07.11.2016
მკვეთრად პოზიტიურად გაშუქდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი , „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუშიც“. 7 სექტემბრის გადაცემაში წამყვანი მიხეილ სააკაშვილს ოდესაში ესტუმრა. იქამდე კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის რესპონდენტის მშობლიურ სოფელში ჩავიდა და მოკლე ინტერვიუები მოსახლეობისგან აიღო.
სხვადასხვა კუთხეში გადაღებული კადრები ინტერვიუს განმავლობაში გვიჩვენეს. მოსახლეობა ყოფილ პრეზიდენტს მიმართავს თხოვნით, რომ დაბრუნდეს საქართველოში, ისინი ამბობენ, რომ „საქართველო მიშას გარეშე იღუპება“, რომ „ეს ხელისუფლება ნელ-ნელა გვკლავს“, რომ "მიშა ყველას ენატრება".
მიხეილ საკაშვილი, ფაქტობრივად, მთელი გადაცემის განმავლობაში საუბრობდა იმაზე, თუ რა პროექტები ხორციელდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს და წუხილს გამოთქვმდა, რომ ახლა ეს პროექტები გაჩერებულია. მან დადებით კონტექსტში ისაუბრა მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის, შესახებაც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია.
მართალია, მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, თუმცა აუდიტორიისთვის ის სწორედ ამ პარტიასთანაა ასოცირებული, არის მისი დამფუძნებელი.
ვანო ჯავახიშვილისა და ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემებში სტუმრებად, საანგარიშო პერიოდში სხვა საარჩევნო სუბიექტებიც იყვნენ მიწვეულნი. აღსნიშნავია, რომ ყველა მათგანი თავისი პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებზე საუბრობს, საკუთარი კანდიდატურის რეკლამირებას ეწევა.
14 სექტემბერს „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით უსუფაშვილს დაეთმო. 21 სექტემბერს იმავე გადაცემაში შალვა ნათელაშვილი, 28 სექტემბერს კი სანდრა რულოვსი ვიხილეთ.
რესპონდენტებთან თვითონ აღარ მისულა, თუმცა სტუდიაში არაერთი საარჩევნო სუბიექტი ჰყავდა ვანო ჯავახიშვილსაც: 16 სექტემბერს გადაცემას სტუმრობდა პაატა ბურჭულაძე („სახელმწიფო ხალხისთვის“), იმავე თვის 23 რიცხვში კი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია, რომელიც, სხვა რესპონდენტების მსგავსად, პირდაპირ მოგვიწოდებდა თავისი პარტიის საარჩევნო ნომრის შემოხაზვისაკენ. 30 სექტემბერს გადაცემას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, დავით ბაქრაძეც ეწვია.
პათოსი ყველა გადაცემისთვის საერთოა: ოჯახური სიტუაცია, ახლობლების გარემოცვა, საუბრები ბავშვობაზე, განვლილ ცხოვრებაზე, პოლიტიკურ გეგმებზე, საარჩევნო სიაზე, ოპონენტებზე, არჩევნებზე და პირველ სიყვარულზეც კი.
გასართობ გადაცემებს პოლიტიკოსები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერშიც სტუმრობდნენ. „იმედის დილა" მაყურებელს ახალ რუბრიკას - „არჩევნები 2016-ს“ სთავაზობს. წამყვანმა განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ იმედის დილის შემოქმედებითი გუნდი, ზოგადად, არცთუ ისე ახლოს დგას პოლიტიკასთან,“ მაინც უნდა გაგვაცნონ „ის ადამიანები, ვინც მომდევნო 4 წლის განმავლობაში შესაძლოა განსაზღვროს ჩევნი ქვეყნის კანონმდებლობა, ეკონომიკა და ა.შ.“ „არჩევნების 2016-ს“, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება(სამუშაო სივრცე, სახლი და წინასწარ გაგზავნილი „ბლიც“ შეკითხვები) საანგარიშო პერიოდში სტუმრობდნენ „ქართული ოცნების“, რესპუბლიკური პარტიის, პატრიოტთა ალიანსის, ნაციონალური მოძრაობის, დემოკრატიული მოძრაობის, ეროვნული ფორუმისა და მემარცხე ალიანსის წარმომადგენლები.
კიდევ ერთი გასართობი გადაცემა, რომელშიც სააარჩევნო სუბიექტების ხილვა შეგვეძლო, „ილო ბეროშვილის შოუა“. გადაცემას 25 სექტემბერს „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტრობის კანდიდატი, ლევან ბერძენიშვილი ეწვია. იმავე დღეს იყო გადაცემაში „ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ლილუაშვილი. მანამდე კი, 18 სექტემბერს, „ილო ბეროშვილის შოუში“ მოწვეული იყო ქართული ოცნების კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაზა ხუციშვილი, რომელმაც, დასასრულ, თავისი პარტიის საარჩევნო კლიპის ცნობილი ქართული სიმღერის თანამედროვე ვერსიაც შეასრულა.
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსი,” რომელიც „მაუწყებლობის შესახებ კანონის“ საფუძველზეა მიღებული, შეიცავს მოთხოვნებს არჩევნების გაშუქებისთვის. კერძოდ, 23-ე მუხლის მეხუთე პუნქტით, საარჩევნო სუბიექტის არაპოლიტიკურ გადაცემაში მონაწილეობა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა რესპონდენტი საარჩევნო კანდიდატი არ იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რესპონდენტის სტუმრობაზე შეთანხმება საარჩევნო პერიოდის დადგომამდე შედგა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ რესპონდენტი არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მხოლოდ იმიტომ რომ ის კანდიდატია, მისი ეთერში სტუმრობა არ უნდა ჩაიშალოს, ან გადაიდოს, მიუხედავად იმისა, რომ ქცევის კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტის არაპოლიტიკურ გადაცემაში სტუმრობა დაუშვებელია.
„ნანუკას შოუ“ და „იმედის დილის“ რუბრიკა "არჩევნები 2016" გადაცემის წამყვანების მიერვე, პირდაპირ დაანონსებულია, როგორც "საარჩევნო ფორმატი". წამყვანები ამბობენ, რომ გადაცემების მიზანი პოლიტიკოსების, საარჩევნო სუბიექტების საზოგადოებისთვის წარდგენაა. რაც შეეხება დანარჩენ ორ გადაცემას, სადაც საარჩევნო ფორმატი ასე პირდაპირ დაანონსებული არ არის, ცხადია, კითხვას აჩენს, მოიწვევდნენ თუ არა გადაცემის ავტორები სტუმრად მაგალითად, გიორგი ლილუაშვილს ან ზაზა ხუციშვილს, ისინი საარჩევნო სუბიექტები რომ არ ყოფილიყვნენ?
გარდა ამისა, გასართობ გადაცემებში „კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება, გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება” - ვკითხულობთ ქცევის კოდექსში. ყველა ზემოაღნიშნულ გადაცემაში საარჩევნო სუბიექტები პოლიტიკურ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ და ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ეწეოდნენ საარჩევნო კამპანიას.
მედიასამართლის სპეციალისტი ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ ქცევის კოდექსის ამ მუხლის დაცვა მაუწყებლების მხრიდან აუცილებელია, რათა საარჩევნო სუბიექტები თანაბარ პირობებში გაშუქდნენ: „ამ მუხლის მიზანია, დაიცვას ამომრჩეველი ტენდენციურად მიწოდებული ინფორმაციისაგან, რადგან არაპოლიტიკურ გადაცემებში საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობა თავისთავად გამოკვეთს ტენდენციებს, რომელიც შეიძლება არ იყოს კავშირში პოლიტიკასთან და არჩევნებთან, წამყვანის შეხედულების მიხედვით, დადებითად ან უარყოფითად წარმოჩნდეს საარჩევნო სუბიექტი”.
აღსანიშნავია, რომ არაპოლიტიკურ გადაცემებში საარჩევნო სუბიექტების მოწვევისას ქცევის კოდექსის დაცვისაკენ, მედიასაშუალებებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც მოუწოდებს: „კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით, მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით და გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა იმ პროგრამაში, რომელიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება”.