07.03.2017
საავტორო სვეტები, პოლიტიკური
სიახლეები, სოციალური თემები, რელიგია, სამართალი - „საქინფორმი"
მკითხველს ამ რუბრიკებს როგორც ქართულ, ისე რუსულ ენაზე სთავაზობს.
გამოცემა გამოირჩევა ანტიდასავლური განწყობების ტირაჟირებით.
სტატიაში „ჰილარი კლინტონი - ლესბოსელი, ფსიქოპათი, ნარკომანი და სააკაშვილის უკანასკნელი იმედი: შტრიხები აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის პორტრეტისათვის“ აშშ წარმოჩენილია, როგორც დამპყრობელი, რომელმაც „ჯალალ ედ დინისაგან განსხვავებით უსისხლოდ დაიპყრო საქართველო“: „საერთოდ, რისთვის სჭირდება აშშ-ს ადმინისტრაციას საქართველო? აი, როგორ უპასუხა ამ შეკითხვას ცნობილმა ქართველმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ჭაჭიამ ჯერ კიდევ 2009 წელს, თბილისში კლინტონის ვიზიტამდე: „სამი მიზეზით: მილსადენების, სამხედრო ინფრასტრუქტურის - უპირველეს ყოვლისა, აეროდრომების გამო, ირანთან შესაძლო ომისათვის (რეგიონში ამერიკელებს აეროდრომებს სხვა არავინ დაუთმობს) და რუსეთის სამხრეთით ყოველგვარი ექსცესების ინსპირირებისათვის. აი, ის მომენტები, რომელთა გამო აშშ-ს საქართველო სჭირდება.“
იდენტურ განწყობას გამოხატავს სტატია „საქინფორმის მთავარი რედაქტორი გულწრფელად თანაუგრძნობს ამერიკელ ხალხს“ , რომელშიც ვკითხულობთ: „სამაგიეროდ, შემიძლია საქართველოში აშშ-ს „რბილი ძალა“ და საინფორმაციო ომი გიჩვენოთ - პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის 90%, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე დაკავებული არიან ცრუ ანტირუსული პროპაგანდით აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) და სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით, რისთვისაც ასობით მილიონ დოლარს იღებენ ამერიკული ინსტიტუტებისა და ფონდების ხაზით. სწორედ მათ, და არა რუსებმა, გააღვივეს საქართველოში ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობა, იმიტომ, რომ ქართველ ხალხს სურს რუსეთთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გაგრძელება, ისინი კი ძალით გვექაჩებიან ნატოში, ცდილობენ, ჰომოსექსუალიზმს და ერთსქესიან ქორწინებებს მიგვაჩვიონ!“
მასალაში კი “არნო ხიდირბეგიშვილი:
“მე ვიცი საქართველოს პრეზიდენტობის ერთი კანდიდატურა, ვინც აღადგენს
დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან და საზღვრებს გახსნის აფხაზეთსა და
სამხრეთ ოსეთთან” , ვხვდებით შემდეგ წინადადებას: „საქართველო არ არის
ვისიმე სტრატეგიული პარტნიორი იმიტომ, რომ ის არ გახლავთ
დამოუკიდებელი სახელმწიფო. სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველო - აშშ-ის
კოლონიაა, “ბანანის“ წარმონაქმნი, ხოლო აშშ - ზედამხედველი, რომელიც
“მჭიდროდ გვაკვირდება“, როგორც მონებს პლანტაციებში”.
სტატიაში სათაურით, „არნო
ხიდირბეგიშვილი: „One way ticket“, ანუ „მოგზაურობა ევროპაში“ ,
უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი ვიზალიბერალიზაცია: “და რატომ არიან
საქართველოს მოქალაქეები ვალდებული, ევროპაში გაფრენისას, აეროპორტში
მესაზღვრეებს უკან დასაბრუნებელი ბილეთი და ასევე, სასტუმროს ჯავშანი
წარუდგინონ?! იმიტომ, რომ ევროპელებისთვის ქართველები
მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან, რომლებსაც უფლება არა აქვთ,
ბილეთი მხოლოდ ერთი მიმართულებით აიღონ, რათა უკან მაშინ გაფრინდნენ,
როცა მოესურვებათ! რომლებსაც უფლება კი არა აქვთ ევროპაში ჩაფრინდნენ
და საკუთარი გემოვნებით აირჩიონ ოტელი, არამედ წინასწარ ბრმად უნდა
შეარჩიონ – ინტერნეტის მეშვეობით! კიდევ, საქართველოს მოქალაქეებმა
მესაზღვრეს უნდა წარუდგინონ მოწვევა ნათესავებისგან, რათა მესაზღვრემ
ისინი უკან, სახლში არ გამოისტუმროს. ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ ერთი
რამის უფლებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს – ტურისტებად ჩავიდნენ
ევროპაში და იქ ფული დახარჯონ!”
ანალოგიურ დამოკიდებულებას
ვხვდებით მასალაში „ასეთი რამ შეუძლებელია საქართველოში! „მერკელო,
სად ხარ?“ – კიოლნში, ჰამბურგსა და შტუტგარტში ასობით გერმანელი ქალი
გააუპატიურეს (ვიდეო)“ „შესაძლოა, ქართველებმა არ იციან სიტყვა
„გენდერი“, მაგრამ, სამაგიეროდ, ქართველები არ აუპატიურებენ ქალებს
მოედნებსა და ეკლესიების წინ! ქართველების გალანტურობა და რაინდობა,
რომლებიც ყველა ქალს – ქართველს და არაქართველს, ცოლებს, დედებს,
დებს, საყვარლებსა და მეძავებსაც კი - დიდგვაროვანი ქალბატონივით
ეპყრობიან, დიდი ხანია ლეგენდად იქცა, ამიტომ ქართველები კარგად უნდა
დაფიქრდნენ, სანამ ევროკავშირში შევლენ“.
გარდა ანტიდასავლური განწყობებისა,
მრავლად შევხვდებით ჰომოფობიურ ტექსტებსაც: „იმ ქართველების
შთამომავლებს, ვინც 8 საუკუნის წინ რჯულისაგან განდგომას სიკვდილი
არჩია, ახლა გეი-აღლუმებს, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და ევთანაზიას
აგუებენ, რათა ისინი ევროატლანტიკურ სტანდარტებს შეესაბამებოდნენ! იმ
სეირნობისას ჰილარის თანმხლები GEO ხელისუფლების წარმომადგენლები
არწმუნებდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, რომ ისინიც და
ქართველი ხალხიც წინააღმდეგი არ არიან, რომ მათი შთამომავლები
პედერასტები და ლესბოსელები იყვნენ, ოღონდ კი საქართველო ნატოსა და
ევროკავშირში მიიღონ!“
ჰომოფობიური განწყობა იკვეთება
ასევე, ფრაზაში: “არადა, ის, რაც ნამდვილად გადმოსაღებია მენტალური
კატასტროფის ზღვარზე მდგარი ლიბერალური ევროპისგან, არა
ერთსქესიანობის ღირებულებები, გეი–აღლუმები, ინცესტი და ევთანაზიაა,
არამედ თანასწორობა კანონის წინაშე და სასამართლო სისტემა, რომელიც
სჯის პოლიტიკური და სამსახურებრივი მდგომარეობის მიუხედავად! მაგრამ
განა ისეთ ცოდნას ჩამოგვიტანენ ევროპიდან ბანდიტები და მეძავები,
როგორიც თავის დროზე ორბელიანმა ჩამოგვიტანა?!”
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ
მასალებში ასევე მრავლად შევხვდებით ქსენოფობიის გამოვლინებებსაც,
კერძოდ კი თურქოფობიურ გამონათქვამებს, სადაც თურქეთი წარმოჩენილია,
როგორც საქართველოს მტერი და პოტენციური დამპყრობელი. რაც ნათლად
იკვეთება შემდეგ ტექსტებში: “ქართული ოცნება” განზრახ მოკლეს
შიგნიდან, რათა ის წელში არ გამართულიყო და, როგორც მმართველ პარტიას,
ხელი არ შეეშალა თურქული ოცნებისათვის - დაეუფლოს აჭარას ან, იქნებ,
მთელ საქართველოსაც!“
სხვა მასალაში ვკითხულობთ:
„თურქეთი ცალმხრივად გამოვა ყარსის ხელშეკრულებიდან და დაიპყრობს
აჭარას, ასევე, მუსლიმანებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის
რეგიონს. გარდა ამისა, თურქეთი შეეცდება, ნატოს სამხედრო რკინიგზით
"ყარსი-ახალქალაქი-ბაქო" თავისი ჯარი სომხებით კომპაქტურად დასახლებულ
სამცხე-ჯავახეთში შეიყვანოს.“
თურქეთი დამპყრობლად და რუსეთი
„მხსნელად“ არის წარმოჩენილი კიდევ ერთ მასალაში „არნო
ხიდირბეგიშვილი: “თურქეთის დაზვერვა ბათუმში ტერაქტს მოაწყობს და
აჭარის დაცვის საბაბით იქ ჯარს შეიყვანს, რის შემდეგაც რუსეთი ყარსის
ხელშეკრულებას გაწყვეტს” „თურქეთს ცალმხრივად - რუსეთის გარეშე -
ყარსის ხელშეკრულების დენონსირება ასევე არ სურს, სანუკვარ ბათუმში
შესვლას ხომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მეორე მხარის გარანტი -
რუსეთი არ დაანებებს, რომელმაც ბოლო 300 წლის განმავლობაში 30-ჯერ
იომა თურქეთთან და 30-ჯერვე გაიმარჯვა. რუსეთი კი, თურქეთის მხრიდან
მაცდური წინადადებების მიუხედავად, ყარსის ხელშეკრულებიდან არ გამოდის
- მუდმივად ვადას აგრძელებს, თავის გარანტიებს ადასტურებს და
საქართველოს თურქეთის საჯიჯგნად არ ტოვებს“.
მსგავსი განწყობებია მასალაში
:“საიდუმლოდ. თურქეთის რესპუბლიკა. შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ჰათაის პროვინცია” - საქინფორმი თურქეთის დაზვერვას ამხელს”
–„საქინფორმი ვარაუდობს, რომ ქვემოთ მოტანილი დოკუმენტის
გამოქვეყნების შემდეგ ყოველგვარ აზრს კარგავს თურქეთის პრეზიდენტის
რეჯეფ ტაიიპ ერდოღანისა და მისი კლანის თვალთმაქცური მტკიცება, რომ
თურქეთს არ აქვს კავშირი სირიის კონფლიქტთან, რომ თურქეთი ებრძვის
ტერორიზმსა და „ისლამურ სახელმწიფოს“, რომ თურქეთის საზღვრები
ბოევიკების გადაადგილებისთვის, იარაღის, ნავთობის და ნარკოტიკებისა
კონტრაბანდისათვის ჩაკეტილია“.
ვებგვერდ Saqinform.ge-ს ასევე
ცალკე რუბრიკად აქვს გამოყოფილი რელიგია. ამ რუბრიკაში ძირითადი
მასალები ეხება ილია II- ის წირვის შემდგომ ქადაგებებს, მის ვიზიტებს,
ინფორმაციას, მარხვის დაწყებისა თუ დამთავრების და რაიმე პროდუქტის
ხსნილობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ რუბრიკის სახელია „რელიგია“
მასალები ეთმობა მართმადიდებლურ სარწმუნოებასთან დაკავშირებულ
საკითხებს, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს თემა არ არის წარმოჩენილი
პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ რაიმე კონფლიქტურ ჭრილში, რომელიც ხშირად
დგას დღის წესრიგში ჩვენს რეალობაში.
საინფორმაციო სააგენტო
„საქინფორმი“, რომლის ონლაინ პლატფორმაა saqinform.ge, 2010 წელს
დაარსდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად,
მისი რედაქტორია არნო ხიდირბეგიშვილი (არნო ხიდირბეგიშვილის არის 2013
წლის აპრილში დარეგისტრირებული შპს „ქართული საინფორმაციო სააგენტო
საქინფორმის” დირექტორი და მფლობელი). „საქინფორმის” ვებგვერდის
დომენი „ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის
სახელზეა რეგისტრირებული. მედიასაშუალება, ისევე როგორც მათი დომენის
მფლობელი, ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“, „ევრაზიის
ინსტიტუტის“ პარტნიორები არიან. მედიასაშუალების ვებგვერდიდან
გადასვლა შესაძლებელია ევრაზიის ინსტიტუტის ვებგვერდზე „პარტნიორების“
განყოფილებაში განთავსებული სარეკლამო ბანერებით.