30.06.2016
მედიაჩეკერი ბოლო ოთხი თვეა (2016, მარტი - ივნისი) აკვირდება „ეპიცენტრს“ და წარმოგიდგენთ გადაცემის თვისებრივ ანალიზსს, სარედაქციო პოლიტიკის მიმოხილვას.
ფოკუსშია ხელისუფლების მიღწევები
მაუწყებლის საიტზე განთავსებული გადაცემის აღწერაში ვკითხულობთ: “გადაცემა "ეპიცენტრი" მაყურებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესების შესახებ. გადაცემის სტუმრები, რომლებიც ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირები არიან, ერთგვარ ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, პასუხობენ წამყვანისა და ფეისბუქის საშუალებით შემოსულ კითხვებს გაწეული და მიმდინარე სამუშაოს შესახებ".
გადაცემა ძირითადად სტუდიური ინტერვიუს ფორმატში მიმდინარეობს, მაყურებელი კი ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესების შესახებ "ამომწურავ ინფორმაციას" უშუალოდ ხელისუფლების პირველი პირებისგან იღებს.
მაგალითად, 16 აპრილს „ეპიცენტრის" სტუმარი იყო პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული , რომელმაც მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებული უფასო სერვისის სიკეთეებზე 48 წუთის განმავლობაში ისაუბრა. გადაცემაში არ გაანალიზებულა ის ხარვეზები და უარყოფითი შედეგები, რაც გასულ წლებში ჩატარებულ მიწის რეფორმას ახლდა თან, ყურადღება არ გამახვილდა არც იმ შენიშვნებზე, რომლებიც ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის თაობაზე გამოთქვა.
7 მაისს გადაცემის სტუმარი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი იყო. მინისტრის მოადგილემ 43 წუთის განმავლობაში მთავრობის მიერ დაანონსებული დამწყები ბიზნესის დაფინანსების პროგრამის და პროექტის - “აწარმოე საქართველოში” მიღწევებზე ისაუბრა.
21 მაისს კი გადაცემას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი სტუმრობდა. გადაცემაში, რომელიც 43 წუთი გაგრძელდა და რომლის მთავარი თემაც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა იყო, წამყვანს მინისტრის მოადგილისთვის არც ერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამს. პირიქით, მისი კითხვა ისეა ფორმულირებული, რომ შს მინისტრის მოადგილემ აქცენტი სწორედ მიღწევებზე გააკეთოს: “ახლა ძირითად შეკითხვებზე გადავიდეთ, რომელიც უფრო გლობალური, ასე ვთქვათ, ხასიათისაა. იმ გამოწვევების, ასე ვთქვათ, წინაშე მდგარი ცივილიზებული სამყარო, რომლის მომსწრეებიც ჩვენ ვართ და საკმაოდ ისეთი რისკებია დღეს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია პრევენცია დანაშაულისა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გლობალიზაციის მიმართ გადადგმული ის ნაბიჯები, რომლებიც საერთაშორისო პოლიციურ თანამშრომლობას გულისხმობს. ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ საქართველოსძალისხმევას სწორედ აი, ასეთი ურთიერთობების ჩართულობაზე და აგრეთვე იმაზე, რომ ფაქტიურად ის მოთხოვნები, რომლებიც არის ასეთი თანამშრომლობისათვის, თითქმის შესრულებულია. მე მაინტერესებს, რა საკანონმდებლო და ინსტიტუციური ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ ასეთი დადებითი შეფასება დაგვემსახურებინა?”(სტილი დაცულია)
წამყვანი არ აკონკრეტებს, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებენ დადებითად საქართველოს შსს-ს საქმიანობას, რა კრიტერიუმები უდევს საფუძვლად მათ შეფასებას, ან არის თუ არა ამავე ორგანიზაციების შეფასებებში საუბარი შსს-ს საქმიანობის სუსტ მხარეებზე.
ზოგადად, გადაცემებში არ ჩანს, რომ პროდიუსერებისა და ჟურნალისტების გუნდი, რომელიც მის მომზადებაზე მუშაობს, გადაცემის თემას სიღრმისეულად სწავლობს. “ეპიცენტრი” არ იყენებს მულტიმედიურ ჩანართებს და სიუჟეტებს, საიდანაც მაყურებელი ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ ობიექტურ, სტატისტიკური მონაცემებით გაჯერებულ ინფორმაციას მიიღებდა და მოსახლეობის, დარგის ექსპერტთა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა კრიტიკულ და განსხვავებულ შეფასებებსაც მოისმენდა. გადაცემას არ აქვს დინამიკა: წამყვანსა და სტუმარს შორის საუბარი მონოტონური დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს. სტუმარს კი, რომელიც, როგორც წესი, საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია, აქვს უნიკალური შესაძლებლობა, იყოს კომფორტის ზონაში - საკუთარი და იმ უწყების საქმიანობა, სადაც ის მუშაობს, მხოლოდ დადებითი კუთხით წარმოაჩინოს და სასურველ თემასა და საკითხზე კრიტიკული კითხვებისა და კონტრარგუმენტების გარეშე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ისაუბროს. მკაცრად განსაზღვრული და დადგენილი ფორმატის არარსებობის პირობებში კი დრო ამ გადაცემას ნამდვილად ბევრი აქვს.
ფორმატი
"ეპიცენტრის" ქრონომეტრაჟი ხან 43 წუთია, ხან კი 1 საათი და 23 წუთი. სტუდიაში ზოგჯერ ერთი სტუმარია მიწვეული, ზოგჯერ - რამდენიმე. “ეპიცენტრს” ხან ერთი წამყვანი ჰყავს, ხან კი წამყვანიც და თანაწამყვანიც, რომლის ერთადერთი ფუნქციაც სტუდიაში მიწვეული სტუმრისთვის გადაცემის ფეისბუკგვერდზე შესული კითხვების დასმაა. გადაცემა ხან ტოკშოუს ფომრატისაა, ხან კი სტუდიური ინტერვიუსი.
“ეპიცენტრის” აღწერაში აღნიშნულია, რომ გადაცემა “ასევე ითავსებს სტუდიური დისკუსიის ფორმატს ქვეყანასა და მსოფლიოში განვითარებულ განსაკუთრებულ მოვლენებზე (კატასტროფები, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მოსალოდნელი საფრთხეები, ღირშესანიშნავი თარიღები)". დისკუსიაში მონაწილე სტუმრები კი "გადაცემის თემასთან თანამდებობრივად დაკავშირებული და, ზოგადად, საკითხის საფუძვლიანად მცოდნე პირები” არიან. თუმცა სტუდიური დისკუსიის ფორმატში იყო განხილული ისეთი თემები, როგორებიცაა: "ეთნიკური უმცირესობების სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობა" და "სახელმწიფო ენის არასათანადო ცოდნა - რეალობა, რომელიც საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერგო". არც ერთი ეს თემა კი გადაცემის აღწერაში მითითებულ “განსაკუთრებულ მოვლენას” არ წარმოადგენს.
წამყვანის კითხვები
გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე “გამორჩეული” და სახასიათო ნიშანი წამყვანის მიერ დასმული კითხვებია, რომლებიც ხშირად ძალიან გრძელი და დაულაგებელია. მაგალითად, 12 მარტის გადაცემაში, რომლის მთავარი თემა იყო - “სად გადის საქართველოს უსაფრთხოების წითელი ხაზები?!”, სტუმრად მიწვეულ პარლამენტარს, ირაკლი სესიაშვილს, წამყვანი ასეთ კითხვას უსვამს: "ბუნებრივია, ჩვენს საუბარს გუშინდელი ფაქტის, ასე ვთქვათ, შესახებ საუბრით დავიწყებთ. იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი, ასე ვთქვათ, წითელი ხაზი სწორედ ინტერნეტზე გადის, რადგანაც ინტერნეტი ეს ის სივრცეა, სადაც შეიძლება ისეთი მასალა გამოქვეყნდეს, რომელმაც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, რყევები გამოიწვიოს ჩვენს საზოგადოებაში. როგორც ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტიურად, ჩვენ ვაცნობეთ, საზოგადოებას, რომ ეგრეთ წოდებული კასრების ფაილები განადგურებულია, აქა თუ იქ, მაინც ჩნდება ხოლმე აქედან, ასე ვთქვათ, ამოღებული ვიდეო ან ვიდეოს შინაარსი. რამდენადაც ვიცი, პროკურატურა უკვე მოკვლევას აწარმოებს ერთ-ერთ ასეთ ფაილზე. გუშინ კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, რომელმაც დიდი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. პირადად მე არ მინახავს, რადგან ჩემი პრინციპია: ასეთი ტიპის ვიდეოს არ ვნახულობ, არ ვხსნი არასოდეს. მაინტერესებს თქვენი აზრი, საიდან მოდის ეს ფაილები, რა დანიშნულება აქვს, რას ისახავენ მიზნად და როგორ უნდა აღვუდგეთ ამას ყველაფერს წინ?" (სტილი დაცულია)
წამყვანის კითხვა ხშირად შეფასებებსაც შეიცავს. მაგალითად, იმავე გადაცემაში წამყვანი ირაკლი სესიაშვილს ეკითხება: “ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ამ ბოლო დროს თავისუფალი დემოკრატები სამიზნე. ფაქტიურად, ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი, რომელიც გახსნილად გამოაცხადა ხელისუფლებამ, დაჭერილია შემსრულებელი, თუმცა თავისუფალი დემოკრატები თვლიან, რომ საქმე გახსნილად გამოცხადდება მაშინ, როცა დამკვეთს მიაკვლევენ. ფაქტიურად, თავისუფალი დემოკრატები, ალბათ, მომავალ არჩევნებზე ხმებს უფრო “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაიყოფენ, ხომ სწორია? იმიტომ, რომ ისე ლაგდება, ასე ვთქვათ, საარჩევნო რუკა. ისინი კონკურენტები უფრო “ნაციონალური მოძრაობისა” იქნებიან და იმ, ასე ვთქვათ, სეგმენტისა, რომელიც ოპოზიციური პარტიებისთვის იქნება ამ არჩევნებზე განკუთვნილი. ამიტომ, ფაქტიურად, ალბათ, საჭიროა კარგი ანალიზი: ვის უნდა აწყობდეს დღეს თავისუფალი დემოკრატების დისკრედიტაცია. იმიტომ, რომ, თუნდაც, ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებული საქმე, ამბობენ, რომ ეს პირადია, შეიძლება, ეს მართლაც პირადია, მაგრამ ეს უკვე რაღაცა ტიპის დისკრედიტაციაა, ხომ სწორია? თქვენ, მაინტერესებს, აი, ასეთი ანალიზიც რომ გავაკეთოთ, ვის უნდა აწყობდეს დღეს თავისუფალი დემოკრატების დისკრედიტაცია?” (სტილი დაცულია) ფაქტობრივად, წამყვანი ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას მის დისკრედიტაციად აფასებს და აქვე მინიშნებას აკეთებს, რომ ამ თავდასხმის უკან, შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობა” იდგეს. თუმცა რა არგუმენტები დგას მისი შეფასების უკან, არ ჩანს.
კითხვა ხშირად ძალიან ზოგადია და რჩება შთაბეჭდილება, რომ წამყვანი შეკითხვებს გადაცემის ჩაწერამდე რამდენიმე წუთით ადრე ამზადებს. მაგალითად, 28 მაისის გადაცემაში, რომლის თემა იყო - "CHECK IN GEORGIA - ძვირადღირებული პროექტი თუ გზამკვლევი ტურისტებისა და უცხოელი ინვესტორებისთვის", წამყვანი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს ეკითხება: "კულტურა ეს არის ის, რისი ექსპორტიც ჩვენ თამამად შეგვიძლია მსოფლიოში. ეს სწორი სტრატეგიით და სწორი, გათვლილი პოლიტიკით, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის დაცვა და მე მაინტერესებს, დავუშვათ, რა არის კულტურის სტრატეგიაში თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული სწორედ იმ კულტურული ძეგლების მიმართულებით, რომელიც დასაცავია და სამწუხაროდ, არის ასეთები, რომლებიც ძალიან დაუყოვნებლივ ყურადღებას მოითხოვს." კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წლიდან მუშაობს კულტურის გრძელვადიანი სტრატეგიის - „კულტურა 2025“ შექმნაზე. წამყვანს შეეძლო, წინასწარ გასცნობოდა სტრატეგიის ბოლო, სამუშაო ვერსიას ( ჯერ არ დაუმტკიცებია მთავრობას) და სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაესვა მინისტრისთვის კითხვები ხელისუფლების და სამინისტროს პრიორიტეტების და მათი მართებულობის შესახებ.
ერთი სიტყვით, გარდა იმისა, რომ გადაცემის ფორმატი აბსოლუტურად გაუგებარი და არეულია, წამყვანი კი, როგორც წესი მოუმზადებელია, ამ გადაცემის მთავარი პრობლემა ისაა, რომ კრიტიკული, საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალური კითხვების დეფიციტი გადაცემაში სტუმრად მოწვეულ ხელისუფლების პირველ პირებს აძლევს საშუალებას, რომ სასურველი რეალობად წარმოაჩინონ. მაყურებელი კი ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესებისა და მოვლენების თაობაზე დაპირებული "ამომწურავი ინფორმაციის" მაგივრად მხოლოდ ცალმხრივ, ხელისუფლების მიერ გაფილტრულ ინფორმაციას იღებს".