28.03.2016
მედიაჩეკერმა სახელმწიფო უწყებების
მიერ 2016 წელს სატელევიზიო მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერები
შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ გამგეობები რეგიონული ტელევიზიებისგანაც
ყიდულობენ საინფორმაციო მომსახურებას. ტელევიზიების წარმომადგენელთა
ნაწილი ამბობს, რომ ისინი საინფორმაციოში გასულ სიუჟეტებშიც იღებენ
თანხას.
ქვემო ქართლის ტელე-რადიო
კომპანიამ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში
გაიმარჯვა და მერიასა და საკრებულოს ერთი წლის განმავლობაში
სატელევიზიო მომსახურებას გაუწევს, ამაში კი 180 ათას ლარს აიღებს.
სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ტელევიზიას ევალება:
∙ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის
მერიის და საკრებულოს საქმიანობის ამსახველი სიუჟეტების საინფორმაციო
გამოშვებაში გაშვება;
∙ ტელეკომპანიის საეთერო ბადეში
არსებულ თოკ შოუებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის და
საკრებულოს წარმომადგენლების მიწვევა (პირდაპირი ეთერი ან
ჩანაწერი);
∙ დაკვეთილი სარეკლამო რგოლების
განთავსება საეთერო ბადეში;
∙ შემსყიდველის მოთხოვნის
შემთხვევაში პირდაპირი ჩართვების უზრუნველყოფა დამკვეთის მიერ
ორგანიზებული ღონისძიებებიდან;
∙ ტელეკომპანიის ეთერში,
თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ გასულ გადაცემებში
თვითმმართველობის თანამშრომლების არაქონებრივი უფლებების (პატივი,
ღირსება, საქმიანი რეპუტაცია ან პირადი ინფორმაციის შემლახავი ცნობა)
დაცვა;
ტელევიზიაში არ მალავენ, რომ
საინფორმაციო გამოშვებებში გასულ მასალებსა და ტოკ-შოუებში ფულს
იღებენ.
“ვაშუქებთ, მაგალითად მერი გავიდა
და მოსახლეობას შეხვდა. ვწერთ მერს და ვწერთ კმაყოფილ ან უკმაყოფილო
მოსახლეობას. ძირითადად ასეთია. ასევე ტოკ-შოუში დროს ყიდულობენ და
მოდიან”, - ამბობს ტელევიზიის გენერალური დირექტორი გიორგი
მგალობლიშვილი.
ტელეკომპანია “ეგრისმა” 2016 წელს
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20 ათას ლარიანი ტენდერი
მოიგო.
სატენდერო დოკუმენტაციაში ერთ-ერთ
პირობად ვკითხულობთ: “სატელევიზიო მომსახურეობა უნდა მოხდეს 50
საეთერო გადაცემაზე (პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების გადაღება
დამონტაჟება და გაშუქება)” , ასევე ტექნიკურად გამართული პირდაპირი
სატელეფონო ჩართვები და პირდაპირი ეთერი. არხის დირექტორი მერაბ
ჩიქობავა ამბობს, რომ გამგეობამ ამ ტენდერით საინფორმაციო გამოშვებაში
სიუჟეტების გაშვებაც შეისყიდა.
“ვაშუქებთ რაღაც-რაღაცებს რაც
ხდება სენაკში, საინფორმაციოში სიუჟეტებს ვაკეთებთ. ყველანაირი
სიუჟეტი შეიძლება იყოს. მაგალითად, გზები რომ კეთდება, ახალი რამე რომ
გაიხსნება, სტუმარი ჩამოვა და ა.შ. საინფორმაციოში ვუშვებ და ისედაც
ვუშვებ, თვითონ აკეთებენ, თავისი გადაცემები მოაქვთ”,- ამბობს ჩვენთან
საუბარში ჩიქობავა.
რა წერია კანონში
კანონში მაუწყებლობის შესახებ
ვკითხულობთ (66-ე პრიმა მუხლი):
1.“აკრძალულია ადმინისტრაციული
ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო
მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების
შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში
გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”.
2.ადმინისტრაციული ორგანო
უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის
განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის
ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის
განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის
გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს
გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით.
ამავე კანონის 63. 17 მუხლის
მიხედვით, აკრძალულია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში რაიმე
პროდუქტის ან მომსახურების რეკლამირება.
საკითხის რეგულირება საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (GNCC) ევალება. ჩვენ GNCC-ის
მივმართეთ კითხვებით, თუ შეუსწავლიათ სატელევიზიო მომსახურების
შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერები და სტატიაში მოყვანილი
რამდენიმე სატენდერო წინადადებაც გავუგზავნეთ. GNCC-ში განგვიცხადეს,
რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით დაუშვებელია
საინფორმაციო გამოშვებების და საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემების
ნებისმიერი ფორმით დაფინანსება მესამე პირების მიერ. კომისია
შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და მოგვიანებით გააკეთებს უფრო ვრცელ
განმარტებას. მედიაჩეკერი GNCC-ის უფრო დეტალურ პასუხს მიღებისთანავე
გამოაქვეყნებს.
თავად ტელეკომპანიების
წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ისინი კანონს არ არღვევენ. გიორგი
მგალობლიშვილის თქმით “ეს სხვანაირად განიმარტება. სიუჟეტები ხან არის
სარეკლამო და ხან არა. თქვენი თვალით ნახეთ ჩვენი საინფორმაციო და
მიხვდებით. კანონი არ ირღვევა”.
“მე ტენდერში გავიმარჯვე. რა
დარღვევაა, თუ საინფორმაციოში არ გავუშვით, რა გამოვიდა მაშინ. მარტო
რეკლამებზე უნდა ვიყო?! ყველა ტელევიზიაში ასეა”, - გვიხსნის მერაბ
ჩიქობავა.
ეთიკური საკითხები
ტელეკომპანიების წარმომადგენლები
ადასტურებენ, რომ სატენდერო პირობების ფარგლებში საინფორმაციო
გამოშვებაში ან ტოკ-შოუში გასულ მასალას მინიშნება იმის შესახებ, რომ
ის სარედაქციო მასალა არაა და მომზადებულია სატენდერო პირობების
ფარგლებში, არ აქვს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
სამაუწყებლო კომპანია “ბოლნელისგან” წელიწადში 38 ათას ლარად დროს
ყიდულობს, რომ მოსახლეობას ანგარიში ჩააბაროს. როგორც ტელევიზიის
დირექტორი ოლეგ უგრეხელიძე ამბობს, გადაცემას წამყვანად ჟურნალისტიც
ჰყავს და ეთერში მოსახლეობაც რეკავს. თუმცა ის, რომ გადაცემას
მუნიციპალიტეტი აფინანსებს, არსად აწერია.
“გამგეობას აქვს გრაფიკი ყოველ
თვეში ვინ უნდა მოვიდეს. ეს გადაცემა ემსახურება იმას, რომ
მოსახლეობას ინფორმაციას აძლევს თვითმმართველობის მიერ გაწეული
მუშაობის შესახებ.
ტენდერს ვინც იგებს, ის არ არის
ვალდებული მიაწეროს, რომ მუნიციპალიტეტის დაფინანსებულია. გზებზე რომ
იგებენ ტენდერს, ის აწერს რომ დაფინანსებულია მუნიციპალიტეტის მიერო?”
– ამბობს ტელევიზიის დირექტორი.
ტელეკომპანია “მეგატივიმ” ხონის
მუნიციპალიტეტისგან 20 ათასლარიანი ტენდერი მოიგო, მათ შორისაა
გადაცემის ეთერში გაშვება. გადაცემა ეთერში ჯერ არ გაუშვით, მაგრამ
ფიქრობენ, რომ რამდენიმე სიუჟეტი იქნება, რომელსაც ცალკე დრო
გამოეყოფა და “თვითმმართველობის საათი” ან მსგავსი სახელი ერქმევა.
გადაცემას ტელევიზიის ტექნიკით თვითონ მუნიციპალიტეტი
მოამზადებს.
“ჩვენ პროდუქტს აწერია წელი და
“მეგატივი”, ხოლო იმას სავარაუდოდ ეწერება “წელი და თვითმმართველობა”,
- ამბობს ნანა თოშხუა, კომპანიის მენეჯერი. კითხვაზე, იქნება თუ არა
ეს საკმარისი იმისთვის, რომ მაყურებელმა გაიგოს გადაცემის
თვითმმართველობის მიერ დაფინანსების შესახებ, ამბობს, რომ ჯერ
გადაცემა ეთერში არ გასულა და შეიძლება მიაწერონ კიდეც, რომ
თვითმმართველობის მიერაა დაფინანსებული.
მედიაჩეკერი ამ საკითხზე ადრეც
წერდა: რა განსხვავებაა რეკლამასა და სარედაქციო მასალას შორის?
რეკლამაში რედაქცია ფულს იღებს და შესაბამისად, ეთიკური სტანდარტების
მიხედვით, მკითხველს უნდა აცნობდეს, რომ ამ მასალაში ფული აქვს
აღებული. ხოლო სარედაქციო მასალა არის ის მასალა, რომელზეც რედაქცია
მუშაობს, დეტალურად ამოწმებს მის სისწორეს, სიზუსტეს და აქვეყნებს არა
იმიტომ, რომ ვინმემ ფული გადაუხადა, არამედ იმიტომ, რომ მიიჩნევს
საჭიროდ და მნიშვნელოვნად. როცა მედიასაშუალება აქვეყნებს მასალას,
რომელსაც არ აქვს მითითება, რომ ის დაფინანსებულია, ან რეკლამაა, ან
მომზადებულია რომელიმე უწყებასთან/კომპანიასთან ხელშეკრულების
ფარგლებში, მკითხველს ლოგიკურად აქვს მოლოდინი, რომ მასალა
სარედაქციოა, შესაბამისად, მას გავლილი აქვს ყველა ის სარედაქციო
ფილტრი (ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება და ა.შ.) რასაც
ჩვეულებრივ ნებისმიერი ტიპის ჟურნალისტური პროდუქტი უნდა
გადიოდეს.
ამავე თემაზე: მრავალათასიანი
კონტრაქები ინტერნეტმედიას ხელისუფლებისგან