მედიის პასუხისმგებლობა, რომელსაც ის ვერ აცნობიერებს - როგორ შუქდება ფემიციდი?!
18.10.2019

მედიაში და განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში არსებული პრობლემები, ექსტრემალურ სიტუაციებში ზედაპირზე ამოდის და მკაფიოდ ჩანს. ფემიციდი ის საკითხია, რომლის გაშუქებაც ჯერ ისევ ვერ ისწავლა მედიამ. ცხადია არის რამდენიმე გამონაკლისი, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად მცირეა, რომ მათი ხმა იკარგება და არ ისმის.

სამწუხაროდ, მედიას ჯერ ისევ არ აქვს გაცნობიერებული მისი სოციალური პასუხისმგებლობა და ის, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, ამა თუ იმ პრობლემატურ საკითხებს, სწორედ მედიის პრიზმიდან ხედავს. ქართული მედიის უდიდესი ნაწილი ჯერ ისევ ვერ ხედავს და ჯეროვნად ვერ აფასებს საკუთარ როლს საზგადოებრივი აზრის, სოციალური ქცევის, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესში.

alt

  ფოტო: © RONALDO SCHEMIDT/AFP/Getty Images


დაახლოებით ერთი კვირის წინ, ხაშურში, ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა, ჯერ ყუმბარა ესროლა, შემდეგ გაქცეულს გაეკიდა და თავი იარაღის კონდახით გაუჩეჩქვა. მიზეზი ბანალურია, ვერ დამორჩლებულ და ვერ მანიპულირებულ ქალზე შურისძიება.

რა მიზანს შეიძლება ისახავდეს ჟურნალისტი, რომელიც ამ ტრაგიკული ფაქტის გასაშუქებლად მიდის? პირველადი მშრალი ინფორმაციის გადაცემის შემდეგ (სად? რა გარემოებაში? რა იარაღით? რომელ საათზე და ა.შ. ) რა უნდა აინტერესებდეს და რა აინტერესებთ, როგორც ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გამოშვებების კორესპონდენტებს, ასევე ყვითელი პრესის ავტორებს?

ხაშურში მომხდარი ფემიციდის შემთხვევაში, ყველა საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტმა დაიწყო მეზობლებში, ნათესავებში სიარული და გარკვევა, რატომ მოკლა კაცმა ქალი. თითქოს არაფერი არალეგიტიმური აქ არ არის, რადგან ყველას უნდა იცოდეს მიზეზი. მაგრამ ჩვენ, ჟურნალისტები არ ვფიქრობთ იმაზე თუ რა პასუხი შეიძლება მოვისმინოთ, იმისათვის, რომ გასაგები გავხადოთ ეს მკვლელობა. რას ვიძიებთ? არის რამე რაც ამართლებს ამ მკვლელობას? დავუშვათ, რომ კაცმა ცოლს შეუსწრო საყვარელთან ერთად ლოგინში. ეს ალბათ ყველაზე უარესი ვერსიაა ხომ? თორემ საჭმელს არ უმზადებდა, პერანგს არ უუთოვებდა, ბევრს ტლიკინებდა, მოკლე კაბებს იცვამდა და ა.შ. „დანაშაულები“ ცნობისმოყვარე საზოგადოებისათვის არაფერია ფიზიკურ ღალატთან შედარებით. ვთქვათ კარგი გამომძიებლის ფუნქცია შევასრულეთ, მივაგენით მიზეზს და ვამხილეთ ქმრის მოღალატე ქალი, რას ვაკეთებთ შემდეგ, ან კი რას ვიღებთ შედეგად? ვაკმაყოფილებთ სეირის მაყურებელი საზოგადოების ინტერესს, თავად ვივიწყებთ ამ თემას, რადგან სხვა და ახალი თემები შემოდის ნიუსრუმში და ვტოვებთ მოკლულ და შეურაცხყოფილ მსხვერპლს, რომელიც ქმარმა ფიზიკურად მოკლა და ახლა ჩვენ, მედიამ მისი ცხედარი ამ სეირის მაყურებელ ხალხს მივუგდეთ საჯიჯგნად.



პატრიარქალურ კულტურაში სადაც ქალი აპრიორი დამნაშავეა და მოთვალთვალე საზოგადოება მისი სიკვდილის შემთხვევაშიც კი მიზეზებს მასში ეძებს, მედია სწორედ ამ აუდიტორიის დაკვეთას ასრულებს. ვერცერთი ტელევიზია ვერ გაექცა ამ კითხვებს და ყველამ ამცნო მაყურებელს, რომ „საქმეში მესამე პირი იკვეთება“.

altსინამდვილეში რა არის მედიის ფუნქცია და პასუხისმგებლობა, რა უნდა იყოს მისი მიზანი და რა კითხვებს უნდა სვამდეს? ხაშურის ინციდენტის შემთხვევაში ჟურნალისტი პირველ რიგში უნდა იკვლევდეს, რატომ და საიდან აღმოაჩნდა მკვლელს ყუმბარა და ცეცხლსასროლი იარაღი, მითუმეტეს, რომ პირი უკვე ნასამართლევია. რატომ ვერ მოახერხეს სამართალდამცავმა ორგანოებმა ქალის სიცოცხლის დაცვა, რამდენად ეფექტურია შემაკავებელი ორდერი და როდის უნდა დაიწყოს სახელმწიფომ განსხვავებული ზომების მიღება, მაშინ, როდესაც ნათლად ჩანს - შემაკავებელი ორდერი სინამდვილეში არ არის მკვლელობის შემაკავებელი. როგორია ქალზე ძალადობის სტატისტიკა და რა ხარვეზებია კანონმდებლობაში. სწორედ ამ კითხვებისა და სტატისტიკური მონაცემების შემდეგ ჟურნალისტი ყველა გავლენიან ინსტიტუციას, მათ შორის ეკლესიას, უნდა უსვამდეს კითხვებს, რას აკეთებენ ისინი ჩვენს მიზოგინურ საზოგადოებაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამას უნდა აკეთებდეს პასუხისმგებლიანი მედია, რომელიც საკუთარ ფუნქციას საზოგადოებრივი აზრის რეკონსტრუქციაში ხედავს და არა „ბოზობის“ ძიებაში.

დღევანდელი ქართული მედია, რომელიც ხაშურის უმოწყალო მკვლლობის საქმეს აშუქებდა, თავისდაუნებურად მკვლელობის მონაწილედ იქცა. ჩვენმა ჟურნალისტებმა არ დაუტოვეს მსხვერპლს იმის შანსიც კი, რომ საზოგადოებამ მის მიმართ თანაგრძნობა ისე გამოხატოს, რომ სიტყვა „მაგრამ“ არ გამოიყენოს და მისი ცხოვრება არ გააკრიტიკოს.

და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ამ სიუჟეტების მაყურებელი ქალები, რომელნიც თავად განიცდიან ოჯახში სხვადასხვა ტიპის ძალადობას, კიდევ უფრო მეტად დაფიქრდებიან, დაეჭვდებიან და შეშინდებიან ვიდრე გაშორების, ძალადობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებენ. და რაც ყველაზე ცუდია, მათ არა მხოლოდ სიკვდილის შეეშინდებათ, არამედ საზოგადოებრივი აზრის, რომელიც მათ სიკვდილის შემთხვევაშიც კი არ დაინდობს. შეეშინდებათ ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე, იბრძოლონ როგორც საკუთარი, ასევე სხვა მსხვერპლი ქალების უფლებებისთვის და მათი თავისუფლებისთვის, შეეშინდებათ სეირზე მონადირე ჟურნალისტების, რომელნიც მის პირად ცხოვრებაში დაიწყებენ ხელების ფათურს.

ამიტომ ამ ტიპის ჟურნალისტიკა, რომელიც ფსევდო მორალისტური საზოგადოების და მისი ცნობისმოყვარეობის მკვებავია და არა მეამბოხე, რომელიც სწორედ ამ მანკიერი ცნობიერების შეცვლისთვის იბრძვის, არის მავნებელი. ამ ტიპის მედია ჩვენ კიდევ უფრო გვაშორებს იმ მომავლისგან, სადაც საზოგადოება თანხმდება, რომ ქალი და კაცი თანასწორია და ოჯახურ ძალადობას ყველა ერთად ებრძვის.

P.S. ვიდრე ეს ტექსტი იწერებოდა, ბოლნისში კიდევ ერთი ქალი მოკვდა ქმრის ხელით.

 

 


თეგები : ტრაგედიების გაშუქება ; პირადი ცხოვრება;
ბლოგის ავტორი : ნინია კაკაბაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ