„ქრონიკის“ სიუჟეტი საეჭვო წყაროზე დაყრდნობით მომზადდა
02.02.2017
"სააკაშვილი მოსამართლეებს აშანტაჟებს?" - უკრაინულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერები” - ასე იყო დასათაურებული 1 თებერვლის „ქრონიკის“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით საყვარელიძის ჩანაწერი, სადაც ჩანდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მოსამართლეებს აშანტაჟებს.

„უმრავლესობის წევრებმა სამართლებრივი რეაგირება მოითხოვეს იმ ჩანაწერზე, რომელიც ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა“ - წამყვანს შესავალ ტექსტში არ დაუზუსტებია, რომელ უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ე.წ. მიმოწერა, ეს საკითხი არც სიუჟეტში დაკონკრეტებულა.



სიუჟეტში დეტალურად მიმოიხილეს ე.წ. ჩანაწერის შინაარსი, შემდეგ ის ჯერ პარლამენტის უმრავლესობის წევრებს, შემდეგ კი ქვეყანაში მოღვაწე ხელოვანს შეაფასებინეს.

პარალამენტის უმრავლესობის წევრებმა საქმის გამოძიება მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ დაუშვებელია, მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდეს.

„მიმოწერის შინაარსს გაეცნენ ხელოვანებიც, მხატვარი შოთა გლურჯიძე მთავრობის არასაკმარის რეაგირებაზე მიუთითებს“ - ამბობს სიუჟეტის ავტორი და შემდეგ, ხელოვანის შეფასებას ვისმენთ. ბუნდოვანი დარჩა, როგორ უკავშირდება სიუჟეტის თემა ხელოვნებას და რატომ ჩათვალეს მისმა ავტორებმა საჭიროდ, მაყურებლისთვის მხატვრის შეფასება შეეთავაზებინათ.

გაუგებარია, რას ეყრდნობა სიუჟეტში მოთხრობილი ამბავი და რატომ გადაწყდა საეჭვო, არასანდო რუსულენოვან საიტზე გამოქვეყნებულ ე.წ. ჩანაწერზე სიუჟეტის მომზადება. სიუჟეტიდანვე ჩანს, რომ ინფორმაციის სიზუსტე სხვა წყაროებით არ დასტურდება.

თავად ინფორმაციის პირველწყარო საიტი Українська революція პერიოდულად აქვეყნებს ხოლმე გარკვეულ ტექსტებს და უთითებს, რომ ესაა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის შემდგარი საუბრების ტრანსკრიპტი. ასეთ ტექსტებს არ ერთვის არც აუდიო ან ვიდეომასალა, რომელიც უფრო სარწმუნოს გახდიდა ინფორმაციას, რომ ტრანსკრიპტი ამა თუ იმ პირის საუბრიდანაა. საიტზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კიდევ ერთი ტექსტის მიხედვით, სააკაშვილი სირიაში იარაღის ვაჭრობითაა დაკავებული.

სტელეკომპანია „იმედს“, ისევე როგორც ქვეყანაში მოქმედ სხვა ყველა მაუწყებელს, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ავალდებულებს ინფორმაციის სანდო წყაროზე დაყრდნობით გავრცელებას.

კოდექსის მუხლი 13:

1.მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე.

2. მაუწყებელი ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ამ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება

მუხლიო 14. 4

არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს პირველწყაროს და საკუთარი ძალისხმევით მოპოვებულ ინფორმაციას. როგორც წესი, მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ