18.05.2016
შალვა რამიშვილმა საბჭოს განცხადებით მიმართა. რამიშვილის თქმით, 2015 წლის დეკემბერში მასსა და გიორგი ბახტაძეს შორის Viber-ის მეშვეობით კომუნიკაცია შედგა. მიმოწერისას "იმედის" გენერალური დირექტორი რამიშვილს სთხოვდა გადაცემა „პოლიტიკის“ 18 დეკემბრის გამოშვებაში, რომლის თემაც ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნა იყო, მიეწვია ბახტაძის მიერ მითითებული სტუმრები. განმცხადებელმა საბჭოს ზემოთ აღნიშნული მიმოწერა წარუდგინა, მისი ავთენტურობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია გიორგი ბახტაძის მხარეს.
როგორც რამიშვილმა საქმის განხილვისას აღნიშნა, მას დაგეგმილი ჰქონდა გადაცემა „პოლიტიკაში“ ლევან მურუსიძის მოწვევა და ასევე სურდა, რომ გადაცემაში მონაწილეობა მიეღოთ მის ოპონენტებსაც. მიმოწერის მიხედვით, ოპონენტების შერჩევის პროცესში ჩაერთო გიორგი ბახტაძე, რომელიც სთხოვდა შალვა რამიშვილს, ოპონენტების სახით მოეწვია მოქმედი მოსამართლეები ტყავაძე, გვრიტიშვილი, ალანია და გაბინაშვილი.
„შალვა რამიშვილის დამაზუსტებელ კითხვაზე, დაუპირისპირდებიან თუ არა ეს მოსამართლეები ლევან მურუსიძეს, გიორგი ბახტაძე პასუხობს, რომ „დაუპირისპირდებიან“, - ვკითხულობთ საბჭოს გადაწყვეტილებაში. შალვა რამიშვილის თქმით, ამის შემდეგ ის დაუკავშირდა მითითებულ მოსამართლეებს და დაადგინა, რომ მოსამართლეები არ იყვნენ ლევან მურუსიძის რეალური ოპონენტები, შესაბამისად, ჟურნალისტი არ დაეთანხმა გიორგი ბახტაძეს, რომ მოეწვია მოსამართლეები ტყავაძე, გვრიტიშვილი, ალანია და გაბინაშვილი.
„ამის შემდეგ, გიორგი ბახტაძე მოთხოვნის ფორმით სწერს შალვა რამიშვილს „მოსამართლეები დაიბარეთ, ვინც მოგწერეთ, ესენი დაუპირისპირდებიან“, ამ მესიჯით ცალსახაა, რომ გიორგი ბახტაძე ცდილობს, ჩაერიოს ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობაში“ - აღნიშნავს საბჭო თავის გადაწყვეტილებაში.
საბჭოს პოზიციით სწორედ დავალდებულების ხასიათს ატარებდა გიორგი ბახტაძის შეტყობინებები: “გიორგი ბახტაძე კატეგორიული ტონით უთითებს შალვა რამიშვილს, რომ „[მოიწვიეთ] ერთი სიიდან [იგულისხმება მოსამართლეთა სია] ერთი ოპონენტი“ „ოკ. დაუსვით რეალური ოპონენტი და ერთი ამ სიიდან. ეს შეტყობინებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გიორგი ბახტაძის მიერ მითითებული მოსამართლეები რეალურად არ იყვნენ ლევან მურუსიძის ოპონენტები. მიმოწერის თანახმად გიორგი ბახტაძეს შეუძლია უზრუნველყოს, რომ მის მიერ მითითებულმა მოსამართლემ დაუსვას ლევან მურუსიძეს ის კითხვები, რომლებიც შალვა რამიშვილს სურს – „მითხარი ვინ [იგულისხმება მოსამართლე] გინდა და ექნება [იგულისხმება კრიტიკული კითხვა]“.
საქმის განხილვისას ბახტაძის წარმომადგენელმა მიმოწერასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი და მისი პოზიციით, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, რომ გიორგი ბახტაძე გარდა გენერალური დირექტორის პოზიციისა, ასევე ითავსებდა მთავარი რედაქტორის მოვალეობებსაც და მონაწილეობას იღებდა გადაცემების დაგეგმვაში. ფაქტი დაადასტურა შალვა რამიშვილმაც, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მანამდე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და გადაცემები იგეგმებოდა მხოლოდ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
საბჭოს აზრით, ბახტაძისათვის ცნობილი იყო, რომ მის მიერ დასახელებული პირები არ იყვნენ ლევან მურუსიძის რეალური „ოპონენტები“, „მაგრამ იგი არაერთგზის მიუთითებდა შალვა რამიშვილს, რომ სწორედ ეს მოსამართლეები მოეწვია, რითაც არა მარტო ზეწოლას ახდენდა შალვა რამიშვილზე, არამედ წინასწარ განზრახვით მაყურებელს სთავაზობდა ხელოვნურ დებატებს, რომლის უკანაც რეალური დაპირისპირება არ იდგა“.
ქარტიის საბჭომ ამავე გადაწყვეტილებაში იმსჯელა შალვა რამიშვილის ქმედებების შესახებაც და აღნიშნა: „მართალია, შალვა რამიშვილი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა დაკვეთით რესპოდენტების მოწვევას, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაექვემდებარა ზეწოლას და მაყურებელს შესთავაზა ხელოვნური დებატები და შეიყვანა შეცდომაში როგორც მაყურებლები, ისე თანაწამყვანი თეონა გეგელია [რომლისთვისაც არ იყო ცნობილი, რომ მოწვეული მოსამართლეები რეალურად ოპონენტები არ იყვნენ]. ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნებისათვის შალვა რამიშვილი ვალდებული იყო არ დაქვემდებარებოდა ზეწოლის ფაქტს და მის შესახებ დაუყოვნებლივ და საჯაროდ განეცხადებინა“.