციის“ განმარტებისას გამოიყენება, ხოლო „მაუწყებელთა ქცევის კოდექსში“ იგი 48-ე მუხლშია გვხვდება, სადაც დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქების პრინციპზეა საუბარი. როგორც ვხედავთ, ორივე შემთხვევაში კონკრეტული პასუხისმგებლობა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისას გათვალისწინებული არაა, ანუ უშუალოდ მისი დარღვევისთვის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შესაბამის სანქციებს ჟურნალისტის მიმართ. აღნიშნული კი იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია კერძო მაუწყებელთათვის და ამასთანავე, კერძო მაუწყებლის ჟურნალისტთათვის მხოლოდ პრინციპის დონეზეა მოწესრიგებული.

ვინაიდან ძირითადი უფლებით პირდაპირ სახელმწიფო იბოჭება, კერძო მაუწყებლის / ჟურნალისტის პასუხისმგებლობის დაყენება, მხოლოდ კონსტიტუციაში გაწერილი ნორმიდან გამომდინარე, არ იქნება მართებული. მეტი სიცხადისთვის განვიხილოთ მაგალითი: კერძო მაუწყებლის ჟურნალისტი თავისი ეთერით კონკრეტულ პირზე აცხადებს, რომ ეს უკანასკნელი არის ქურდი. ჟურნალისტი არ ეყრდნობა სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან ასეთი განაჩენი გამოტანილი არ არის. ჟურნალისტის მოქმედება ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული (არ იგულისხმება პროფესიული ეთიკის ნორმები), მაგრამ ეს დარღვევა არ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლიდან, ანუ არ არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ასეთმა ქმედებამ შეიძლება პირს შეულახოს არაქონებრივი უფლება (ღირსება, პატივი, საქმიანი რეპუტაცია), მაგრამ მას უფლების დაცვის საშუალება არა კონსტიტუციიდან გამომდინარე (არ იგულისხმება დარღვევა პრინციპების დონეზე), არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და შესაბამისი კანონით ექნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით კი ასეთი შემთხვევისას არა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის, არამედ არაქონებრივი უფლებების დარღვევისთვისაა გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

აქვე უნდა განიმარტოს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის საკითხს ვაწყდებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც. დასახელებული კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს. ჩამოთვლილთაგან არცერთ მათგანს არ ახორციელებს ჟურნალისტი. ამდენად, ჟურნალისტი ასეთი ურთიერთობის მონაწილეც ვერ იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კერძო მაუწყებლის ჟურნალისტი ვერ დაარღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. მან შეიძლება მხოლოდ პრინციპი დაარღვიოს, რაც გაამყარებს მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემთხვევაში მოსარჩელის არგუმენტს, რომელიც სასამართლოს ცილისწამებისთვის (არაქონებრივი უფლებების შელახვისთვის) მიმართავს.

ბლოგის ავტორი : ნათია კაპანაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ