01.08.2016
„P.S“ პირველი იყო, რომელმაც ლევან ვარშალომიძის საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა. 17 წუთიან მასალაში ვარშალომიძე სამომავლო გეგმებზე საუბრობდა და აკრიტიკებდა ამჟამინდელ მთავრობას. მაგალითად, მან ბათუმის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ არ დაანებეს მთავრობას, ბულვარზე მშენებლობა დაეწყოთ. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ახალმა მთავრობამ ძველი მთავრობის პროექტების დიდი ნაწილი გააჩერა, ერთადერთი - კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც ხალხს სარგებელი არ აქვს.
ჟურნალისტს ინტერვიუ აქვს ჩაწერილი მიხეილ სააკაშვილთანაც, სადაც მას ფურცელი უჭირავს და ამბობს, რომ მასზე ახალი მთავრობის მიერ გაჩერებული პროექტები აქვს ჩამოწერილი. ჟურნალისტი ტექსტში ამბობს, რომ ხალხმა, დაახლოებით, 300 მილიონი დაკარგა, რასაც ისინი, პროექტების გაგრძელების შემთხვევაში, ხელფასის სახით მიიღებდნენ.
რეპორტაჟის ბოლოს ბათუმში ბოლო წლების განმავლობაში გაკეთებული ინფრასტრუქტურისა და შენობების კოლაჟი გადის, რომელსაც ჟურნალისტის შემდეგი ტექსტი ადევს:
„ეს XXI საუკუნის ცათამბჯენები ახალ ბათუმში და XIX საუკუნის სტილის შენობები ქალაქის ძველ ნაწილში, სააკაშვილის პრეზიდენტობის და ვარშალომიძის მმართველობის დროს აშენდა, ბათუმი კი ქვეყნის კულტურული ცხოვრების ეპიცენტრად გადაიქცა. თუმცა ამის მიუხედავად, 2012 წელს ხალხმა არჩევნებზე, ნაციონალურ მოძრაობას ზურგი აქცია და პოლიტიკური წითელი ბარათი უჩვენა“.
ლევან ვარშალომიძე 2 ივლისს, „შაბათის კურიერშიც“ ჩნდება. წამყვანი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური საქართველოში 3 ივლისს უნდა ჩამოვიდეს და არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სამშობლოში დაბრუნებული ვარშალომიძის დაკავება იგეგმება. სატელეფონო ჩართვაში ვარშალომიძე აცხადებს, რომ „აჭარის დაპაუზება უნდა დასრულდეს“. ის ასევე, არ გამორიცხავს, რომ ბათუმის აბანოების გასხვისების საქმესა და სხვადსხვა საკითხზე, რაზეც ბათუმის პროკურატურაში სიარული ხშირად უწევდა, კიდევ ერთხელ დაკითხონ.
მომდევნო მასალა „P.S-მ“ მეორე დღეს, 3 ივლისს მოამზადა. ამ დღეს ლევან ვარშალომიძე, სარფის გავლით, საქართველოში დაბრუნდა. კადრ-სინქრონში, რომლითაც გადაცემა დაიწყო, ჩაწერილი ჰყავთ მოსახლეობა, რომლიც მას საზღვართან ოვაციებით და ტაშით დახვდა. ისინი კომენტარებში ამბობენ, რომ ახალი მთავრობა არაფერს აკეთებს, მშენებლობები გაჩერებულია და ელოდებიან შეჩერებული პროექტების განახლებას. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ვარშალომიძე ბათუმის გაბრწყინების ავტორი იყო, ის ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს და სამართლიანობაც აღდგეს.
ეთერში ასევე გავიდა სანდრა რულოვსის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ვარშალომიძის ჩამოსვლა მისთვის სააკაშვილის დაბრუნების საწინდარია.
კადრ-სინქრონების შემდეგ, ლევან ვარშალომიძე პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სადაც მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აჭარის ამჟამინდელი მთავრობა გააკრიტიკა. საბოლოო ჯამში, ამ გამოშვებაში ვარშალომიძეს 9 წუთზე მეტი დაეთმო.
10 ივლისს “P.S-ში“ აჭარის მთავრობის გადადგომაზე იყო სიუჟეტი. ხაბაძის მმართველობის შეფასებისას, ჟურნალისტი ჰყვება, თუ როგორ მართავდა ის აჭარას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ის ახსენებს, რომ ლევან ვარშალომიძე ბანკი „ქართუს“ აჭარის ფილიალის დირექტორმა ჩაანაცვლა.
სიუჟეტში იმ ხმებზეცაა საუბარი, რომლის მიხედვითაც, ხაბაძის ნაცვლად აჭარის თავმჯდომარეობას არმაზ ახვლედიანს უპირებდნენ. თავად ახვლედიანი ინტერვიუში ამბობს, რომ არჩევანი ლოიალურობის სასარგებლოდ გაკეთდა, რადგან მთავრობაში სჭირდებოდათ ჭური, რომელსაც რასაც ჩასძახებდნენ, იმას ამოსძახებდა. მისივე თქმით, ასეთი ხაბაძე იყო. ახვლედიანმა მთავრობა წლევანდელი ზამთრისთვისაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბათუმის ქუჩების გასაწმენდად ტექნიკა არავის გამოუყვანია.
სხვადასხვა რესპონდენტთან ერთად, სიუჟეტში ლევან ვარშალომიძეც შემოდის. ჟურნალისტი ამბობს:
„ლევან ვარშალომიძე არჩილ ხაბაძეზე არ საუბრობს. ის იმ პროექტებს გვიჩვენებს, რომელიც ხაბაძეს უნდა გაეგრძელებინა და რომელიც აჭარის განვითარებას არ გააჩერებდა.“ ამის შემდეგ, სიუჟეტი გარკვეული ხნით იცვლის მიმართულებას და ლევან ვარშალომიძესა და მის მიერ დაწყებულ და შემდეგ გაჩერებულ პროექტებზე კონცენტრირდება. მათ შორისაა წყალგაყვანილობის სისტემა, რომელიც ბათუმს დატბორვისგან დაიცავდა. კადრზე, რომელშიც ვარშალომიძე ერთ-ერთ დასახლებაში მოსახლეობას ხვდება, ჟურნალისტი ამბობს:
„ახლა ვარშალომიძე დატბორილ ქალაქში მოსახლეობას ხვდება, მთავრობის წევრები კი თბილ კაბინეტებში სხედან“.
19 ივლისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებებით დაინტერესება. როგორც ცნობილია, „სოციალური სახლების პროექტი“ ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლების მიხედვით, პროექტის ფარგლებში პარტიის ერთ-ერთი წევრი, ლევან ვარშალომიძე, ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებდა მენჯისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან. შეთანხმების საფუძველზე ის იღებდა ვალდებულებას, რომ ბათუმში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას მრავალბინიანი მშენებლობის დასრულების შემდეგ, დასახლებაში მცხოვრებ პირებს ბინებს უსასყიდლოდ გადასცემდა. TI-ში ამბობენ, რომ ხელშეკრულებაში არაა მითითებული, რა წყაროდან დაფინანსდა პროექტი. ამავე დღეს, „კურიერის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, თემას 1.14 წუთი დაეთმო და მეორე ბლოკის ბოლოს, კადრ-სინქრონად გავიდა.
რაც შეეხება სხვა არხების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ლევან ვარშალომიძის გაშუქებას, მედიასაშუალებები საარჩევნო სუბიექტთან დაკავშირებით დღის ამბებს მიყვებოდნენ კადრ-სინქრონებისა და მოკლე სიუჟეტების სახით. მასალები ძირითადად, მშრალი, საინფორმაციო ტიპის იყო.
/media/1001663/2018/03/05/0d84912495ca78abee0d3b7c91caad8e.jpg