როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა
22.07.2016
რუსეთის ხელისუფლება თავისი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების შესანახად ყოველწლიურად მინიმუმ 1 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს – ეს ოფიციალურად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რეალურად, თანხა გაცილებით მაღალია. ამ ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის შიგნით თითქმის ყველა ძირითად ტელეარხს, გაზეთსა და ონლაინ გამოცემას ფლობს, ასევე, ის აფინანსებს ისეთ პროპაგანდისტულ საერთაშორისო მედიასაშუალებებს, როგორიცაა ტელეარხი Russia Today და მულტიმედია სააგენტო Sputnik.

Russia Today მსოფლიოს რამდენიმე ენაზე მაუწყებლობს, მათ შორის არაბულად, ესპანურად, ინგლისურად, ფრანგულად. რაც შეეხება სპუტნიკს, ის მსოფლიოს 30–ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიცაა წარმოდგენილი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. რუსული პროპაგანდა გაცილებით მძლავრი და ფესვგადგმულია სხვადასხვა ქვეყანაში, ის მოიცავს ასეულობით ადგილობრივ მედიასაშუალებას, არასამთავრობო ორგანიზიაციას, პოლიტიკურ პარტიასა თუ რელიგიურ ორგანიზაციას. რუსეთის ხელისუფლებას თავისი პროპაგანდის გავრცელების სხვადასხვა მეთოდი აქვს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით.

სანამ რუსული პროპაგანდისტული მანქანა მთელი სიმძლავრით ამოქმედდებოდა უკრაინაში 2014–2015 წლებში, ესტონელები იყვნენ ისინი, რომლებმაც 2007 წელს პირველებმა იგემეს მისი მასშტაბური შემოტევა. ვილარ ვიბელი, ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროგრამის ხელმძღვანელი წერს, რომ ესტონელებმა 2007 წელს ქვეყანაში აიღეს საბჭოთა ჯარისკაცთა მემორიალური ძეგლები, რასაც არნახული შეტევა მოჰყვა რუსეთის მხრიდან. რუსულ მედიაში ხორციელდებოდა პირდაპირი ფსიქოლოგიური ზეწოლა ესტონელებზე, ისმოდა მოწოდებები მათი პროდუქციის ბოიკოტირებისკენ, ასევე, რუსული ვებგვერდები აქვეყნებდნენ ინსტრუქციებს, როგორ განეხორციელებინათ კიბერთავდასხმები ესტონურ საიტებზე. პროპაგანდის საყრდენად რუსეთი აქტიურად იყენებდა ესტონეთის რუსულენოვან მოსახლეობას. ესტონეთში პუტინის ხელისუფლება ახლაც ხარჯავს ფულს თავისი პროპაგანდისტული ინფორმაციის გასავრცელებლად. საპასუხოდ, ესტონურმა მხარემ რუსულენოვანი მოსახლეობისთვის გახსნა რუსული ტელეარხი, თუმცა მისთვის გამოყოფილი თანხა ვერაფრით შეედრება იმ ფინანსებს, რასაც რუსეთი ესტონეთში პროპაგანდისთვის ხარჯავს.

2014–2015 წლებში რუსული პროპაგანდისტული ომი იმდენად ხელშესახები გახდა, განსაკუთრებით უკრაინაში, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის პროპაგანდის წინააღმდეგ სპეციალური სტრატეგიაც კი შეიმუშავა, რაც ამ ქვეყნებში პირველ რიგში, თავისუფალი მედიის მხარდაჭერას და ინფორმაციის რუსულად გავრცელებას გულისხმობს.

რუსეთმა რეალური ომის პარალელურად, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ იმ მასშტაბის პროპაგანდისტული, ტყუილზე დაფუძნებული ომი წამოიწყეს უკრაინის წინააღმდეგ, რომ უკრაინელ ჟურნალისტთა ნაწილი საერთაშორისო დონორების დახმარებით გაერთიანდა და შექმნეს საიტი Stopfake.org. საიტის მიზანი რუსული პროპაგანდისტული ინფორმაციის მხილებაა.

როგორც აღმოჩნდა, რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ცდილობენ უკრაინელი სამხედროების დემონიზებას, მათ ფაშისტებად, სისხლისმსმელებად წარმოჩენას. ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს უკრაინელმა ჯარისკაცებმა ჯვარს აცვეს ბავშვი და ა.შ. Stopfake–ის გუნდი კი, ფაქტების გადამოწმებით ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს, გაანეიტრალოს მსგავსი ინფორმაცია.

მაგალითად, ერთ–ერთი ბოლო მცდარი ამბავი, რომელიც რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, უკრაინის პრეზიდენტს ეხება, თითქოს, გაეროს ტრიბუნალმა პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა.

რუსულმა მედიასაშუალებებმა ასევე დაწერეს, რომ უეფამ უკრაინელი ფეხბურთელები დოპინგის მოხმარებაში ამხილა, თუმცა, Stop Fake-ს უეფადან, რომ ყველა უკრაინელმა ფეხბურთელმა დოპინგ ტესტი წარმატებით ჩააბარა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ რუსული პროპაგანდის ძირითადი გზავნილები ეფუძნება დასავლეთის კრიტიკას, ევროპის შესახებ დაუჯერებელი ამბების გავრცელებას. (მაგალითად, რომ თითქოს ევროპაში ინცესტი და ნეკროფილია დაკანონებულია)

რუსეთის ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის დემოკრატიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის –სიტყვის თავისუფლებისა და თავისუფალი მედიის მნიშვნელობა, და იცის, როგორ გამოიყენოს ეს ღირებულებები სათავისოდ. მათ კარგად იციან, რომ სიტყვის თავისუფლების ქოლგის ქვეშ შეფარებულ პროპაგანდას დემოკრატიული სახელმწიფოები ვერ და არ აკრძალავენ, ასე რომ, რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად ერთადერთ ეფექტურ გზად ფაქტების გადამოწმება და სწორი ინფორმაციის გავრცელება რჩება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ