ტელეკომპანია „ფორმულა” ახალ ფორმატზე გადასვლის განცხადებას ავრცელებს - რა ხდება?
31.01.2024
ტელეკომპანია "ფორმულა" ახალ ფორმატზე გადასვლის შესახებ ავრცელებს განცხადებას .

"ჩვენი მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის" - ვკითხულობთ მათ მიმართვაში.

ასევე "ფორმულას" ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების პარალელურად, მათ უწევთ, არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა და საშტატო ოპტიმიზაცია, საკადრო რესურსის შემცირება და გუნდის მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება.

ტელეკომპანიის განცხადებაში ასევე საუბარია ახალ ფორმატზე გადასვლის მიზეზებზე - "ტელეკომპანია „ფორმულამ“ სტაბილური რეიტინგული ზრდის მიუხედავად, გასულ წელს ვერ შეძლო დაგეგმილი თანხების მობილიზება. პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ერთად პროცესზე იმოქმედა ქვეყანაში მოქმედმა იმ რეგულაციებმა, რომელთა მთავარი ამოცანაც კრიტიკული მედიისთვის დაფინანსების წყაროების შემცირება იყო. ამ მიზეზების გამო ოპტიმიზაცია მოუხდა საქართველოში მოქმედ ყველა კრიტიკულ მაუწყებელს და ახლა გვიწევს ჩვენც."

2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებისა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში შედეგის მისაღწევად ტელეკომპანია „ფორმულა“ გადაწყვეტილებას იღებს არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე - წერია მათ მიმართვაში.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ