პანდემიამ მთლიანად შეცვალა მედიის ყურადღება - თიკო დავაძე - სათემო რადიო „მარნეული”
06.09.2021
მიუხედავად იმისა, რომ ხალხში საკმაოდ არის გავრცელებული სხვადასხვა დეზინფორმაცია, ჩვენი გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მაინც გამოთქვამდა მზაობას ვაქცინაციისთვის. თუმცა, ამ პროცესში ხელს გარკვეული ბარიერები უშლიდათ.



ადამიანის ცხოვრების წესი და მედიის ყურადღება მთლიანად შეცვალა კორონავირუსის პანდემიამ. ჩვენი რადიო აქტიურად აშუქებს ამ თემებს და ერთ-ერთ გამოწვევად მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესს გამოვყოფდი.

დღეის მდგომარეობით, მარნეულში ოთხი ამცრელი პუნქტი მუშაობს, ისიც მხოლოდ ქალაქში, რაც გარკვეულწილად ქმნის პრობლემას სოფელში მცხოვრები ადამიანებისათვის.

მე პირადად, ბევრჯერ ვყოფილვარ მარნეულის მაღალმთიან სოფლებში, სადაც მინდოდა მოსახლეობის ზოგადი განწყობები მომესმინა კორონავირუსთან და ზოგადად ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ხალხში საკმაოდ არის გავრცელებული სხვადასხვა დეზინფორმაცია, ჩვენი გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მაინც გამოთქვამდა მზაობას ვაქცინაციისთვის. თუმცა, ამ პროცესში ხელს გარკვეული ბარიერები უშლიდათ.

ახლა მახსენდება სოფელი ოქრეთი, რომელიც მარნეულიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს, სადაც სამოცამდე ადამიანი ცხოვრობს და ამ სამოცი ადამიანიდან უმრავლესობას წარმოადგენენ მოხუცები, ასაკოვანი ადამიანები. სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ დადის, არც მაღაზია აქვთ და მარნეულამდე ჩამოსასვლელად დაახლოებით 40 ლარი სჭირდებათ. ამ პირობებში, ცხადია, ვაქცინაციის პუნქტამდე ჩამოსვლა მათთვის საკმაოდ დიდ პრობლემებს წარმოადგენს. ამიტომაც გავამახვილე ამ სოფელზე ასე ყურადღება.

ოქრეთი, რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი. ეს პრობლემა სხვა სოფლებშიც დგას მარნეულში.

მაგალითად, მარნეულში ყოველწლიურად ტარდება ასეთი ფესტივალი, “ერთიანი კავკასია”, რომლის ორგანიზატორებმაც საკუთარ თავზე აიღეს ინიციატივა რამდენიმე დღის წინ და კარგ მუსიკასთან ერთად მარნეულის სოფლებში მცხოვრებლებს შესთავაზეს ვაქცინაცია ადგილზე. ამაში დაეხმარა დაავადებათა კონტორლის ცენტრი და ასევე მერიამაც დაუჭირა მხარი. აქტივობა გაგრძელდა სულ რაღაც ორი დღის განმავლობაში. მათ რა რესურიც ჰქონდათ ამ ეტაპისთვის, საუბარია 82 ვაქცინაციაზე, სრულად გაიხარჯა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ მსგავსი აქტივობები ნამდვილად მუშაობს. მუნიციპალიტეტებმა უნდა შექმნან საკუთარი მოსახლეობისთვის მსგავსი პირობები, რომ მათ ადგილზე ჰქონდეთ შესაძლებლობა. მარნეულში გვაქვს ამბულატორიები, რომლებსაც სჭირდება აღჭურვა და შესაბამისი რესურსის მობილიზება და, თუ ამას გააკეთებენ, ცხადია, ვაქცინაციის პროცესი უფრო გააქტიურდება.

ახლა მახსენდება, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელს ვესაუბრე გუშინ და თქვა, რომ ვაქცინაციის გასააქტიურებლად გეგმავენ გარკვეულ აქტივობებს და, ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამენ. მეც ძალიან მაინტერესებს.

მგონია ხოლმე, რომ უკიდურესობები გვჭირს. სანამ ძალიან არ გამწვავდება ვითარება, მანამდე თითქოს გარკვეულ პრევენციულ ზომებს არ ვიღებთ ხოლმე და, ვფიქრობ, რომ კორონავირუსთან მიმართებაში ვაქცინაცია არის გადამწყვეტი. სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს ამ პროცესში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ