„მშობლებს არ სურთ აცრა" - ანაიტ ზალალიანი - სათემო რადიო “ნორის” ჟურნალისტი
24.10.2021


ანაიტ ზალალიანი - ნინოწმინდის სათემო რადიო “ნორის” ჟურნალისტი.

ამ დრომდე ვაქცინაციის პროცესი ოდნავ გაუმჯობესებული იყო, იმიტომ რომ PCR ტესტები იყო ფასიანი. იმისთვის, რომ ტესტის საფასური არ გადაეხადათ, მასწავლებლები აიცრნენ, მაგრამ ყველა არა. ჩვენთან აცრილია მასწავლებლების 45%-50% პროცენტი.

მშობლებს არ სურთ აცრა. ამბობენ, რომ ეშინიათ, რომ ვაქცინა ბოლომდე არ არის შესწავლილიო. იმის გამო, რომ უამრავი მითი ვრცელდება, მათ ჯერ კიდევ არ სურთ აცრა. სკოლები მაინც გაიხსნა. აცრილი და აუცრელი პედაგოგები იტარებენ ტესტირებას, რადგან ის ახლა უფასოა.

PCR ტესტი იყო უფასო მასწავლებლებისთვის და მათთვის, ვინც სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობს. ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ტარდებოდა, მაგრამ 1 სექტემბრიდან ითქვა, რომ ტესტები იქნებოდა ფასიანი, როგორც პედაგოგებისთვის, ასევე დანარჩენი მოსახლეობისთვის.

ჩვენთან PCR ტექსტი 100 ლარი ღირს. ამიტომ ყველამ, ვინც სახელმწიფო დაწესებულებებში ან სკოლაში მუშაობს, აცრა ჩაიტარა მათ თქვეს, რომ საკმარისი ფული არ აქვთ, რომ ყოველი ტესტისთვის გადაიხადონ 100 ლარი. სექტემბრის შუა რიცხვებში ოფიციალურად ითქვა, რომ პედაგოგებისთვის ტესტები კვლავ უფასო იქნება. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ რადგან უფასოა, აცრა საჭირო აღარ არის.

სოფლის მოსახლეობასაც არ სურს აცრა. მათი არგუმენტი ის არის, რომ არ მუშაობენ სახელმწიფო დაწესებულებებში. ვერ იგებენ, რატომ უნდა აიცრან, როცა სოფელში ცხოვრობენ და სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულები. ამ ყველაფრის გამო, ვაქცინაციის პროცესი ნელია.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენი როლი ვაქცინაციის პროცესში არანაკლებია. ჩვენ ექსპერტებთან ერთად ვაკეთებთ გადაცემებს. მოსახლეობის უმეტესობა გვისმენს. მათ უკვე არჩევანი აქვთ, მითებს კი არ უსმინონ მხოლოდ, არამედ რეალობაც ნახონ. ჩვენს ექსპერტებთან ერთად დადასტურებულ ინფორმაციას ვაწვდით. შემიძლია ვთქვა, რომ ამის ხარჯზე, ვაქცინირებულების რაოდენობამ მოსახლეობაში იმატა.

ხალხს ჩვენი სჯერა, ჩვენი მხრივ კი ვცდილობთ რეალური, დადასტურებული ინფორმაცია მივაწოდოთ. გვსურს, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია ვაქცინაზე - რა ვაქცინები არსებობს, რა დადებითი და უარყოფითი გვერდითი მოვლენები შესაძლოა ჰქონდეს ვაქცინას. ვფიქრობ, ჩვენ ვართ ხიდი სახელმწიფოსა და ხალხს შორის. ამ ყველაფრის გამო, ვაქცინირებულების რაოდენობამ მოიმატა. ეს მაჩვენებელი კი ძალიან დაბალი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალციხეში მედდა გარდაიცვალა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ