საშიშია თუ არა ზღვაში ბანაობა - ვინ ავრცელებს მითებს ზღვის წყალში კორონავირუსის გადადების შესახებ
20.05.2020

“ვირუსის გამო შესაძლოა მთელი ზაფხული ზღვაში ბანაობა აიკრძალოს” - მსგავსი სათაურით, ბოლო რამდენიმე დღეა, სხვადასხვა საიტებზე ვირუსულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ზაფხულის მოსვლასთან ერთად კორონავირუსი უფრო სწრაფად გავრცელდება. ერთ-ერთი მოსაზრებით კი ამას ზღვაზე და აუზზე ადამიანების ხშირი ბანაობა შეუწყობს ხელს". ამავე საიტებზე, სრულიად დაუდასტურებელ წყაროებზე დაყრდნობით, წერენ იმასაც, რომ “პარლამენტში რამდენიმე ადამიანი გამოვიდა ინიციატივით, მთელი ზაფხულის განმავლობაში აიკრძალოს ზღვაში ბანაობა”.

მსგავსი ტექსტები იძებნება საიტებზე: geonewest.com, izolacia.club, epicentri.club. ასევე, აქტიურად ავრცელებს ფეისბუკის გვერდი -“უბრალოდ ძალიან საინტერესო”, რომელსაც სოციალურ ქსელში 40 ათასამდე გამომწერი ჰყავს. ტექსტები ყველგან იდენტურია და არსად გვხვდება რაიმე წყარო, მტკიცებულება, რის საფუძველზეც ეს საიტები მსგავს მსჯელობას ავითარებენ. გაურკვეველია ისიც, რას გულისხმობენ პარლამენტის წევრების ინიციატივაში, ვინაიდან მსგავსი განცხადება ამ დრომდე არცერთ პარლამენტარს არ გაუკეთებია.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მსჯელობის დამადასტურებელი არანაირი წყარო არ მოიპოვება, სოციალურ ქსელში, მომხმარებლების კომენტარებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ მათ გარკვეულ ნაწილს ამ ამბის სჯერა. მკითხველები წერენ, რომ ასეთი აკრძალვა მათთვის გაუგებარია.

სინამდვილეში, ამ დრომდე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ზღვაში ბანაობა ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

alt


ვრცელდება თუ არა ვირუსი წყალში -
რა ვიცით ამ დროისთვის

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი შესაძლოა გავრცელდეს წყალში, აუზზე, აბაზანებსა თუ წყლის დინების სხვა ადგილებში.

რაც შეეხება ბანაობისას გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს, CDC წერს, რომ:

  • ყველამ უნდა დაიცვას ის მითითებები, რომელსაც დაადგენს კონკრეტული სახელწიფო ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, - როდის და როგორ შეიძლება ფუნქციონირდეს წყლის ობიექტები.

  • ინდივიდებმა კი უნდა გააგრძელონ საკუთარი თავისა და სხვების დაცვა ასეთ ადგილებში, როგორც წყალში, ისე მის გარეთ - მაგალითად, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის მკაცრი წესების დაცვით. 
 
alt


ამერიკული ჟურნალი WebMD, რომელიც სამედიცინო თემატიკაზე მუშაობს, წერს, რომ სანაპიროზე გასვლის შემთხვევაში, ზღვის წყალი სანერვიულო არ არის. მთავარი ვირუსის გამო დაწესებული სხვა რეკომენდაციებისა და შეზღუდვების გათვალისწინებაა: “კერძოდ, სოციალური დისტანციის დაცვა უფრო შორ მანძილზე იქნება საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივადაა დაშვებული, ვინაიდან სანაპიროზე, ნიავის დროს შხეფების გადაადგილება უფრო შორ მანძილზეა შესაძლებელი”.

ზღვის წყალი რისკად რომ არ მოიაზრება, ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ისაუბრა. მისი განცხადებით, სარიკსო მხოლოდ სანაპიროზე რუჯის მიღებაა: "ზღვაში ბანაობასა და ინფიცირებას შორის კავშირი დადასტურებული არ არის და ასეთი არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. შესაბამისად, ზღვაში ბანაობა რისკის შემცველი არ არის. რისკი მოიაზრება ბანაობის შემდეგ, როცა რუჯის მისაღებად წვება ადამიანი, აუცილებელია, რომ ამ დროს იყოს დაცული სოციალური დისტანცია, ორმეტრიანი მანძილი და დაყოვნება არ იყოს ხანგრძლივი".

მინისტრის მოადგილე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, შეზღუდვები სავარაუდოდ გამკაცრდება, ეს გამკაცრება შეეხება გარუჯვის წესებსაც, თუმცა, რაც ამ ეტაპზე დადასტურებულია და რაც ზუსტად ვიცით, ზღვაში ბანაობა არ აიკრძალება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს რეკომენდაციებზე, რაც საზღვაო სეზონთან იქნება დაკავშირებული. იგი განმარტავს, რომ ისინი აქტიურად აკვირდებიან იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომელთაც საზღვაო კურორტები აქვთ.

alt

“ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი კავშირის რისკები ჯერ არავის დაუდგენია. სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ზღვის სეზონმა უკვე გაიარა, იქაც გარკვეულ წესებს მიმართავდნენ და ეს იყო ისევ და ისევ ფიზიკური დისტანცირება, რაც გულისხმობდა იმას, რომ პლაჟებზე თავშეყრა და სიმჭიდროვე კონტროლირებადი იყო”, - აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.


რა საერთო აქვთ იმ საიტებს, რომლებიც ამ დეზინფორმაციას ავრცელებენ

ინფორმაცია, რომ ზაფხულში ზღვაში ბანაობა აიკრძალება, თავდაპირველად epicentri.club-მა გაავრცელა, მოგვიანებით გამოჩნდა იდენტური ტექსტები geonewest.com-სა და izolacia.club-ზე.

  • “ჩვენ შესახებ” განყოფილება, რომელშიც გამოცემის მისიის შესახებ ამოვიკითხავდით, არცერთ საიტს არ აქვს;
  • სამივე საიტზე მეწტილად სენსაციურ სათაურებს ვხვდებით, რაც აჩენს განცდას, რომ სამივე საიტი კლიქბაითია;
  • სამივე საიტი რუსეთშია რეგისტრირებული. ამათგან, ორი - epicentri.club და izolacia.club - ბოლო ერთ თვეში.
  alt
 

alt



alt





alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ავტორი : თამთა აბუსელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ