29.03.2016
საოკუპაცი ზონის მიმდებარე
ტერტორიიდან მოქალაქეების გატაცება, საოკუპაციო ზოლის გადმოწევა,
პოლიტიკოსთა განცხადებები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, –
ეს არის ის ძირითადი თემები და აქცენტები, რასაც “მოამბე” 20:00
საათზე ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ სთავაზობს მაყურებელს.
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს
კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს
აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ.
მოამბეს იმავე ვალდებულებას
აკისრებს სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პროგრამული
პრიორიტეტების დოკუმენტი, სადაც წერია, რომ საინფორმაციო გამოშვებაში
სხვა საკითხებთან ერთად პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს საქართველოს
ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების ასახვას.
დასაკვირვებლად შერჩეულ ორთვიან
მონაკვეთში (2016 წლის 15 იანვრიდან 15 მარტამდე) მთავარ საინფორმაციო
გამოშვება “მოამბეში”, 20:00 საათზე, ოკუპირებულ ტერიტორიებთან -
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ეთერში 20–მდე მასალა
გავიდა:
გატაცება საოკუპაციო ზოლიდან
პუტინის განცხადება ჩრდილო
კავკასიასა და აფხაზეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობასთან
დაკავშირებით
საოკუპაციო რეჟიმის ინიციატივა –
სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლის ინიციატივა
არაღიარებული ფეხბურთი –
არაღიარებული ქვეყნების მოსფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში სოხუმში
ენერგოკრიზისი აფხაზეთში -
შესაძლოა აფხაზეთი ჩაბნელდეს საოკუპაციო კონტროლი ახალგორში საზღვარზე
- დედა შვილის დასაფლავებაზე არ გაუშვეს (13 თებერვალი, 16:00
მოამბე)
ინტერვიუ ზაქარეიშვილთან
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე
მორიგი უკანონო დაკავება
საოკუპაციო ხაზთან - როგორია ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა
ოკუპირებულ ტერორორიებზე
სოხუმის ციხე-სიმაგრე ქართული
კვალის წაშლის საფრთხის წინაშე
ევროპარლამენტის წევრები
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით ინტერესდებიან
აფხაზეთის ენერგოკრიზისის
მოგვარების გზა - ოფიციალურმა თბილისმა რუსეთიდან ელექტროენერგიის
დამატებითი მოცულობა შეიძინა
ლეონიდ თიბილოვი რუსეთს
საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდის აღიარებას სთხოვს
რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე და სომხეთში საზენიტო შეიარაღების მოდერნიზებას
იწყებს
4 პატიმარი 14-ის სანაცვლოდ -
თბილისმა საოკუპაციო რეჟიმებთან პატიმრები გაცვალა
სოხუმის იზოლატორიდან და ე.წ.
დრანდის ციხიდან გათავისუფლებული მოქალაქეები პატიმრობაში გატარებულ
წლებს "მოამბის" კამერებთან იხსენებენ;
საოკუპაციო ზოლთან რუსი
სამხედროები გამოჩნდნენ
თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ
გალის ოთხმხრივი მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, წელს აღდგება
ოკუპანტების ახალი სამიზნე - რა
ვითარებაა ჯარიაშენში
“მოამბის” ყურადღების ცენტრში
ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ძირითადად, პოლიტიკურად სენსიტიური, ან
კრიმინალთან დაკავშირებული საკითხები ხვდება. ნაკლები ყურადღება
ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური
ყოფისა და ისეთი პრობლემების ასახვას, რასაც ნაკლები პოლიტიკური
დატვირთვა აქვს.
რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ
ოსეთში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, დაკვირვების ორთვიან
პერიოდში მოამბემ დღის გამოშვებებში მოკლე ამბის სახით გაუშვა
ინფორმაცია აფხაზეთში გრიპის ვირუსის გამო კარანტინის გამოცხადების,
სავიზო რეჟიმის შემოღების, აფხაზეთის დე–ფაქტო შს მინისტრის
წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყებისა და სხვა მიმდინარე ამბების
შესახებ. თუმცა, ასეთი ამბები ნაკლებად ხვდება მთავარ საინფორმაციო
გამოშვებაში 20:00 საათზე.
გარდა იმისა, რომ მოამბის მთავარ
გამოშვებაში მხოლოდ მიმდინარე, პოლიტიკურად მგრძნობიარე ამბები ხვდება
ოკუპირებული რეგიონებიდან, არის შემთხვევები, როცა იქ მიმდინარე
მნიშვნელოვანი პროცესები ყურადღების მიღმა რჩება.
მაგალითად, 10 თებერვალს აფხაზეთის
დე-ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს აფხაზეთში აბორტის
აკრძალვის შესახებ. თემა არ გაშუქებულა მთავარ გამოშვებაში, “მოამბეს”
მაყურებლისთვის არ შეუთავაზებია ინფორმაცია, თუ რა გავლენას იქონიებს
ეს ფაქტი აფხაზი ქალების ჯანმრთელობაზე, კონკრეტულად რა წერია ახალ
კანონში და საქართველოს ხელისუფლება ხომ არ გეგმავს რაიმე გამოსავლის
შეთავაზებას.
ასევე, მთავარ საინფორმაციო
გამოშვებაში არ გაშუქდა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მიერ იმ
კანონზე ხელმოწერა, რომელიც კრძალავს დროებითი ცხოვრების ნებართვის
მიცემას აივ/შიდსით ინფიცირებულ პირებზე.
აფხაზურ მედიაში მიმდინარე წლის
თებერვალში ასევე აქტუალური იყო ადგილობრივი მაღალჩინოსნის განცხადება
იმის შესახებ, რომ მათ არ აქვთ ტუბერკულოზით დაავადებული
მოქალაქეებისთვის სამკურნალო რესურსი. დღის მთავარ გამოშვებაში ვერც
ეს ამბავი მოხვდა.
როგორც ორთვიანმა დაკვირვებამ
აჩვენა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დღის მთავარი
საინფრომაციო გამოშვება, მოამბეში, მაყურებელს ნაკლებად სთავაზობს
ინფორმაციასა და ანალიზს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა
სოციალურ-ეკონომიკური ყოფის, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.
“მოამბის” მიერ აქცენტი უფრო მეტად კეთდება ისეთი თემების გაშუქებაზე,
რაც პოლიტიკურ გამოხმაურებასა და ვნებათაღელვას იწვევს
თბილისში.