03.02.2015
მომღიმარსახეებიანი ბავშვები, ფერად-ფერადი
ბუშტები, უფასო ატრაქციონები, ჭრელაჭრულა ქაღალდებში გახვეული
შოკოლადები და კანფეტები, ბავშვებისთვის მოწყობილი სხვადასხვა
სახალისო ღონისძიება - 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
ქართულ ონლაინ მედიაში, სწორედ ამ კონტექსტში გაშუქდა.
Mediachecker- ის მიერ გაანალიზებულ
მედიასაშუალებებში ბავშვთა საკითხებზე ჯამში 146 მასალა მომზადდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მასალების ძირითად ნაწილში საუბარი იმ
საქველმოქმედო და გასართობ ღონისძიებებზე იყო, რომლებიც ამ დღისთვის
სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა თუ კერძო კომპანიებმა მოაწყვეს.
ბავშვთა უფლებების მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარება არც ერთ
მასალაში არ ყოფილა წარმოჩენილი.
ფაქტობრივად, ერთადერთი საჯარო პირი, რომელმაც
1 ივნისს ბავშვთა უფლებებზე ისაუბრა, სახალხო დამცველი იყო. მისი
თქმით, ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის სტანდარტები არასათანადოა.
ავტო-საგზაო შემთხვევის დროს ბავშვთა უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა.
ონლაინ მედიამ ეს თემებიც მოკლე ახალი ამბების სახით გააშუქა.
პრობლემის სიღრმისეული ანალიზის მცდელობა არ ყოფილა. მედიის მთავარი
განსახილველი თემა სახალხო დამცველისა და გზების ასოციაციის
თავმჯდომარის განცხადებები იყო და არა თავად პრობლემა.
ბავშვთა დღე ონლაინ მედიაში ბავშვების გარეშე
გაშუქდა. გაანალიზებული მასალიდან არც ერთში არ იყო წარმოდგენილი
თავად ბავშვის მოსაზრება ან მისი საინტერესო ისტორია. არა მხოლოდ 1
ივნისს, არამედ ზოგადად, ბავშვთა თემების გაშუქებისას, ბავშვებს
მათთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება,
როგორც წესი, არ ეძლევათ. ვინ აღარ საუბრობს მედიაში ბავშვებზე -
ფსიქოლოგები, მასწავლებლები, მინისტრები, პოლიტიკოსები, ბავშვების
მშობლები, საუბრობს ყველა, გარდა თავად ბავშვებისა.
მედიასაშუალებებში ფიქსირდება თითქმის იდენტური
მასალები, იდენტური ტექსტებითა და ფოტოებით. რაც აჩენს ეჭვს, რომ
პირველ ივნისს ბავშვთა საკითებზე მომზადებული მასალების დიდი ნაწილის
ავტორი არა თავად მედიასაშუალება, არამედ საბავშვო ღონისძიების
მომწყობი დაწესებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტია,
მედიასაშუალებები კი პრესრელიზებს უცვლელი სახით
აქვეყნებენ.
კვლავაც პრობლემატურია ბავშვების
ქველმოქმედებისა და მოწყალების მიმღებ ობიექტებად წარმოჩენა. 1 ივნისს
მედიასაშუალების მიერ გაშუქებულ ამბებში ქველმოქმედების გამცემებად
გვევლინებოდნენ სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, გამგეობები,
საკრებულოს წევრები, მერები.
მედია ინტერესდებოდა იმითაც, თუ რომელი
მაღალჩინოსანი ან საზოგადოებისთვის ცნობილი სახე რომელ გასართობ
ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას:
საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, ჩვილ
ბავშვთა სახლს ესტუმრა, მოგვიანებით კი მეუღლესთან ერთად მზიურში
გადაინაცვლა და ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ეს
ამბავი დაკვირვების ქვეშ მყოფი მედიასაშუალების უმრავლესობამ გააშუქა.
მასალები ამ შემთხვევაშიც ერთმანეთს ჰგავდა.
ბავშვებისთვის ბავშვთა დღის მილოცვა არც
პრემიერს გამორჩენია. მან „სოლიდარობის ფონდის მიერ დაფინანსებულ
ბავშვებს უმასპინძლა“ (მედიასაშუალებების უმეტესობამ სწორედ ამ
სათაურით გამოაქვეყნა მასალები) მოგვიანებით კი ილუზიონისტს პატარების
სურვილების მოგროვებაში დაეხმარა. ამ ამბის გაშუქებისას
მედიასაშუალებები მხოლოდ ფაქტების აღწერითა და პრემიერისა და მისი
მეუღლის კომენტარების წარმოდგენით შემოიფარგლნენ.
ბავშვებისთვის სხვადასხვა საქველმოქმედო
ღონისძიების მოწყობაში სამინისტროებიც აქტიურობდნენ. აქტიურობამ
შედეგი გამოიღო და მათი ორგანიზებული ღონისძიებებიც მრავლად მოხვდა
ონლაინ მედიის დღის წესრიგში. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლა და
სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები დაათვალიერებინა. სოფლის მეურნეობის
სამინისტროში კი დევნილ ბავშვებს ტორტით, ლიმონათითა და ნაყინით
გაუმასპინძლდნენ.
ბავშვთა დაცვის დღეს ბავშვებისთვის
სიურპრიზების, სხვადასხვა ღონისძებისა და საქველმოქმედო აქციის
მოწყობა არც კერძო, კომერციულ კომპანიებს დავიწყებიათ და მედიის
ყურადღების ცენტრში მათ მიერ მოწყობილი ღონისძებებიც მოექცა. ამ
მასალების დიდი ნაწილიდან იკვეთება ფარული კომერციული რეკლამის
ნიშნები, თუმცა სიახლეები სარედაქციო მასალების სახით იყო
გამოქვეყნებული და რეკლამის აღმნიშვნელი მითითება არ
ჰქონია.
მედიასაშუალებებს ბავშვთა საკითხებზე
სიღრმისეული, მოკვლევითი სტატიები არ გამოუქვეყნებიათ. ყველა მათგანი
მოკლე ინფორმაციას წარმოადგენდა. წინა წლების მსგავსად, წელსაც,
ბავშვთა დაცვის დღე და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები მედიისთვის
მხოლოდ ერთი დღის „ნიუსი“ იყო.
სალომე აჩბა