30.01.2017
„კვირის პოლიტ სპექტაკლი მიხეილ სააკაშვილის რეჟისორობით“ - ასე შეფასა წამყვანმა გია ცერცვაძის საქმის გარშემო მიმდინარე პროცესები: „ორი ქვეყნის ჯარისკაცის თავისუფლება პარტიულ ზეიმად იქცა. მეომარი, რომლისთვისაც საზღვრები არ არსებობს და იცავს ყველას, ვისაც რუსეთი უტევს“ - წამყვანის ამ შესავალი ტექსტის შემდეგ ეთერში გია ცერცვაძის საქმის შესახევ ვრცელი სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერიც განცხადებაც მოვისმინეთ:
„ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ (ნაციონალური მოძრაობა), რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ათწლეულობით პერიოდის განმავლობაში დაზიანებაზე, რომელმაც ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციას, რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო და უფრო მეტიც, ისინი გვდებენ ჩვენ ბრალს სამხედროების უპატივისმცელობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ჩახოცეს ციხეში, უფრო მეტიც, რომლებმაც გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან“.
ცერცვაძეზე გასული სიუჟეტის შემდეგ წამყვანი ამბობს: „წარმატებები ორი ქვეყნის ჯარისკაცს გია ცერცვაძეს, ჩვენ კი გავიხსენოთ როგორ ქრებოდნენ მისი კოლეგები რამდენიმე წლის წინანდელ საქართველოში“- ამ ტექსტის შემდეგ კი ვრცელი სიუჟეტი გავიდა, სადაც მოთხრობილი იყო რამდენიმე ყოფილი სამხედრო პირის ისტორია, სიუჟეტის მიხედვით, ისინი ნაციონალური მოძრაობის ხელიუფლებამ დააპატიმრა, აწამა, მოკლა. მოგვიანებით, კიდევ ერთი სიუჟეტი ვანო მერაბიშვილსაც მიეძღვნა, სიუჟეტში მის მიმართ არსებული ბრალდებები და მის სახელთან დაკავშირებული საქმეები დეტალურად მიმოიხილეს.
26 იანვრის ქრონიკაში გასული სიუჟეტის მსგავსად, „იმედის დროს“ სიუჟეტიდანაც გაუგებარი დარჩა, როგორ უკავშირდება გია ცერცვაძის საქმეს ყოფილი სამხედროების საქმეები, რატომ მოხდა მათი განხილვა ცერცვაძის საქმის კონტექსტში, რატომ გადაწყვიტა ტელეკომპანიამ პრემიერის მიერ ოპონენტების მისამართით ნათქვამზე ცალკე სიუჟეტის გაკეთება. ცხადია, ყოფილი სამხედროების საქმეები მნიშვნელოვანია, თუმცა ბუნდოვანი დარჩა, რატომ ჰქონდა მას საინფორმაციო ღირებულება 29 იანვარს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, სიუჟეტის მიზანი, მაყურებელისთვის იმის შეხსენება იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დღეს გია ცერცვაძის საქმის გამო ბრალდებებს ახლანდელ ხელისუფლებას უყენებს, თავად ასე ცუდად ექცეოდა სამხედრო პირებს.
შეგახსენებთ, რომ გია ცერცვაძე15 იანვარს კიევის აეროპორტში დააკავეს. მასზე ძებნა 2016 წელს ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე გამოაცხადა.ცერცვაძე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში.უკრაინის მთავარი პროკურორის გადაწვეტილებით, ცერცვაძე 26 იანვარს გათავისუფლდა. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ცერცვაძის შესახებ ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემაში ადანაშაულებდა.