ორსული ქალები, რომლებიც აიცრნენ
20.09.2021


ორსული ქალები, რომლებიც აიცრნენ “ახლა უფრო მშვიდად ვართ, ახლა უფრო დაცულები ვართ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე მივიჩნევთ, რომ დაცულები ვართ.” - ანა ბაქრაძე - შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დღეს ვისაუბრებ ორსულებზე, რომლებმაც პანდემიის პერიოდში აცრის გადაწყვეტილება მიიღეს. სანამ სტატიაზე დავიწყებდი მუშაობას, მეც მქონდა ანალოგიური პრობლემა, ვერ ვიღებდი აცრის გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახში ყველა ორივე დოზით არის აცრილი, მაინც ფიქრობდნენ რომ თავი უნდა შემეკავებინა და, შესაბამისად, როცა არ გაქვს ახლობლებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა, გიჭირს გადაწყვეტილების მიღება.

მით უფრო, როცა ამის გამოცდილება და ინფორმაცია არ აქვთ ექიმებს, ვისთანაც უშუალოდ გიწევს ურთიერთობა, ვგულისხმობ პირად გინეკოლოგს ან პირად პედიატრს, რომლებიც რეგიონებში მუშაობენ. მე მქონდა ეს პრობლემა., როდესაც მათ ვკითხე, რომ რასთან გვაქვს საქმე და შეიძლება თუ არა რომ ავიცრა, რამდენად უსაფრთხოა ჩემთვის აცრა, პასუხი არ ჰქონდათ. ანუ მე ვერ ვიღებდი ამ ინფორმაციას ექიმისგან, ვისაც პირადად ვენდობი. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონაც ჟურნალისტი ვარ და საინფორმაციო საშუალებას წარმოვადგენ, ჩემთვის საკმარისიად ამომწურავი არ იყო ყველა ის ინფორმაცია, რაც ტელევიზიით ვრცელდებოდა. ამიტომ მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება.

შემდეგ დავიწყე მუშაობა სტატიაზე და დავუკავშირდი ორსულებს, რომლებიც უკვე აიცრნენ. მაინტერესებდა, თავს როგორ გრძნობდნენ, როგორი იყო მათი ოჯახის წევრების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რატომ მიიღეს აცრის გადაწყვეტილება. ყველა ამბობდა ერთსა და იმავეს, რომ მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და, პირველ რიგში, მუცლად მყოფ ბავშვზე და, ფიქრობდნენ, რომ ასე უფრო დაცულები იქნებოდნენ.

ორსულების აცრა, დაახლოებით ივლისის პერიოდში დაიწყო. ამას მოჰყვა ის, რომ, პაატა იმნაძის შვილი აიცრა. მერე უკვე აქტიურად დაიწყეს ორსულების ვაქცინაცია.

ჯანდაცვის სისტემა ამაზე არ ფიქრობდა. თუ ორსულების აცრა სავალდებულო და აუცილებელია, მნიშვნელოვანია, მითუმეტეს მაშინ, როცა ორსულები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და ყველაზე რთულად გადააქვთ ვირუსი, პირველ რიგში, იმ ექიმებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია და დაეტრენინგებინათ ექიმები, ვისაც უშუალოდ აქვს ორსულებთან შეხება. განსაკუთრებით რეგიონებს ვგულისხმობ, სადაც ინფორმაციის ნაკლებობაა ამ მხრივ.

საბოლოო ჯამში, 27 აგვისტოს ავიცერი პირველი დოზით და გვერდითი მოვლენები საერთოდ არ მქონია. იგივეს მეუბნებიან ჩემი რესპოდენტები, 28, 30, 35 წლის ქალები, რომ აიცრნენ, რომ მათაც არ აქვთ არანაირი პრობლემა, არც უკუჩვენება, არც რეაქცია. ახლა უფრო მშვიდად ვართ, ახლა უფრო დაცულები ვართ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე მივიჩნევთ, რომ დაცულები ვართ.

მოგეხსენებათ, რომ 13-მდე ორსული დაიღუპა პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით დელტა შტამის დროს, რაც იყო საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი და ძალიან მძიმე მდგომარეობა ჩვენი ქვეყნისთვის.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ