20.06.2016
მასალაში ვკითხულობთ, რომ „გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მოახერხა და მოიპოვა გამოძიებისთვის მიცემული მოწმის ჩვენება”. გამოცემამ მკითხველს შესთავაზა ჩვენების ნაწილი, რომელშიც მოწმისა და ბრალდებულის პირადი ცხოვრების დეტალებზეა საუბარი.
მედიაჩეკერი „კვირის პალიტრის“ რედაქტორს, გიორგი კვიტაშვილს, ესაუბრა, ის ფიქრობს, რომ გამოცემამ ჩვენება ყველა ეთიკური და სამართლებრივი ნორმის დაცვით გამოაქვეყნა: „ამ საქმის მიმართ საჯარო ინტერესი ძალიან მაღალია, მას საუკუნის მკვლელობაც კი უწოდეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულის სწორედ ამ ადამიანთან ურთიერთობა იყო მკვლელობის მოტივი. ეს არ იყო დახურულ სხდომაზე მიცემული ჩვენება, ეს იყო გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, საქმეს არ ედო გრიფით საიდუმლო, შესაბამისად, მისი გამოქვეყნების უფლება გვქონდა და გამოვაქვეყნეთ კიდეც, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. თუმცა ჩვენება მნიშვნელოვნად დავარედაქტირეთ, ამოვიღეთ ის ნაწილი, სადაც საუბარი იყო ინტიმურ დეტალებზე და დავტოვეთ მხოლოდ ის, რაც საქმეს ეხებოდა“.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნესტან ლონდარიძის, განმარტებით, სამართლებრივად, თუკი საქმეს გრიფით საიდუმლო არ ადევს, გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებების არგასაჯაროების ვალდებულება მხარეებს არ აქვთ. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენების გასაჯაროებამ სასამართლო სხდომის დახურვას აზრი დაუკარგა:
„ვინაიდან სასამართლო სხდომაზე ამ მოწმის ჩვენება დახურულ სხდომაზე განიხილეს, ეს ნიშნავდა იმას, რომ ჩვენება შეიცავდა ისეთ დეტალებს, რისი საჯარო სხდომაზე განხილვა არ შეიძლებოდა. რადგან გამოძიების ეტაპზე ამ პირის მიერ მიცემული ჩვენება გასაჯაროვდა, სასამართლო სხდომის დახურვამ აზრი დაკარგა”- ამბობს ნესტან ლონდარიძე.
მაგდა პაპიძის საქმის მედიაგაშუქების შესახებ მედიაჩეკერმა მიმოხილვა მოამზადა. მასალაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საკითხების გაშუქებისას არის შემთხვევები, როცა კონკრეტული ინფორმაციის ან ჩვენების გასაჯაროება ჟურნალისტის მხრიდან კანონდარღვევა არ არის, თუმცა კანონის გარდა არსებობს პროფესიული ეთიკაც, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, ეთიკური სტანდარტების შესაბამისად გაფილტროს ინფორმაცია, რომელსაც საქმის შესახებ წყაროებისგან იღებს ან სასამართლო პროცესზე ისმენს.
„ჩვენ დიდხანს მოგვიწია ბრძოლა იმისთვის, რომ სასამართლო მედისთვის ღია ყოფილიყო. მედია არ უნდა იქცეოდეს ისე, რომ აუდიტორიას არწმუნებდეს, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება. ის რაც ახლა ხდება პაპიძის საქმესთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით აფუჭებს მდგომარეობას, არამედ ძალიან ბევრი მიმართულებით დააზიანებს მთლიან პროცესს. თუ მედიამ ვერ დაინახა ზღვარი, რა არის საზოგადოებისთვის საჭირო და რა არის ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო შეიძლება აინტერესებდეს ადამიანს, ეს საფრთხის შემცველია. გასაგებია, რომ მედიას შეუძლია მოიპოვოს საქმის მასალები, მათ შორის დახურული სხდომიდან, თანაც ისე, რომ წყარო არ გაამჟღავნოს, მას ამ უფლებას არავინ ართმევს, მაგრამ ამგვარი ინფორმაციის მოპოვებას ამართლებს ერთადერთი რამ - საჯარო ინტერესი. ოღონდ, საჯარო ინტერესი არამც და არამც არ ნიშნავს ცნობისმოყვარეობას. მედიას ამ ზღვარის გავლება უჭირს" -ამბობს ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი.