ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი
რედაქტორი არსენ ხარატიანი, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში
მოფრინავდა და ხვალ სომხეთში უნდა წასულიყო, საქართველოში არ
შემოუშვეს. ხარატიანი სტამბოლში გააბრუნეს, საიდანაც წასვლა ისევ
ლუქსემბურგში მოუწევს.
როგორც არსენ ხარატიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, ყველაზე დიდი პრობლემაა ისაა, რომ მისთვის მიზეზი არავის აუხსნია. ხარატიანი საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა და როგორც ის ამბობს, საქართველო მისთვის მეორე სამშობლოა.
ხარატიანის თქმით, „ამ დროისთვის ეჭვი არ მეპარება, რომ ეს უარი, ანუ დეპორტაცია, პოლიტიკურია“. მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას მისნაირი ადამიანების ან ეშინია, ან მოსკოვში ან ბაქოში ჰყავთ პატრონები, რომლებიც ეუბნებიან, რომ არჩევნებამდე „გაწმინდონ სივრცე“.
არსენ ხარატიანი თბილისის აეროპორტში 11 სექტემბერსაც დააყოვნეს, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ საზღვრის კვეთის უფლება მისცეს. მაშინ, ისევე როგორც ახლა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლად შსს-ს გადაწყვეტილებაში მითითებული აქვს: "არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს".
ხარატიანი 2018 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველიც იყო. ის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაში საქმიანობს.