„ასავალ-დასავალსა“ და „კვირის ქრონიკაში“ ჰომოფობია გრძელდება
09.02.2015
„ასავალ-დასავალსა“ და „კვირის ქრონიკაში“ მატულობს ჰომოფობიური და ანტიდასავლური პუბლიკაციების რაოდენობა. ეს ტენდენცია უკავშირდება აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 26 ივნისის გადაწყვეტილებას ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების თაობაზე. „ასავალ-დასავალისა“ და „კვირის ქრონიკის“ რედაქციები ამ მოვლენას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და უარყოფითად აფასებენ.

ჟურნალისტები და რესპონდენტები სიძულვილის ენას, უმეტესწილად - ჰომოფობიურ გამონათქვამებს იყენებენ. ამავე დროს, ამ საკითხზე აზრის გამოხატვას სთხოვენ მხოლოდ იმ რესპონდენტებს, რომლებიც ანტიდასავლური შეხედულებებით არიან ცნობილი. მათ მიერ მკითხველს თემა მიეწოდება „საფრთხის“ სახით, თითქოსდა ამერიკა ცდილობს, საქართველოშიც დააკანონოს ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება. ეს რესპონდენტები, ასევე, შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლენს, რომლებიც ლგბტ-ჯგუფების უფლებებს იცავენ.

6-12 ივლისის „ასავალ-დასავალის“ ანტიამერიკული და ანტიდასავლური პათოსი ჩანს პირველივე გვერდიდან, სადაც სათაურის სახით გამოტანილია „ქართული მისიის“ ლიდერის, გია კორკოტაშვილის (კორკოტა) სიტყვები: „ამერიკელებმა სიტყვა „დემოკრატია“ შემაზიზღეს! მიმიფურთხებია ასეთი დემოკრატიისთვის“. ინტერვიუში კორკოტაშვილი ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას ანომალიად, უზნეობად, უხამსობად აფასებს და აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი „ყურთან ახლოსაც ნუ მიიტანს არასამთავრობო ორგანიზაციების პოპულისტურ გამოსვლებს. თანადგომა და დასაყრდენი უზნეო ადამიანებში კი არა, ხალხში ეძებოს“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოდის „ასავალ-დასავალის“ კიდევ ერთი რესპონდენტი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლუკა კურტანიძე: „იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ლობირებენ, ასეთი რამ საკუთარ ოჯახებში დააკანონონ!“

გაზეთის მე-5, მე-6 გვერდებზე, სადაც კორკოტაშვილსა და კურტანიძესთან ინტერვიუებია დაბეჭდილი, ტრადიციულ რუბრიკაში - „კვირგვინოსნები“, ასევე, გამოქვეყნებულია ცნობილი ადამიანების (მათ შორის - რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის) ჰომოფობიური და ანტიდასავლური გამონათქვამები.

სიძულვილის ენა გვხვდება გაზეთის მომდევნო, მე-7 გვერდზეც, სადაც „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს: „იცით, რა მაინტერესებს? აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი როგორ დაადებს ხელს ბიბლიას და როგორ დადებს ფიცს მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი სიბილწე და უღმერთობა დაკანონდა?“ მჟავანაძე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვას მოითხოვს, რომლებიც სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავენ.

უმცირესობების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბრობს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომელთანაც „ასავალ-დასავალი“ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.

მე-5 გვერდზე „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია აცხადებს: „პირადად ჩემთვის მამათმავალსა და პედოფილს შორის არავითარი განსხვავება არ არის!“

„ასავალ-დასავალის“ მე-14 გვერდზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილიც ეხება „ერთსქესიანთა ქორწინების“ თემას და აცხადებს: „სამყაროში საოცარი პროცესები ხდება. ასე მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „გვარწმუნებს“, ჰომოსექსუალიზმი დაავადება არ არისო! ხოლო მეორე მხრივ, იგივე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „გვიმტკიცებს“, რომ სიყვარული არის დაავადება!..“

24-ე გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში სიძულვილის ენას გაზეთის ჟურნალისტი იყენებს: „საქართველოში თუ ჩვენ დავუშვით ერთსქესიანთა ქორწინება, მაშინ უკლებლივ ყველა კაცი იქნება პედერასტი, ყველა ქალი კი - ლესბოსელი“. იგივე ჟურნალისტი 25-ე გვერდზე თავს ესხმის მწერალ ლაშა ბუღაძეს. ამ პუბლიკაციაში მრავლად გვხვდება პიროვნების შეურაცხმყოფელი და ჰომოფობიური ეპითეტები, რომელთა ტირაჟირებისაგან თავს შევიკავებთ.

32-ე გვერდზე, „ასავალ-დასავალის“ ტრადიციული რესპონდენტი „ჯაბა ექიმი“ 13 ივნისის წყალდიდობაზე საუბრისას აცხადებს: „ცხოველთა, მამათმავალთა თუ ლესბოსელთა დამცველები ერთი სექტაა და სწორედ მათი აზრისათვის ანგარიშის გაწევა მიგვიყვანს ყველა უბედურებასა და ტრაგედიამდე!“

გია კორკოტაშვილთან და ლუკა კურტანიძესთან ვრცელ ინტერვიუებს გაზეთი „კვირის ქრონიკაც“ აქვეყნებს. მათი შინაარსი და პათოსიც იგივეა, რაც „ასავალ დასავალში“ იყო.

სიძულვილის ენა „კვირის ქრონიკის“ პირველივე გვერდზე გვხვდება - ერთ-ერთი პუბლიკაციის ანონსში.

განსაკუთრებული აგრესიისა და ზიზღის შემცველია მე-14 გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორის ჰომოფობიური ფრაზები, რომელთა ტირაჟირებისაგან, ასევე, თავს შევიკავებთ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ