მას შემდეგ, რაც საქართველოს განათლების მინისტრმა 15 სექტემბერს სწავლის დაწყება მიულოცა ყველას და აღნიშნა, რომ სწავლა დისტანციურად იწყება, თუმცა, ეს დროებითია და თითოეული მოსწავლე მალე დაუბრუნდება ბუნებრივ საკლასო გარემოს, საეჭვოა, ეს ასე მოხდეს ან თუ ასე მოხდება, შესაძლოა, არც ისე კარგი შედეგი მივიღოთ.
ჩვენმა რედაქციამ ჯერ კიდეც სექტემბრამდე, სწავლის დაწყებამდე ორი თვით ადრე, დაიწყო იმის გამოკვლევა, თუ რას აკეთებდა სახელმწიფო სკოლაში სწავლის უსაფრთხოდ განახლებისთვის. ზუსტად ამ პერიოდში, იმერეთში, მასწავლებლების 5%-იც კი არ იყო აცრილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით.
უფრო ნათლად რომ ავხსნა, მოვიშველიებ ჩვენს კვლევებს. იმერეთის რეგიონში 340 ზე მეტი საჯარო სკოლაა და იქ დასაქმებული 8,665 პედაგოგიდან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 2021 წლის ივნისამდე, მხოლოდ 465 მასწავლებელი იყო აცრილი. ამავე პერიოდში, ქუთაისში, 38 საჯარო სკოლის 2,350 თანამშრომლიდან, ჯამში მხოლოდ 220 მასწავლებელი იყო აცრილი. მეტიც, როცა ამის გარკვევის შემდეგ განათლების სამინისტროში დავრეკეთ და ვიკითხეთ, რას აპირებდნენ ვაქცინაციის გასააქტიურებლად, გვითხრეს, რომ ეს ინდივიდუალური გადასაწყვეტია და პედაგოგების გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევიან.
ჩვენ ამის შემდეგ თავად ვკითხეთ მასწავლებლებს, რას ფიქრობდნენ ისინი, რატომ არ იცრებოდნენ, და რა იყო ამის მიზეზი. ისინი ჩვენთან საუბარში ღიად ამბობდნენ, რომ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი კონკრეტული ვაქცინის, “ფაიზერის” ხელმიუწვდომელობით იყო გამოწვეული. მასწავლებლების დიდი რაოდენობა სწორედ ამ ვაქცინას უცხადებდა ნდობას. მას შემდეგ, რაც საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა გახდა ხელმისაწვდომი, ჩვენ ისევ გავაკეთეთ კვლევა, და ნამდვილად ჩანდა ამ კვლევების მიხედვით, რომ უფრო მეტი პედაგოგი აიცრა.
როცა პანდემიის პირობებში სკოლები გაიხსნა, ჩვენ ვნახეთ, რომ რეალურად ძალიან უჭირდათ ბავშვებს პირბადის ტარება, კლასებში ვერ იყო უზრუნველყოფილი დისტანცია და უსაფრთხოება. შესაბამისად, როცა ვხედავთ, რომ დღეს ამაზე ისევ არავინ ზრუნავს, და ამაზე არავინ მუშაობს სკოლებში, შეიძლება ისევ არ იყოს ეს უზრუნველყოფილი 4 ოქტომბერს გახსნილ სკოლებში.
ამასობაში კი, დისტანციურ რეჟიმში მყოფ მოსწავლეებს რეალურად ძალიან უჭირთ. განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებმაც სულ არ იციან რას ნიშნავს საკლასო ოთახში სწავლა, თანატოლებთან ურთიერთობა.
ასევე, ამ დრომდე არაერთ სოფელში ხელმიუწვდომელია ინტერნეტი. რაც შეეხება მობილური ინტერნეტით სარგებლობაზე ფასდაკლებას, რომელიც სახელმწიფომ შესთავაზა მოსწავლეებს, ცოტა ღიმილისმომგვრელია მშობლებისთვის, რომლებმაც ყოველ თვეში ბავშვების გაკვეთილებზე დასასწრებად ფაქტობრივად 10 ლარი უნდა გადაიხადონ. გამოდის, რომ მათთვის სწავლება ფასიანი ხდება.
ასე რომ, უცნობი რჩება რეალურად მასწავლებლებისთვის სკოლის კარი როდის გაიღება ამ ფონზე და იქნება თუ არა იქ არსებული სივრცე როგორც მათთვის, ასევე ბავშვებისთვის უსაფრთხო. ამ გაცდენილ დროში კი, პანდემია საგანმანათლებლო პროცესს ისე აფერხებს, რომლის მსგავსი, ჩემი აზრით, ისტორიას არ ახსოვს.