სამწუხაროდ, დღეს ცხოვრებას კორონავირუსთან ერთად ართულებს დეზინფორმაცია - რიმა სარუხანიანი, “სამხრეთის კარიბჭე”
01.10.2021


კოვიდ-19-ის პანდემიად გამოცხადებიდან დღემდე, სამცხე-ჯავახეთში დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. მოგეხსენებათ, რეგიონი მდიდარია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით, რომლებიც აღმოჩდნენ ინფორმაციულ ვაკუუმში. კერძოდ, ჯავახეთში მოსახლეობის უმეტესობა არ უყურებს ადგილობრივ და ქვეყნის ტელეკომპანიებს და ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნის ტელეარხებიდან იღებს, რაც დამაბნეველია მოსახლეობისთვის.

ვფიქრობ, ადგილობრივ მედიას განსაკუთრებული როლი ენიჭება და ჩვენ ხშირად მივდივართ მოსახლეობასთან, ვაწვდით სწორ ინფორმაციას, რათა შეეძლოთ იმ მითების, სტერეოტიპების დამსხვრევა, რომლებიც მოსახლეობაშია გავრცელებული.

მუშაობის პროცესში ინფექციის ახალი შემთხვევები გვიშლის ხელს. მოსახლეობასთან შეხვედრებით შევაგროვე 11 მითი, რომლებზეც რეალური ინფორმაცია მივაწოდე მკითხველს. ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად, არის ის, რომ კორონავირუსი განზრახ შეიქმნა და გავრცელდა მოსახლეობის შემცირების მიზნით. თუმცა თუ როგორ გავრცელდა ეს ვირუსი, ამ საკითხს სპეციალისტები ჯერ კიდევ სწავლობენ. ასევე, ერთ-ერთი მითი ის არის, რომ ვაქცინა მიკროჩიპს შეიცავს და ასე შემდეგ.

ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ დღეს ცხოვრებას კორონავირუსთან ერთად ართულებს დეზინფორმაცია, რომელსაც არამარტო საქართველო, არამედ მსოფლიო ებრძვის. არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გარჩევა ინტერნეტში, როგორც კორონავირუსის პანდემიის დროს. სპეციალისტების თვალსაზრისით, დეზინფორმაციას ინტერესთა ჯგუფები ავრცელებენ, მათი მიზანი კი შიშებით ინსტრუმენტალიზაციაა. ამას მკვეთრი გავლენა აქვს საზოგადოებრივ განწყობებზე, იმიტომ რომ ბუნებრივი შიშია, როდესაც სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება საქმე, ადამიანები უფრო ფრთხილები არიან.

ვფიქრობ, გაგვიმართლა, რომ პანდემია დაიწყო ტექნოლოგიურ ხანაში. ამან მოგვცა შესაძლებლობა გავაგრძელოთ ურთიერთობა, აღვნიშნოთ დღესასწაულები და გავაგრძელოთ მუშაობა. ეს ოცი წლის წინ რომ მომხდარიყო, ჩვენ გაცილებით რთული მდგომარეობა გვექნებოდა. ტექნოლოგია მშვენიერია, მაგრამ არ ცვლის იმ რეალურს, რაც ბევრ ჩვენგანს უყვარს. ასე რომ, იმედი მაქვს, მალე დავამარცხებთ კორონავირუსს და კვლავ გავერთიანდებით არა ვირტუალურ, არამედ რეალურ სამყაროში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ