27.12.2016
ანგარიშის თანახმად, მართალია ბავშვთა საკითხების გაშუქება გაუმჯობესდა, თუმცა მედიაში რიგი საკითხები კვლავაც ზედაპირულადაა განხილული. ბავშვთა საკითხებზე მომზადებული მასალების მხოლოდ 1 % იყო სიღრმისეული.
„მასალების უმეტესობა მხოლოდ რეტროსპექტულად აშუქებს ამბებს და ძირითად შემთხვევაში არ ხდება თემების მოძიება თავად მედიასაშუალებების თუ ჟურნალისტების ინციატივი” - ვკითხულობთ ანგარიშში.
მედიის მიერ ბავშვებთან დაკავშირებით გაშუქებული თემებიდან სჭარბობს განათლება (27%) და კრიმინალი (12%).
ამასთან, ანგარიშში განმარტებულია, რომ განათლებასთან დაკავშირებული მასალების დიდი რიცხვი ძირითადად გამოწვეულია არა განათლების პრობლემის სიღრმისეული გაშუქებით და მედიის განათლებისადმი განსაკუთრებული ინტერესით, „არამედ ახალი ამბების ფორმატით გაშუქებული ისეთი თემებით, როგორიცაა სკოლებში სასწავლო წლის დაწყება/დამთავრება, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება, მინისტრის განცხადებები და აშ“.
„საკითხის ზედაპირულად წარმოჩენის მაგალითებია ბავშვებთან დაკავშირებით კანონპროექტების გაშუქება, რომელიც ძირითადად პოლიტიკოსების დაპირისპირების ჭრილში შუქდება. მედია არ უხსნის აუდიტორიას რა დადებითი ან უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ცვლილებებს“ ვკითხულობთ ანგარიშში.
2015 წლის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით 12-დან 35 პროცენტამდე გაიზარდა იმ მასალების რიცხვი, სადაც ბავშვები თავად საუბრობენ. თუმცა, კვლავაც რჩება ბავშვთა რეპრეზენტაციის პრობლემა, რაც გამოიხატება არასრულწლოვნების, როგორც ინფორმაციის წყაროებად თუ რესპონდენტებად მიზერულ წარმოჩენაში. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მედიაში ბავშვებს სათანადოდ არ ეძლევათ საშუალება, ისაუბრონ სხვადასხვა საკითხზე - მათ ნაცვლად უფროსები საუბრობენ. ყველაზე ხშირად, მედია ბავშვს აზრს ისეთ მასალებში ეკითხება, რომელიც სპორტსა და კულტურას ეხება: „ეს შესაძლოა ამყარებდეს სტერეოტიპს, რომ ბავშვებს აზრი მხოლოდ ე.წ. მსუბუქ თემებზე, კულტურისა და სპორტის სფეროზე, უნდა გამოვათქმევინოთ. ყველაზე ნაკლებად ბავშვები ბავშვთა უფლებების თემატიკაზე მომზადებულ მასალებში ჩანან“.
კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ხშირად, ბავშვები რეკლამისა და ქველმოქმედების ობიექტებად არიან წარმოჩენილნი, ბავშვების გამოყენება პიარ მიზნებისთვის განსაკუთრებით აქტუალური ხდება დღესასწაულებზე: “წელს საპარლამენტო არჩევნებამდე განსაკუთრებით გაძლიერდა ბავშვებთან ერთად პოლიტიკოსების, საარჩევნო კანდიდატების გამოჩენა. უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვების მასობრივი გამოყენება პოლიტიკოსების საქმიანობის, ამომრჩევლებთან შეხვედრის და ა.შ. კონტექსტში არ ყოფილა. თუმცა, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა“.
კვლევის კიდევ ერთი მიგნების მიხედვით, მართალია მედიასაშუალებების მგრძნობელობა ბავშვთა საკითხებისადმი ბოლო პერიოდში გაიზარდა, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ზოგჯერ ზედმეტად ფრთხილობენ და ბავშვების იდენტიფიცირებას ერიდებიან მაშინაც კი, როცა ამის საჭიროება არ არის. მაგალითად, ყოველდღიური თემების გაშუქების დროსაც კი, როდესაც მოსალოდნელი არ არის რაიმე ზიანის მიყენება, ბავშვი ხშირად დაფარულია.
ეთიკის ქარტიის რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ბავშვის დაფარვა მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც იდენტიფიცირების შემდეგ შესაძლებელია მისი მდგომარეობა გაუარესდეს, ეს არის გამონაკლისი შემთხვევა: გადაღების დაგეგმვისას უმჯობესია წინასწარ განსაზღვროთ, საჭიროა თუ არა ბავშვის დაფარვა. თუ რედაქცია იღებს ბავშვის ამ გადაწყვეტილებას, მაშინ აცნობეთ ეს ოპერატორსაც და კადრები შესაბამისად გადაიღეთ - აჩვენეთ ისეთი დეტალები, რაც ერთის მხრივ მის იდენტიფიცირებას არ მოახდენს და მეორეს მხრივ არ დააზარალებს მასალის ვიზუალურ მხარეს, მაგალითად, აჩვენეთ სხვადასხვა დეტალები“ - აღნიშნულია ანგარიშში.
მედიამონიტორინგი გაეროს ბავშვთა ფონდის(იუნისეფის) დახმარებით განხორციელდა. კვლევა მოიცავდა 2016 წლის 1 აპრილიდან 1 დეკემბრამდე ქართულ ბეჭდურ, ონლაინ და სატელევიზიო მედიაში ბავშვთა საკითხებზე მომზადებულ მასალებზე დაკვირვებას და მათ ანალიზსს.